სოფლის გარეუბან ზედობანში შემორჩენილია საწნახელი. საწნახელი გამართულია პირამიდისებური ბორცვის ჩრდილოეთი ფერდობის ძირში. იგი საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა გეგმა საკმაოდ კარგად იკითხება. საწნახელი საკმაოდ მოზრდილია და იგი შეიძლება გაერთიანდეს განიერი საწნახელების ჯგუფში. მშენებლობაში გამოყენებულია კლდის კარგად შერჩეული ქვები მტკიცე თეთრ დუღაბზე. მისი სიგრძე-3,50 მ-ია. კედლის სისქე-0,55 მ. სამხრეთი კედელი მიდგმულია კლდოვან მასივზე და მისი სისქე 0,45 მ-ია. ჩრდ. კედლის სისქე-0,43 მ. საწნახელის შიდა ზომებია: სიგრძე-2,55 მ. სიგანე თავთან (აღმოსავლეთით)-1,45 მ. საწნახელის იატაკი შელესილია კირხსნარით. საწნახელის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე გამართული იყო მარანი. მათგან დღემდე შემორჩენილია მეტნაკლებად დაზიანებული მიწაში ჩასმული 6 ქვევრი.[5]
იქვე შემორჩენილია მეორე საწნახელი. ეს საწნახელი საკმაოდ დიდი ზომისაა. გადარჩენილია დასავლეთი კედელი. თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული დანარჩენი. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ იგი ორგანყოფილებიანი ნაგებობა იყო. ერთი მათგანი გამოყენებული უნდა ყოფილიყო თეთრი ყურძნისათვის, ხოლო მეორე-შავისათვის. მთლიანი საწნახელის საერთო სიგრძე 6,50 მ-ია. სიმაღლე-89 სმ. აქაურთა თქმით აქვე მრავლად იყო ქვევრებიც, მაგრამ სახლის მშენებლობისათვის საჭირო ფართის მომზადებისას, ისინი გაუნადგურებიათ.[6]