ხეფინისხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეფინისხევი, ხეფინის ხევი (ისტ. ჴეფინის-ჴევი) — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი დასავლეთ საქართველოში, იმერეთში. შუა საუკუნეებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპონიმ ხეფენისხევს საფუძლად ამავე სახელწოდების მდინარე დაედო. ეს მდინარე ლიხის ქედზე იწყება რიკოთის გადასასვლელის ახლოს და მარცხნიდან შეერთვის ძირულას (დღეს ამ მდინარეს რიკოთულა ეწოდება, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მას ხეფინურა ეწოდებოდა). თვით სახელის ხეფინის ეტიმოლოგია უცნობია. ადგილობრივი მოსახლეობა ამ სახელს იფნის ხეს უკავშირებს: ხე იფნის ხევი — ხეფინის ხევი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილს ხეფინისხევი ქართლში ჰყავს მოყვანილი და მას შემდეგნაირად აღწერს:

ვიკიციტატა
„კუალად ფონას ზეით და სურამის დასავლით ლიხის მთას გასდის ჴეფინისჴევის წყალი და მიერთვის ძირულას აღმოსავლეთიდამ, ხოლო ძირულა გამოსდის მთასა პერანგას და დის ღოდორამდე სამჴრით და მუნიდამ მომგრგვალვით დასავლეთად. არამედ არს ვერტყვილამდე ქართლისა, და უწოდებენ ვერტყვილიდამ ნადაბურამდე ჴეფინის-ჴევსა. და მას ზეით არს ულუმბის მონასტრისა, არამედ აწ მიხმული აქუს იმერთაგან, გარნა აძლევენ ცვილისა, ზეთისა და საკმლის ფასსა აწცა. ვერტყვილას მოერთვის სამჴრიდამ ვერტყვილისავე ჴევი. ხოლო ვერტყვილას და ამაშუკეთს შუა არს მცირე მთა, მისრული კოლბეურის მთამდე, და ესე არს საზღვარი ქართლ-იმერთა აწინდელი. ამ ვერტყვილის ჴევს ზეით ერთვის ძირულას ბჟინევის-ჴევი. აქა არს, სამჴრით, მონასტერი გეთსამანია, გუმბათიანი, კეთილშენი, საწინამძღურო. მას ზეით ჴევი გრიგალეთისა, ერთვის ძირულას; მას ზეით ჴეფინის-ჴევის წყალს ერთვის ჴევისჯურის-ჴევი. მას ზეით ამასვე ერთვის ჴევი წაქვისა. და ჴევნი ესენი ყოველნი სამჴრეთიდამ ერთვიან, გამომდინარე ფონის გამდინარის ჩხერიმელისა და ჴეფინის-ჴევის შუა მთიდამ. და არს ჴეობა ესე ჴეფინის-ჴევი მოსავლიანი, ვენახოვანი, ხილიანი. ქართლისაგან მეტი არს აქა ღომი, ხურმა, წაბლი. რომელი მთას იქითი დავსწერეთ, ქვიშხეთის დასავლით, იგინიცა ესრეთვე ჰგონე. არს ცხოვარი უდუმო, სთესვენ სიმინდსა მრავალსა. ხოლო ადგილები ესენი, რომელნი აღვსწერენით, ლიხის მთის შორისი, ეგრეთვე ჰგონე, ვითარცა აღვსწეროთ იმერეთი.“

თავდაპირველად ხეფინისხევი (ფიზიკურად) და ამავე სახელწოდების ტერიტორიულ-ადმინისტრაციული — ხევი, ერთმანეთს ემთხვეოდა. მოგვიანებით, ამ სახელწოდების ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული გაფართოვდა და ძირულას ხეობის შუა წელის სოფლებსაც მოიცავდა. კონკრეტულად თუ როდის მოხდა ეს რთული სათქმელია, ყოველ შემთხვევაში, გვიანფეოდალურ ხანაში ხეფინისხევი ამ ფართო მნიშვნელობით იხმარებოდა.

გვიანფეოდალურ ხანაში ხეფინისხევი მოიცავდა მდინარე ძირულას ხეობის ერთ ნაწილს (სოფელ ღოდორიდან სოფელ ვაშლევამდე) და მის შენაკადების: ბჟინეურას (ვახუშტისეული ვერტყილას ხევი), უხადურას (ვახუშტისეული ბჟინევის ხევი), საჯვარეღელე (ვახუშტისეული გრიგალათისხევი) და ხეფინისხევის (ანუ ხეფინურას) თავისი შენაკადებით: ნავანების ღელე ანუ ნავანებურა (ვახუშტისეული ხევის ჯვრის ხევი) და წაქურა (ვახუშტისეული წაქვის ხევი) — ხეობებს.

ხეფინისხევის (გვიანფეოდალური ხანის მნიშვნელობით) ცალკე ტერიტოიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება მისმა ფიზიკურმა გეოგრაფიამ განაპირობა: იგი მთებითაა შეზღუდული. აღმოსაცლეთით ხეფინისხევს ლიხის ქედი ესაზღვრება, სამხრეთით — ძირულასა და მისი შენაკადების და მდინარე ჩხარიმელას წყალგამყოფი ქედი. ჩრდილო-დასავლეთით ხეფინის ქედი აღწევდა ძირულას მარჯვენა ნაპირის გამყოლ ლიხის ქედის ერთ განშტოებამდე, რომელიც ამაშუკეთის მცირე ქედით ბოლოვდება. ეს უკანასკნელი ხეფინისხევის ბუნებრივი საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთით, საკუთრივ ძირულას ხეობაში. აქ იგი ემიჯნებოდა ლიხის ქედის ამ განშტოებას, რომელიც სოფელ ნადაბურს, ხეობაში ზემოთ მდებარე სოფლებიდან გამოყოფს.

დასახლებული პუნქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანფეოდალურ ხანაში ხეფინისხევი შემდეგი სოფლებისაგან შედგებოდა: ვერტყვილა, ვეტყვიჭალა, ბჟინევი, გედსამანია, გრიგალათი, ხუნევი, უხადი (დღეს ხუნევის ერთ-ერთი უბანია), ხევისჯვარი, წაქვა, ნადაბური, ციცქიური და მლაშე. XVII საუკუნის პირველი ნახევრის ერთი დოკუმენტში მოხსენიებულია ხეფინისხევის კიდევ ორი სოფელი წინაგანი და ნებიერეთი. უკანასკნელი დღეს ნასოფლარია ხევისჯვარსა და ნადაბურს შორის.

ხეფინისხევის საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა გედსამანიის საყდარი. ვახუშტის ცნობით „არს... გეთსამანია, გუნბათიანი, კეთილშენი, საწინამძღვრო“. წინამძღვარი ჩვეულებრივ ყველა მონასტერს გააჩნდა. აქ რომ მხოლოდ მხოლოდ მონასტრის წინამძღოლი იგულისხმებოდეს, ვახუშტი ბუნებრივია ამ ფაქტს ხაზს არ გაუსვამდა. ასეთი წინამძღვარი არა მარტო მონასტრის თუ საყდრის გამგებელი იყო, არამედ მას ემორჩილებოდა გარკვეული რეგიონის სხვა ეკლესიებიც. ასეთი წინამძღვარი გვიანდელი ბლაღოჩინის ფუნქციას ასრულებდა.

ხეფინისხევში ორი ციხის ნაშთი აშემორჩენილი, ესენია: სოფელ ნადაბურში, მაღალ გორაკზე, ყვათავას ქედის ძირში, რომელსაც მოსახლეობა „ღაღანიძეების ციხეს“ უწოდებს და მეორე — ამავე სახელწოდების ოთხკუთხა კოშკი, მდებარე ხუნევში მდ. უხადურას მარცხენა ნაპირზე.

გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხეფინისხევი აღმოსავლეთ საქართველოსთან სამი უღელტეხილით იყო დაკავშირებული. ერთი გზა რიკოთის უღელტეხილზე გადიოდა სოფელ ხევისჯვარის გავლით, მეორე გზა ფონის უღელტეხილით უკავშირდებოდა ქართლს, სოფელ წაქვა-ტორძელი — სოფელი ფონა-ფონას უღელტეხილი და მესამე — დედაბერას გადასასვლელი იყო. აქეთკენ ორი გზა მიემართებოდა, ერთი იწყებოდა სოფელ ხევისჯვარში. იგი გაივლიდა სოფლებს: ვაკისას, დედაბერას და დედაბრის უღელტეხილზე ადიოდა. სოფელ დედაბერასთან ამ გზას უერთდებოდა მეორე გზა, რომელიც ნადაბურიდან მოდიოდა სოფლების, ლიჩისა და ღოდორას გავლით. დედაბერას უღელტეხილის აღმოსავლეთით გზა კვლავ ორად იყოფოდა: ერთი სოფელ ნინისის გავლით უწლევის ციხისკენ ეშვებოდა, მეორე კი ულუმბის მონასტერს გაივლიდა.

ხეფინისხევიდან რამდენიმე გზა ჩხერიმელას ხეობაში გადადიოდა. წაქვა-ფონას გარდა ასეთი გზები შემდეგი იყო: ხევისჯვარი — თაწყარო — წიფა; ვერტყვილა-ბჟინევი-ტბეთი — ნებოძირი; ბჟინევიდან ერთი გზა ღორეშაში გადადიოდა აქედან კი ჩხერიმელას ხეობისკენ მიემართებოდა.

ადმინისტრაციული დაქვემდებარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხეფინისხევი ლიხის ქედის დასავლეთით მდებარეობს. ამიტომ ბუნებრივი საფიქრალია რომ, საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ, გვიანფეოდალურ ხანაში იგი ყოველთვის იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში იქნებოდა. სინამდვილეში ეს ასე ყოველთვის არ იყო.ლიხის ქედის ზოგიერთი მონაკვეთი არც ისე ძნელი გადასალახავია, რომ ორ სამეფოს შორის საზღვარი ყოველთვის და ყველგან მის მთვარ თხემზე გასულიყო. იქ, სადაც ეს ქედი შედარებით დაბალია და ადვილად დასაძლევია, საზღვარი იმერეთსა და ქართლის სამეფოებს შორის გვიანფეოდალურ ხანაში ხშირად იცვლებოდა, იმის მიხედვით, თუ რომელლი სამეფო იყო კონკრეტულ შემთხვევაში ძლიერი. კერძოდ ასეთ ვითარებას ჰქონდა ადგილი ხეფინისხევშიც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხეფინისხევი წერილობით წყაროებში პირველად 1251 წლის ხეფინისხეველებისადმი და წაქველებისადმი დავით ნარინის შეუვალობის სიგელშია მოხსენიებული. ამ სიგელში ხეფინისხევი და წაქვა ცალ-ცალკეა მოხსენიებული. ამიტომ საგულისხმოა, რომ აქ ხეფინისხევი თავისი თავდაპირველი, ვიწრო მნიშვნელობით იგულისხმება. სიგელი დავით ნარინს ეკუთვნის, ეჭვს გარეშეა, რომ ერთიანი საქართველოს ორ სამეფოდ გაყოფის შემდგომ (1261 წელს) დასავლურ ქართულ სამეფოს შემადგენლობაშია.

1330 წელს საქართველოს სამეფოს მთლიანობა კვლავინდებურად აღსდგა და XIV-XV საუკუნეებში სამეფო ხელისუფლებამ უფრო გაზარდა ხეფინისხევის ტერიტორია. იგი სამეფო დომენის შემადგენელი ნაწილი იყო. ხეფინისხევი ერთიანობის ხანაში, XV საუკუნის დასაწყისის ქუცნა ამირეჯიბის ულუმბის მონასტრისადმი შეწირულობის სიგელში გვხვდება.

XV საუკუნის დასასრულისათვის ერთიანი ქართული სახელმწიფო ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ახლადჩამოყალიბებულ ქართლისა და იმერეთის სამეფოებს შორის საზღვარი არ იყო მყარი. თავდაპირველად ინიციატივას იმერეთის მესვეურები იჩნდნენ. 1509 წელს ალექსანდრე II იმერთა მეფე ეუფლება ქართლის დასავლეთ ნაწილს გორის ჩათვლით. მართალია ეს მონაპოვარი იმერეთის მესვეურებმა მალე დაკარგეს, მაგრამ 1526 წლისთვის ბაგრატ იმერთა მეფე კვლავ იკავებს ტერიტორიას ლიხის ქედის აღმოსავლეთით, მდინარე არადეთის წყლამდე.

XVI საუკუნის 80-იან წლებამდე სურამი და მისი მიმდგომი მხარე იმერეთის სამეფოს შემადგენლობაშია.

ვითარება შეიცვალა XVI საუკუნის უკანასკნელ 20-იან წლებში, როდესაც სვიმონ მეფემ ქართლი თურქების ბატონობიდან გაათავისუფლა. 1591 წელს, როგორც ხევისჯვრის ეკლესიის სიგელი მოწმობს ხეფინისხევი ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია. იგი სვიმონ მეფეს უნდა შემოერთებინა 1589 წელს, როდესაც მან წარმატებით ილაშქრა დასავლეთ საქართველში.

1614 წელს ქართლ-კახეთს ირანელები შემოესიენ. ლუარსაბ II დატყვევების შემდეგ ქართლის სამეფო ერთხანს ფაქტობრივად მეფის გარეშე დარჩა. გიორგი III იმერეთის მეფემ კარგად გამოიყენა ეს ვითარება და თავისი ძალაუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით გაავრცელა. ქართლში ვითარება ერთგვარი სტაბილიზაციის შემდეგ იმერეთის მეფე კარგავს თავის მონაპოვარს ლიხის აღმოსავლეთით. ქართლის სამეფო იბრუნებს ხეფინისხევსაც. ასე რომ 1628 წელს თეიმურაზ I, რომელიც ამ დროს კახეთთან ერთად შიდა ქართლსაც ფლობდა, უცნობი გვარეულობის წარმომადგენელ ლევანს ხეფინისხევის სოფლებიდან ყმა-მამულს უბოძებს.

თავიდანვე ხეფინისხევისახასო მამულში შედიოდა. ასე რომ ამ ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, გეთსამანიის მონასტრის და ხევის-ჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიის ყმათა გარდა, ყველას ფეოდალური ვალდებულებანი ედოთ მეფის წინაშე.

იმერეთის ზემო მხარის უძლიერესი აბაშიძეთა ფეოდალური გვარეულობა ცდილობდა ხეფინისხევის მოსახლეობა ყმად გადაექცია. ასე რომ XVII საუკუნიდან იმერეთისა და ქართლის სამეფოთა დავა ხეფინისხევისათვის სოციალური ბრძოლაცაა.

XVII საუკუნის 50-იან წლებში ხეფინისხევი იმერეთი სამეფოს საზღვრებშია. იგი ზემო მხარის სასარდლოში შედის და მეფის მიერ დანიშნული მოურავი განაგებს. გარკვეულ წარმატებას აღწევს აბაშიძეთა ერთი შტო, რომლის წარმომადგენლები იმერეთის მეფეთაგან წყალობად იღებენ ყმა-მამულს სოფლებში: ხუნევში, ვერტყვილაში, ლაშეში, უხადში...

XVII საუკუნის მიწურულიდან ქართლის სამეფო ცდილობს ხეფინისხევის დაბრუნებას. ჯერ ერეკლე I, ქართლის გამგებელი შეეცადა ამას, მაგრამ უშედეგოდ.

1703 წლიდან ირანის შაჰმა ქართლის სამეფო გიორგი XI დაუბრუნა და სამეფოს გამგებლობა ვახტანგ ლევანის ძის, მომავალი ვახტანგ VI ხელში გადავიდა. მის დროს ქართლი საქართველოს უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულად გადაიქცა. ასეთ პირობებში ხეფინისხევი ერთხანს იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში დარჩა და შემდეგ ქართლის საზღვრებში მოექცა.

1724 წელს ქართლი ოსმალებმა დაიპყრეს, სადაც სამი წლის შემდეგ მეფობა გააუქმეს. ხეფინისხევს ერთხანს იმერელი თავადი ზურაბ აბაშიძე ეუფლება, ხოლო 1744 წლიდან გივი ამილახვარი.

1745 წელს თეიმურაზ II ქართული წესით ეკურთხა ქართლის სამეფო ტახტზე. მან 1746 წელს ხეფინისხევი, კვლავ, ამჟამად იმერეთიდან გაძევებულ ზურაბ აბაშიძეს უბოძა. ეს ბოძების სიგელი ერეკლე II 1769 წელს ამ თავადის მემკვიდრეებს განუახლა.

1774 წელს ერეკლე II ზაალ აბაშძეს და მის ძებს ყმა-მამული კახეთში უბოძა. ხეფინისხევი კვლავ სახასო მამულად გადაიქცა.

ამ ხანებისათვის მორიგებით დამთავრდა საუკუნოვანი დავა ამ მხარისათვის ქართლის სამეფოსა და იმერეთს შორის. ხეფინისხევის დასავლეთი ნაწილი, ექვსი სოფელი: ხუნევი, ბჟინევი, ლაშე, ვერტყვილა, ვერტყვიჭალა და უხადი იმერეთის სამეფოს ხელში გადავიდა.

ამ დროს აბაშიძე-ფინეზაშვილები, აბაშიძეთა ის შტო, რომელიც ხეფინისხევზე აცხადებდა პრეტენზიას, სოლომონ I-ის მიერ შერისხული იყო და მის ყმა მამულს სხვა ფეოდალები ეპატრონებოდნენ. იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში გადასვლა ხეფინისხევის იმ ექვსი სოფლის მოსახლეობისათვის, ფაქტობრივად ამ ფეოდალთა ყმობაში შესვლას ნიშნავდა, რასაც ისინი მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ. შემორჩენილია ბჟინევის მცხოვრებთა არზა ერეკლე II, რომელიც კლასობრივი ბრძოლის საუკეთესო მაგალითია:

ვიკიციტატა
„ღმერთმან ბედნიერს ხელმწიფის ჭირი მისცეს ხეფინის ხევის ბჟინვალელთ. ჩვენი მამა პაპათ თქვენი ყმანი ვართ და ბჟინევიც თქვენი სამკვიდრო. პაპუნა ორჯონიკიძემ ძალა დაგვატანა ან მემყევითო ან ამ ქვეყანას არ დაგაყენებთო. ცოლშვილით ავიყარენით და სურამს გადმვედით. ამ ზაფხულს გიახლეთ ქალაქს. თქუენ ერევან ბრძანდებოდით ბატონიშვილს იულონს მოვახსენეთ. სურამს მოურავზედ ოქმი გვიბოძა, ამ ზამთრობით ბჟინველები მანდ სურამს იყუნენო და როცა ბატონი მამა ჩვენი მობრძანდება ამათ საქმეს არ გაარიგებსო. ახლა ქრისტოშობის რვას პაპუნა ორჯონიკიძე მოგვიხდა სურამს ოცდაათის კაცით. მოგეხსენებათ მოურავს ბიძა პაპუნა ჰყავს და ისევ პაპუნას გვაძლევს ჩვენო ხელმწიფევ თქუენს სამკვიდრო მამულსა და ყმათ ორჯონიკიძეს ნუ მიგვცემთ. თვრამეტი ხმლის ქმნევი ვაჟი კაცნი ვართ. ნურავის მიგვცემთ, უთქვენოს კაცს ჩვენ არავის ვეყმობით. თუ ჩვენ ორჯონიკიძეს მიგვცემთ თავებს დავიხოცავთ და ჩვენ ბჟინვალს მიმსვლელები კი აღარ ვართ. თუ თქვენი ნებაც იქნებოდეს მანამ ჩვენ საქმეს გავსინჯავდეთ თქვენი ყმანი ვართ. იმისი სამართლამდინ ისევა სურამს გახლდეთ. და ჩვენი მამულიორჯონიკიძეს ეჭიროს. მერე სამართლით თუ თქვენი ყმანი ვიყუნეთ თქვენთვის დაგვიდევით და ორჯონიკიძის ვიყუნეთ იმას მიგვეცით. დეკემბერს იბ (12) ქკს. უჲზ (1779).“

ამ არზას ერეკლე II-ის პასუხი ახლავს, სადაც მეფე თხოვნას უარით პასუხობს „... ვერც იმერეთის მეფეს თქვენ თავს წავართმევთ...“

სოლომონ I მემკვიდრემ დავით მეფემ როსტომ ფინეზაშვილ-აბაშიძეს თავისი ყმა-მამული დაუბრუნა და საფიქრებელია რომ ხეფინისხევის ექვსის ოფელიც მას გადასცა. სოლომონ II კვლავ გაურისხდა ამ ფეოდალს და მხოლოდ ერეკლე II თხოვნით 1791 წელს კვლავ დაუბრუნა ყმა-მამული, მათ შორის ხუნევი, ბჟინევი, ლაშე, ვერტყვილი, ვერტყვიჭალა და უხადი.

გვიანფეოდალურ ხანაში ხეფინისხევი, დროის იმ მცირე მონაკვეთების გარდა, როცა იგი გივი ამილახვარს, ან კიდევ ზურაბ აბაშიძეს და მის მემკვიდრეებს ეკავათ, სამოურავოს წარმოადგენდა, რომელიც, XVII საუკუნის 70-იანი წლებიდან იმერეთის სამეფოსათვის ექვსი სოფლის გადაცემის შემდეგ, ხეფინისხევის დარჩენილ სოფლებს მოიცავდა.

ხეფინისხევის მოურავს ყოველწლიურად თითოეული კომლიდან ერთი კოკა ღვინო და ერთი ყვერული ეკუთვნოდა. საკუთრივ სოფლებს საგანგებო მოხელეები — „ხელოსნები“ განაგებდნენ. ეს წოდება როგორც წესი მემკვიდრეობით გადადიოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერაძე თ.,„ხეფინის გვიანფეოდალურ ხანაში“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 43-44 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1976 წელი. — გვ. 34-41