ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია
ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია — საქართველო
ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°33′54″ ჩ. გ. 43°15′44″ ა. გ. / 41.5651472° ჩ. გ. 43.2622306° ა. გ. / 41.5651472; 43.2622306
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება VII-VIII საუკუნეები
დეტალები

ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით[1].

ხვილიშა (ხვილიში) ასპინძიდან ვარძიისაკენ მიმავალი გზის დასაწყისშია და დღეს ასპინძის განაპირა უბანია. ტაძარი აღმარულია შარაგზის ჩრდილოეთით, გზის მახლობლად. აგებულია საგანგებოდ მოწყობილ ორსაფეხურიან ცოკოლზე. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვითა და პირმოსწორებული, უხეშად დამუშავებული ბაზალტის სწორკუთხა ქვებით (გარე ზომებია: 13,6 X 15,3 მ.).

ტაძარში ორი შესასვლელია დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დარბაზული ეკელსიის გეგმა გამართულია მისი კორპუსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილოეთით და სამხრეთით „გამოზრდილი“ სათავსოებით. ინტერიერში ტაძრის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების ორი წყვილითაა დაყოფილი სამ მონაკვეთებად. პილასტრებს შორის მანძილი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ პროპორციულად მცირდება, რითაც ისედაც გრძელი დარბაზი ილუზორულად უფრო გრძელი გვეჩვენება. აფსიდსწინა მონაკვეთი ბემას მოგვაგონებს. ამ სივრციდან ჩრდილოეთით დარბაზის მოცულობიდან „გამოზრდილ“ სამკვეთლოშია გასასვლელი, რომელიც აფსიდიანი მცირე დარბაზია. გრძივი კედლების რითმულ დანაწევრებას აძლიერებს თაღით შემოსაზღვრული მცირედ ჩაწეული კედელი. სამხრეთის კედელში, ყოველი ასეთი სიბრტყის შუა არეში, საკმაოდ მაღლა, გაჭრილია თითო სარკმელი. დარბაზი კიდევ ორი, საკურთხეველში და დასავლეთის კედელში გაჭრილი თითო სარკმლით ნათდება. ტაძრის ინტერიერი მთლიანად შელესილი, ნალისობის გარეშეა დარჩენილი კარგად გათლილი ქვიშაქვით ამოყვანილი კონქი, აფსიდის მხრები, სატრიუმფო თაღი, პილასტრები და საბჯენი თაღები. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია სამთაღიანი კანკელით.

ტაძრის ინტერიერი მაღალია და საკმაოდ ხალვათი, ჰაერით სავსე სივრცეა შექმნილი, რომელიც გარკვეული ასკეტური განწყობის მატარებელია. ეს ერთგვარი ლაკონიურობა და სისადავე ტაძრის ფასადებზეც იგრძნობა.

ფასადებზე ეკლესიის კუთხეები და ღიობები ამოყვანილია კარგად გათლილი დიდი ზომის ქვიშაქვით, კედელი ნაგებია პირმოსწორებული ნაცრისფერი ვულკანური ქვით. ქვებს შორის ნაკერები გადალესილია ხსნარით. მორთულობა განაწილებულია კარებზე და სარკმლებზე. შემორჩენილი მარტივი პროფილის თაროსებრი კარნიზის ძველი ფრაგმენტები სამხრეთის ფასადზე დამუშავებულია მცირე თაღების ერთმანეთსიაგან ინტერვალით დაცილებული მწკრივით. აღმოსავლეთის ფასადის ფრაგმენტზე თარების ნაცვლად ერთ რიგად განაგებული ბრტყელი წრეების მწკრივია. სარკმელთა თავსართები თაროვანია ჰორიზონტალური კიდეებით, და მათ შიდა მხრიდან, თაღების, კბილანების ან წრეების უწყვეტი ზოლია ამოკვეთილი. შესასვლელები გადახურულია აქიტრავით და მორთულია ჰორიზონტალურკიდეებიანი თაღოვანი თავსართით, რომლის ზედაპირზე, სიმძიმის შესამცირებლად, ერთი ღარია დაყოლებული.

ტაძრის სამხრეთით, დამოუკიდებელი სათავსო სწორკუთხა გეგმით, დასავლეთის კედლის გარეშეა. მას არა აქვს აღმოსავლეთის სარკმელი. ნიკო ჩუბინაშვილი მას „სამლოცველო-სასანთლეს“ უწოდებს. აქ შესაძლოა ცალკე სამლოცველო იყო. სამხრეთის ფასადზე, საკმაოდ მაღლა, შუა სარკმლის მარჯვნივ, კედლის წყობაში წარწერიან ქვის ფილაა (სავარაუდოდ სხვა ნაგებობიდან მოტანილი). ერთსტრიქონიანი წარწერა შესრულებულია ლამაზი ასომთავრულით:

Ⴕ~Ⴄ ႧႭႣႭჂ~ႲႨ Ⴘ~Ⴄ

ექვთიმე თაყაიშვილმა წარწერა შემდეგნაირად წაიკითხა: „ქრისტე წმინდა თეოდორა შეიწყალე“[2].

ამ წარწერის ბოლო გამოკვლევა ვალერი სილოგავას ეკუთვნის, რომელიც ტექსტის წაკითხვის ორ ვარიანტს გვთავაზობს:„ქ(რისტ)ე, თეოდოჲტი შ(ეიწყალ)ე“ და შესაძლოდ მიაჩნია სხვაგვარი ამოკითხვაც: „ქ(რისტ)ე თედო ჲ(ო)ტი შ(ეიწყალ)ე და ჲ(ო)ტი (ანუ „მცირე“) თედოს ეპიტეტად მიაჩნია. ვალერი სილოგავას აზრიტ პალეოგრაფიული ნიშნით წარწერა შესაძლოა „ტაძრის აგების დროს, ანუ VII-VIII საუკუნეებს განეკუთვნებოდეს“[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მარსაგიშვილი, „ხვილიშის (ასპინძის) წმ. გიორგის ეკლესია“ // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 462-465

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Н. Чубинашвили, Шашианис самеба, Хвилиша, Тб., 1989. ст. 92-95
  2. ე. თაყაიშვილი, МАК-XII, „Ахалцихский уезд, Биети“, მოსკოვი, 1909, გვ. 15
  3. ვ. სილოგავა, „სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ“, მრავალთავი X, თბ., 1983, გვ. 267-268