ხევსურული ხმალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხევსურული ხმალი — ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა.

მთლიანი სიგრძე - 91.5 სმ. პირის - 80 სმ. ხმლის პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ცალლესულია, ორღარიანი, ოდნავ გახრილი, აქვს 15 სმ სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). ყუასთან ახლოს წარმოდგენილია ორი ვიწრო ღარი, რომელიც ვადიდან შაშარამდე მიჰყვება. ტართან ახლოს, ორივე მხარეს ღარებში გამოსახულებები მოჩანს: ერთ მხარეს ზედა ღარში ლათინური ასოებია - INN, MINI, ხოლო ქვედა ღარში X-ის მსგავსი რვა ფიგურა. მეორე მხარეს ზედა ღარში - IEN, MINI და ქვედა ღარში X-ის ფორმის ფიგურა. ტარზე დაგებულია ვადაჯვარი, რომელიც მორთულია თითბრის ზარნიშით. ვადაჯვრის ზედაპირზე გამოსახულია კუდაწეული `ლომის~ ფიგურა, რომელიც გეომეტრიული ორნამენტებით მორთულ სივრცეშია ჩასმული. ვადაჯვრის უკანა მხარეც მორთულია თითბრის ზარნიშიანი ხაზებით. ტარი დამზადებულია ხისაგან, რომელზეც გადაკრულია შავი ფერის ტყავი. ტყავზე შეჭედილია ორი ვერცხლის სალტე, ოთხი ორნამენტირებული გობაკი, ტარის მოხრილ ადგილზე (ვაშლზე) გადაჭიმულია ვერცხლის ფირფიტა. ტარის ტყავი დაზიანებულია.

ქარქაში დამზადებულია ხისაგან და მასზე გადაკრულია მოყვითალო ფერის ტყავი (ტყავი დაზიანებულია). ქარქაში შეჭედილია თითბრის სალტეებით, საცვეთებით და 16 სმ. სიგრძის ბუნიკით. ექვს სალტეზე გამოსახულია რელიეფურად შესრულებული ვარდულები. ორ ბრტყელ სალტეზე (ერთი ქარქაშის თავში, მეორე თითქმის შუა წელზე) მიმაგრებულია ტყავის სამხარიღლიე („ყაწიმი“), რომლის მთლიანი ზედაპირი მორთულია ხევსურული იარაღისთვის დამახასიათებელი ორნამენტირებული დეტალებით. ცალკე აღებულ ერთ დეტალს „ჯიხვის რქების“ ფორმა აქვს, რომლებიც ერთმანეთზე მიჯრითაა მიწყობილი და მთლიანობაში სამხარიღლიეს მორთულობასა და ჯავშანს წარმოადგენს. აღწერილი ხმალი ტიპური ხევსურული ხმალია, რომლის მსგავსი ნიმუშები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მრავლადაა დაცული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010
  • Аствацатурян Э. Г., Оружие народов кавказа, Санкт-Петербург, 2004
  • სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული ტ. I თბ., 1991