ელგუჯა ხინთიბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხინთიბიძე ელგუჯა)
ელგუჯა ხინთიბიძე
დაბ. თარიღი 7 ივნისი, 1937(1937-06-07) (86 წლის)
დაბ. ადგილი ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფილოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ელგუჯა ხინთიბიძე (დ. 7 ივნისი, 1937) — ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2012), შუა საუკუნეების ფილოსოფიური კვლევების საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილი წევრი (SIEPM)[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელგუჯა ხინთიბიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი.

სხვადასხვა დროს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი (1976-1986); თსუ პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში (1986-1993); თსუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე (2000-2006).

ჟურნალ „ლიტერატურათმცოდნეობის“ რედაქტორი (1976-2004). საერთაშორისო ჟურნალ „გეორგიკის“ რედკოლეგიის წევრი (1978-). საერთაშორისო ორენოვანი (ინგლისური, ქართული) ყოველწლიური ჟურნალის „ქართველოლოგის“[2] დამაარსებელი და რედაქტორი (1993-). "ქართველოლოგიური სკოლის ცენტრისა" და "ქართველოლოგიური სკოლის ფონდის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1992-). საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა-სემინარის დამაარსებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი (1995-). ქართველოლოგიური საერთაშორისო სიმპოზიუმების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.

მისი კვლევის სფეროა შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, განსაკუთრებით - ისეთი სპეციფიკური პრობლემები და დარგები, როგორებიცაა ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობანი, რუსთველოლოგია და წყაროთმცოდნეობა.

"ბიზანტინისტიკის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. ხინთიბიძის მიერ ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების პროცესის მეცნიერული გააზრება და ცალკეული პრობლემების გამოვლენა:

  1. ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის ქართველური წარმომავლობის შესახებ თეორიის ჩამოყალიბება [3][4][5][6]
  2. ბიზანტიური რომანის „ვარლაამ და იოასაფის“ ექვთიმე ათონელის ავტორობის თეორიის ახალი არგუმენტებით მტკიცება [7][8]
  3. „ვარლაამ და იოასაფის“ ქართული და ბერძნული ტექსტების ურთიერთმიმართების შესწავლა [9]
  4. ბერძნული „ვარლაამ და იოასაფის“ შექმნის X საუკუნის დასასრულით დათარიღება[10]

წყაროთმცოდნეობის მიმართულებით აღსანიშნავია საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით გამოვლენილი სიახლეები:

  1. ესპანეთის საარქივო მასალებში ე. ხინთიბიძის მიერ მიგნებულია ქართული მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი XV ს-ის წერილი გამოგზავნილი ესპანელი მონარქების იზაბელ I კასტილიელის და ფერდინანდ II არაგონელის მიერ ქართველი მეფის კონსტანტინე II-ის წერილის პასუხად; უძველესი ევროპული დოკუმენტი გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ; ქართლის მეფის სიმონ პირველის წერილთან დაკავშირებული უცნობი მასალა ესპანეთის სამეფო კარზე [11][12]
  2. ბრიტანეთის მუზეუმში ათონის ორი დაკარგული (XI ს-ის) ქართული ხელნაწერის ფრაგმენტების აღმოჩენა, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, წარმოადგენს გიორგი ათონელის ავტოგრაფს[13][14]
  3. ათონის ქართული წიგნებისა და ხელნაწერების საცავში უცნობი ხელნაწერების გამოვლენა[15]
  4. „გიორგი ათონელის ცხოვრების“ ერთი მონაკვეთის XIII საუკუნეში შესრულებული ქართული მეცნიერებისათვის უცნობი ბერძნული და ლათინური თარგმანის გამოვლენა [16][17][18][19]
  5. XVI ს-ის დამლევს შაჰ-აბას I-ის სამეფო კარზე წარმოთქმული ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვის XVII ს-ის ინგლისში დაბეჭდილი ჩანაწერის გამოვლენა და გამოქვეყნება[20]
  6. საქართველოს შესახებ XV ს-ის დასაწყისის ესპანელი მოგზაურის რუი გონსალეს კლავიხოს ქართული მეცნიერებისათვის უცნობი ჩანაწერების თარგმნა და გამოქვეყნება[21];
  7. ახალი კონცეფცია ქართველთა სახელწოდებების ეტიმოლოგიის შესახებ[22][23]
  8. ქართველ მეცნიერთათვის უცნობი XIII საუკუნის სირიული ჰიმნი თბილისის აოხრების შესახებ[24]
  9. ირანის მთავარსარდალი ალავერდი ხანი უნდილაძის უცნობი სიტყვა შაჰ-აბასის კარზე (ტექსტის გამოქვეყნება)[25]

ვეფხისტყაოსნის საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ე. ხინთიბიძის მიერ ვეფხისტყაოსანი შესწავლილია ცალკეული მხატვრული სახეების, ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინების და უზენაესი არსების სახელების ინტერპრეტირების სახით. ამგვარი კვლევა მოიცავს შემდეგ ძირითად სფეროებს: თეოლოგიური, ფილოსოფიური, ეთიკური, ასტროლოგიური. საგანგებო ინტერპრეტაციის საგანია ვეფხისტყაოსნის უზენაესი არსების სახელები: როგორიცაა ერთარსება ერთი, მზიანი ღამე, უჟამო ჟამი და სხვა[26]. საგანგებოდაა შესწავლილი სქოლასტიკური ტერმინები: ავთანდილი – ლხინი და ნივთი და ვალი.[27]

გამოვლენილია ანტიკური ფილოსოფიური ნაკადი ვეფხისტყაოსანში, კერძოდ: რუსთველის მიერ სულის გვიანდელ შუასაუკუნეებში პოპულარული არისტოტელური დეფინიციის მოხმობა; მეგობრობის კონცეფციის მიმართება არისტოტელესეულ მოძღვრებასთან; ვეფხისტყაოსანში ჩაქსოვილი საუკეთესო საშუალის ანტიკური კონცეფცია, მანკიერების რუსთველისეული გააზრების მიმართება პლატონის თვალსაზრისთან[28].

საგანგებო კვლევები ეძღვნება ადამიანის კონცეფციას ვეფხისტყაოსანში[29]. მეგობრობა, როგორც სიყვარული[30]; ავტორის მიერ ჩამოყალიბებულია ვეფხისტყაოსნის სიყვარულის ახლებური გააზრება: პოემისეული სიყვარული ერთმანეთისგან მკვეთრად არ მიჯნავს ღვთაებრივ და ადამიანურ სიყვარულს[31].

მეცნიერის მიერ გამოვლენილია ვეფხისტყაოსანში მოაზრებული კოსმოლოგიური მოდელი: ღმერთი - > ზეციური ძალები - > ადამიანური სამყარო[32]. ამ მოდელის დასაბუთება ჩანს სპეციფიკურ ნარკვევებში: ვეფხისტყაოსნის კრონოსი, ოტარიდი, მთვარის მოვანება.[33]

ე. ხინთიბიძის მტკიცებით, ვეფხისტყაოსნის მსოფლმხედველობა გვიანდელი შუასაუკუნეების საზოგადოებრივ მსოფლშეგრძნებაში რენესანსული იდეების შემოტანაა, რომელთაგან განსაკუთრებით ღირებულია აქცენტის გადატანა, ემფაზა ადამიანზე. ნდობის გამოცხადება ადამიანური ლოგიკის, ანალიტიკური აზროვნებისადმი. ამ კონცეფციის თვალსაზრისით, რუსთველის მსოფლმხედველობა შუასაუკუნეობრივისა და რენესანსულის იმგვარი ჰარმონიაა, რომლის დონეზეც არ ჩანს შუასაუკუნეობრივის უარყოფა, მასში ჩანს შუასაუკუნეობრივის შევსება ახლით – რენესანსულით.

ე. ხინთიბიძის დასკვნით, „ვეფხისტყაოსანი მისი თანამედროვე და უშუალოდ მომდევნო თუ წინამორბედი დიდი ლიტერატურული ქმნილებებიდან ერთ-ერთი პირველია, რომელიც ყველაზე მეტი გააზრებითა და თანმიმდევრობით გამოკვეთს ახალ მსოფლშეგრძნებას – შუასაუკუნეების ტრანსცენდენტურ მსოფლმხედველობაში მოაზრებულ რომანტიკული შეფერილობის რეალისტურ ხედვას. [34]

ე. ხინთიბიძის აღმოჩენით ვეფხისტყსაოსნის სიუჟეტი გამოყენებულია XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისის დრამატურგთა – უილიამ შექსპირის, ფრენსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მიერ[35]. ვეფხისტყსაოსნის სიუჟეტის გადამუშავებითაა შექმნილი ინგლისის სამეფო დასის XVII საუკუნეში პოპულარული პიესები: შექსპირის ციმბელინი, ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი და მეფე და არა მეფე [36] გამოვლენილია ის სავარაუდო გზაც, რომლითაც უნდა შეღწეულიყო რუსთველის დიდი შემოქმედება შექსპირის ეპოქის ინგლისის მაღალ ინტელექტუალთა წრემდე XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე: სპარსეთის სამეფო კარზე დაწინაურებულ წარმოშობით ქართველ დიდმოხელეთა (კერძოდ, ალავერდი ხანი უნდლაძე) და შაჰ-აბასის ქრისტიან ქართველ ცოლთა თანამშრომლობის წყალობით ინგლისის ინტელექტუალთა დიდ დელეგაციასთან.[37].

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Medieval Georgian Romance The Man in a Panther-Skin and Shakespeare’s Late Plays. Adolf M. Hakkert-Publisher, Amsterdam, 2018
  • ვეფხისტყაოსანი შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში. "საჩინო", თბილისი, 2016.
  • რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და ევროპული ლიტერატურა, ლონდონი, 2011 / Rustaveli's The Man in the Panther Skin and European Literature, "Bennett and Bloom", London 2011
  • ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო. "ქართველოლოგი", თბილისი 2009 / The World View of Rustaveli's Vepkhistqaosani (The Man in the Panther's Skin), Tbilisi 2009
  • ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში. “ქართველოლოგი”, თბ. 2008 (ქართულ და ინგლისურ ენებზე) / The Man in Panther-skin in England in the Age of Shakespeare, Tbilisi 2008
  • ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში. ამსტერდამი 2001; (ინგლისურად); (ქართულად - თბილისი 2003წ.) / Georgian Literature in European Scholarship. Amsterdam, 2001
  • ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია. თბ. 1998, თსუ გამომც. (ქართულ და ინგლისურ ენებზე); / The Designation of the Georgians and their Etymology, Tbilisi University Press, Tbilisi 1998.
  • შუასაუკუნეობრივი და რენესანსული ვეფხისტყაოსანში. თბ. 1993, თბილ. უნივ. გამომც. / Medieval and Renaissance Trends in Rustaveli's Vepkhistqaosani (The Man in the Panther's Skin), Tbilisi 1993
  • ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის. (ქართული გამოცემა, თბილისი 1983წ; რუსული გამოცემა, თბილისი 1991წ); / On the History of Georgian-Byzantine Literary Contacts (ინგლისური გამოცემა, ამსტერდამი, 1996 წ.).
  • "ვარლაამ და იოასაფის" ქართულ და ბერძნულ რედაქციათა მიმართებისათვის. პარიზი, 1976, (ინგლისურად). / Concerning the Relationship of the Georgian and Greek Versions of Barlaam and Ioasaph (English ed. Paris 1976)
  • მსოფლმხედველობითი პრობლემები ვეფხისტყაოსანში. თბ. 1975, თბილისის უნივერსიტეტის გამომც., / Probleme der Weltanschauung im Epos Der Mann im Pantherfell von Schota Rustweli, Tbilisi, 1975.
  • ბასილი კაპადოკიელისამოღვაწეო წიგნის ქართული რედაქციები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბ. 1968 / Probleme Georgiennes De L'asceticon De Basile Le Cappadocien, Tbilisi 1968

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://siepm2022paris.com/
  2. „ქართველოლოგი“
  3. "ერთი კომენტარი ექვთიმე ათონელის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ": ჟურნალი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, XXXI:1, თბ. 1963 (0,5 თაბ. რეზ. რუს.)
  4. "ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები". თსუ გამომცემლობა. თბ. 1989 (რუსულად, 355 გვ.)
  5. "ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები". თსუ გამომც. თბ. 1989 . Adolf Hakkert-Pablishher, ამსტერდამი 1996,(ინგლისურად, 345 გვ.).
  6. "ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის". თსუ გამომც., თბ. 1982, 450 გვ. გვ. 262-372
  7. "ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის". თსუ გამომც., თბ. 1982, 450 გვ. გვ. 262-372
  8. "ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები". თბ. 1989, თსუ გამომც. ამსტერდამი 1996, Adolf Hakkert-Pablishher (ინგლისურად, 345 გვ.). გვ. 192-291
  9. “ვარლაამ და იოასაფის” ქართულ და ბერძნულ რედაქციათა მიმართებისათვის". პარიზი 1976, Supplément au Revue de kartvélologie, ვ.31. (ინგლისურად, 36 გვ.)
  10. "XI საუკუნის ორი უცნობი ქართული ხელნაწერის ფრაგმენტები ბერძნულ კოდექსში": Orientalia Christiana Periodica, ტ. 64, II, რომი 1998, გვ. 409-417 (ინგლ.)
  11. "სიმონ ქართლის მეფის წერილები ესპანეთში": ჟურნ. ცისკარი, #6, თბ. 1986 (1 თაბ.);
  12. "ბიზანტიური ლიტერატურა შუასაუკუნეების ქართულ თარგმანებში და სომხურ-ქართული ლიტერატურული კონტაქტები": კრებ. საერთაშორისო კონფ. შუასაუკუნეების სომხური ლიტერატურის შესახებ — Международная конференция по армянской средневековой литературе, ერევანი 1986 (თეზ. რუს. და ინგლ.)
  13. "ქართული ფენომენის ყველაზე დიდი გამოხატულება და ევროპული ცივლიზაციის პროცესი": კრებული ჩვენ-ქართველნი, თბ. 1999
  14. "ქართული ლიტერატურის ზოგადი შტრიხები ინგლისელი ქართველოლოგის თვალით": ჟურნალი გეორგიკა, #22, (გერმანია) 1999, გვ. 112-120 (გერმ.)
  15. "ქართულ-ბერძნულ-ლათინური ლიტერატურული კონტაქტების ერთი მაგალითი XII საუკუნის ლათინურ კოლექციაში": ჟურნალი Христианский восток, 3(IX), სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი 2002, გვ. 420-431 (ინგლ.)
  16. "ახალი თეორია ქართველთა სახელწოდებების ეტიმოლოგიის შესახებ": კრებ: ფილოლოგია, ტიპოლოგია და ენის სტრუქტურა, Philology, Typology and Language Structure, ბერლინი-ვენა 2002, Lang, გვ. 65-70 (ინგლ.)
  17. "ქართული ფენომენის ყველაზე დიდი გამოხატულება და ევროპული ცივლიზაციის პროცესი": კრებული ჩვენ-ქართველნი, თბ. 1999
  18. "ქართული ლიტერატურათმცოდნეობა": კრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ. 1998 (თანაავტორი: ლ. მენაბდე)
  19. "ქართული აგიოგრაფიული ტექსტის XIII საუკუნის ბერძნული და ლათინური თარგმანები": კრებ. ფილოსოფიურ-ისტორიული ძიებანი (აკად. თ. ყაუხჩიშვილისადმი მიძღვნილი), თბ. 1999
  20. ჟურნალი ქართველოლოგი[მკვდარი ბმული], #18, 2012 წ.
  21. ,,ვეფხისტყაოსნის” მხატვრული სტრუქტურა და რუსთველოლოგიის ძირითადი ტექსტოლოგიური პრობლემები": სამეცნიერო კრებული ალექსანდრე ბარამიძე-100, თბ. 2002
  22. "ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია". თბ. 1998, თბილისის უნივ. გამომც., (ქართულ და ინგლისურ ენებზე, 160 გვ.).
  23. "ფილოსოფია შუა საუკუნეების საქართველოში": Archiv für mittelalterliche Philosophie und Kultur, IX, სოფია 2003, გვ. 239-251 (ბულგარულად).
  24. XIII საუკუნის უცნობი სირიული ჰიმნი თბილისის შესახებ (ქართულად, ინგლისურად, სირიულად), ჟურნალი "ქართველოლოგი", #19, თბილისი 2013
  25. ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე. ჟურნალი "ქართველოლოგი", #18, თბილისი 2012
  26. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009
  27. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009
  28. ,,პლატონისგან სწავლა-თქმული” და მისი მსოფლმხედველობითი დატვირთვა": ლიტერატურული ძიებანი, XXVI, თბ. 2005
  29. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, გვ. 497-657
  30. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის" სიყვარული". თბ. 2005, “ქართველოლოგი”,
  31. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის სიყვარული". თბ. 2005, “ქართველოლოგი”,
  32. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, “ქართველოლოგი”. გვ. 115-209
  33. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო". თბ. 2009, “ქართველოლოგი”.
  34. ე. ხინთიბიძე „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ–მსოფლმხედველობითი სამყარო", თბილისი, 2009წ. „ქართველოლოგი“ გვ. 786
  35. ე. ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსანი" შექსპირის ეპოქის ინგლისში". თბილისი 2008
  36. "ვეფხისტყაოსანი" - შექსპირის ლიტერატურული წყარო", ჟურნ. ქართველოლოგი, #19, #20.
  37. "რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები", ჟურნ. ქართველოლოგი #16. თბილისი 2011წ.