ხვარშიული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხვარშიული ენანახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენა. მასზე მეტყველებენ დაღესტნის რესპუბლიკის წუმადის რაიონის აულებში (ხვარში, ინხოყვარი, კვანტლადა, სანტლადა, ხვაინი). მოიცავს 2 დიალექტს: საკუთრივ ხვარშიულსა და ინხოყვარულს. ხვარშიულ ენაზე ლაპარაკობს 1870 კაცი (2002).[1]

ხვარშიული ენისთვის დამახასიათებელია მარტივი ხმოვნები: ა, ე, ი, ო, უ და მათი გრძელი და ნაზალიზებული ვარიანტები. ინხოყვარულსა და სანტლადურში არის ირაციონალური ხმოვანი (ჷ). მახვილი სუსტი, დინამიკური და ძირითადად მოძრავია. თანხმოვნებს ახასიათებს ხშულა სამეულების, სპირანტთა წყვილეულებისა და ცალეულების ნაკლული სისტემა. ფუძეებისათვის დამახასიათებელია სრულხმოვანება. გრამატიკული კატეგორიები უმთავრესად ნაწარმოებია სუფიქსებით. სახელისა და ზმნის საერთო კატეგორიებია გრამატიკული კლასი და რიცხვი მხოლოობოთ რიცხვში გარჩეულია 4 კლასი. ძირითადი ბრუნვები: სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი და მოქმედებითი. დამახასიათებელია ლოკატიური ბრუნვების სერიათა რთული სისტემა. ბრუნება ერთფუძიანიცაა და ორფუძიანიც.

ზმნას გრამატიკული კლასისა და რიცხვის გარდა ახასიათებს დროის, კილოს, კაუზატივის, ხანგრძლივობითბისა და უნახაობის კატეგორიები. გარჩეულია ინფინიტივი და მასდარი, დროთა მიხედვით ნაწარმოები მიმღეობები და აბსოლუტივები, დადებითი და უარყოფითი ფორმები, გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები. გარდაუვალ ზმნებში კლასნიშნით აღინიშნება სუბიექტი, ხოლო გარდამავალ ზმნებში — პირდაპირი ობიექტი. გარდამავალი ზმნა ერგატიული კონსტრუქციისაა, გარდაუვალი — ნომინატიურისა, გრძნობა-აღქმის ზმნები კი დატიურისა. ხვარშიულ ენაში წინადადებები მხოლოდ მარტივი, შერწყმული და რთული თანწყობილი კონსტრუქციისაა. სინტაქსური კავშირის მთავარი სახეებია შეთანხმება, მართვა, მირთვა.

ხვარშიული ენა ღარიბია სიტყვაწარმოების აფიქსებით. თვლის სისტემა საკუთრივ ხვარშიულ დიალექტში ოცობითია, ინხოყვარულში — ათობით-ოცობითი. უხვია ხუნძურიდან და ხუნძურის მეშვეობით არაბულ-სპარსულ-თურქულიდან შეთვისებული ლექსიკა. ბევრია რუსულიდან ნასესხები სიტყვებიც.

ხვარშიული ენა უდამწერლობოა. სამწერლობო ენად გამოიყენება ხუნძური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]