თხზული დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხვეული დამწერლობა)
დავითგარეჯის თხზული ლაპიდარული წარწერა
ასომთავრული თხზული დამწერლობის ნიმუში, მათეს სახარების სათაური მოქვის ოთხთავიდან: „ს[ა]ხ[ა]რ[ე]ბ[ა]ჲ ჻ მ[ა]თეს ჻ თ[ა]ვი[1]

თხზული დამწერლობა, აგრეთვე ცნობილი როგორც დაქსელილი ან ხვეული დამწერლობა ქართული ასომთავრული და მხედრული დამწერლობების დეკორატიული, კალიგრაფიული ნაირსახეობაა, რომელშიც ასოები ერთმანეთში გადახლართული და ჩაწნულია. დროის შესაბამისი ცვლილებების, მხატვრული შესრულების ინდივიდუალური ხელის და გამოსახვის სხვადასხვა საშუალებების სხვადასხვაობის მიუხედავად, თხზული დამწერლობისათვის ყოველ დროში დამახასიათებელია ფორმების თანაგვარი პრინციპები და მხატვრული მიდგომა; კერძოდ, ქართულ კალიგრაფიულ ხელოვნებაში გამოიყენებოდა თხზულად წერის სამი ტიპი:

  • ჩაწნული (ლათინურად litterae implexae), როდესაც გვერდიგვერდ მდგომი წინა და მომდევნო ასოები ერთმანეთშია გადახლართულ-გადაწნული;
  • შეწიაღებული (ლათინურად litterae incertae), როდესაც მომდევნო ასო მთლიანად წინმდგომის წიაღშია ჩაწერილი;
  • აგოდლებული ანუ აღზევებული (ლათინურად litterae coimnatae), როდესაც მომდევნო ასო წინმდგომზე იმგვარადაა გადაბმული, რომ მის ზევით თავსდება[2].
             [3]
თხზულად წერის ორი სახეობა: გვერდით მდგომი ასოები ერთმანეთზეა გადახლართული ან მომდევნო ასო წინა ასოს წიაღშია ჩაწერილი.

თხზული დამწერლობა გამოიყენებოდა ხელნაწერი წიგნის ან საბუთის ტექსტის დასაწყისში, თავებისა და აბზაცების დასაწყისი სიტყვების პირველი ასოებისათვის, აგრეთვე მონოგრამებსა და საბუთის მტკიცებულებით ნაწილში ხელრთვა-დამტკიცების სახით. კალიგრაფიის ეს სახეობა ქართულ ხელნაწერებსა და საბუთებში დეკორატიული დატვირთვით გამოიყენებოდა, აფორმებდა ხელნაწერს და ერთგვარ თავსართს ან ბოლოსართს წარმოადგენდა. ძირითადად გვხვდება XV საუკუნეში, აგრეთვე მოგვიანებით XVII-XVIII საუკუნეებში.

წინა საუკუნეებში ხელოვნების სხვადასხვა დარგში — ხელნაწერსა და ბეჭდურ წიგნებში, ეპიგრაფიკაში, ნაქარგობაში, ჭედურობაში — გამოყენებული თხზული დამწერლობა XVII საუკუნისათვის მივიწყებულ იქნა. ქართული კალიგრაფიული ხელოვნების ამ სახეობის აღდგენა უკავშირდება ორბელიანთა ოჯახს; კერძოდ, დეკორატიული დამწერლობის ეს სახე ნიკოლოზ თბილელსა და მის მოწაფეებს აღუდგენიათ. თავად ნიკოლოზ თბილელი წერს, რომ თხზულ დამწერლობას „მის ჟამისა მეფენი და შემდგომნი მოწლედ ჰყვარობდნენ“. 1728 წელს მან შექმნა ასომთავრულისა და მხედრული თხზულ-დაქსელილი დამწერლობის ასოთა ნიმუშები, რომლებიც მოცემულია S-303 ხელნაწერში (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი)[4][5].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დარეჯან კლიაშვილი, ქართული მოხატული საბუთები, წიგნში: მოხატული ისტორიული დოკუმენტები, თბილისი, 2011, გვ. 27

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. წარწერა არაა მოქვის ოთხთავის შესაბამისი წარწერის იდენტური, წარმოადგენს მის ასლს კალიგრაფ დავით მაისურაძის მიერ.
  2. ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია: თხზულებები, ტ. IX, თბილისი, 1996, 130-131
  3. ფრაგმენტები დავით გარეჯის მონასტრის კარზე არსებული ასომთავრული წარწერიდან.
  4. ნიკოლოზ ორბელიანი, კალიგრაფიული წერის ნიმუშები, 1728 წ., ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S-303
  5. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექციისა, ტ. I, თბილისი, 1959, გვ. 355-356