ხელფასები და ფასები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხელფასები და ფასები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშისაქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული ხელფასებისა და ფასების მაჩვენებელი საკმაოდ სწრაფად იცვლებოდა, რასაც განაპირობებდა იმხანად მიმოქცევაში არსებული ქართული მანეთის (გამოშვებული იყო ბონის სახით) ინფლაცია.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის სამინისტროს მიერ შეკრებილი ცნობების მიხედვით, 1919 წლის ნოემბერში, სხვადასხვა დარგის მუშაკები იღებდნენ შემდეგ საშუალო თვიურ ხელფასს (მანეთებში): მთავარი მოანგარიშე - 4 370; კანტორის მოსამსახურე - 2 173; საქმის მწარმოებელი - 2 525; მისი თანაშემწე - 2 521; მისი თანაშემწე - 2 481; გადამწერი - 1 682; მოლარე - 2 637; პროვიზორი - 2 950; ბებიაქალი - 1 265; გამყიდველი - 1 904.

იმავე პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური კრებულიდან ნათელი ხდება, რომ 1920 წელს თბილისში მცხოვრები მოსამსახურეები იღებდნენ შემდეგ საშუალო ხელფასს (მანეთებში): ადმინისტრაციული პერსონალი - 5 070; საქმის მწარმოებელი - 4 200; ტექნიკური პერსონალი - 4 050; აღრიცხვა-კონტროლის პერსონალი - 600; სამნეო-გამანაწილებელი პერსონალი - 4 140; სამკურნალო-სანიტარული საქმის მუშაკი - 3, 840; განათლების მუშაკი - 4,710; ხელოვნების მუშაკი - 6, 000; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მუშაკი - 3 080; ჰიგიენის მუშაკი - 2 850. მუშები იღებდნენ შემდეგ საშუალო ხელფასს: მელითონე - 4 650; მეტყავე - 4 100; რკინიგზელი - 2 630; ხის დამმუშავებელის - 3 550; ადგილობრივი ტრანსპორტის მუშაკი - 2 980; სასოფლო მეურნეობის მუშაკი - 2 940; მინერალების დამმუშავებელი - 3 380; ქიმიკოსი - 3 015; მშენებელი - 3 330; მქსოველი - 3 450; მკერავი - 4 350.

რაც შეეხება ძირითადი საჭიროების საგნებს, მათი საშუალო აჩვენებელი თბილისში იყო (მანეთებში): ხორბალი (1 ფუთი) - 2100, 6; სიმინდი (1 ფუთი) - 1088, 7; ქერი (1 ფუთი) - 1128, 9; პურის ფქვილი(1 ფუთი) - 2417, 5; სიმინდის ფქვილი (1 ფუთი)- 1884; კარტოფილი (1 ფუთი) - 631, 67; რაფინირებული შაქარი (1 ფუთი) - 8894, 16; შაქრის ფხვნილი (1 ფუთი) – 8576; ძროხის ხორცი (1გირვანქა) – 56, 75; ცხვრის ხორცი (1 გირვანქა) - 122, 75; ერბო (1 გირვანქა) - 493; ყველი (1გირვანქა) - 130, 94; საჭმლის ზეთი (1 გირვანქა) - 25, 75; მარილი (1 გირვანქა) - 19, 22; საპონი (1 გირვანქა) - 115, 41; ნავთი (1 ლიტრი) – 14, 25. თბილისში მცხოვრები მუშა-მოსამსახურის ოჯახის (4 სული) თვიური გასავალი შეადგენდა საშუალოდ 6423, 8 მანეთს.

ხარჯების დანიშნულება გამოიყურებოდა შემდეგნაირად: საზრდო - 3847,2; ბინა, გათბობა, წყალი - 397; ჰიგიენა - 285, 2; ნარკოტიკები - 330, 8; კულტურული და საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება - 458; ბიუჯეტის ის ნაწილი,რომელიც ოჯახის საჭიროების გარეშე რჩება - 81; დანარჩენი ხარჯები - 158, 7. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის იმდროინდელი მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის მონაცემებით, 1914 წლის დასაწყისთან შედარებით, 1920 წლის დასაწყისში საშუალო საბაზრო ფასები გაზრდილი იყო 154, 9-ჯერ, ხოლო იმავე დროს, მუშათა საშუალო ხელფასმა მოიმატა მხოლოდ 48, 7-ჯერ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გიორგი კვინიტაძის მოგონებებში უარყოფითად არის შეფასებული საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული ხელფასების სისტემა. იგი იგონებდა:

ვიკიციტატა
„სამხედრო სკოლაში იყვნენ მოსამსახურე-მუშები. ოფიცერი, ვის განკარგულებაშიც ეს მუშები იყვნენ, იღებდა ნაკლებ ჯამაგირს, ვიდრე მუშა. ოფიცრებს-მასწავლებლებს ლექციებისათვის ეძლეოდათ იმდენი ფული, რომ ძლივს ჰყოფნიდათ ტრამვაისათვის. მე, სამხედრო სკოლის უფროსი, ვიღებდი ჯამაგირს - 6 000 მანეთს. ერთხელ, პოლკოვნიკი სტოქსი, ინგლისელი ანტანტის წარმომადგენელი და მე მივდიოდით რუსთაველის გამზირით. ერთმა მათხოვარმა მოგვმართა თხოვნით და პოლკოვნიკმა სტოქსმა მისცა მას 5 000 მანეთი. ომის დროს დაქვრივებულ ოფიცრის ცოლს არ ეძლეოდა სარჩენად პენსია; არც აძლევდნენ მის დასამარხად დახმარებას.“

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში ამაზე უკეთესი ვითარება არ ყოფილა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც ფულის გაუფასურება უფრო დაჩქარებული ტემპით ხასიათდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 531.