ხევსურული სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხევსურული სახლი — საცხოვრებელი სახლი გავრცელებული პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის სოფლებში.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში საცხოვრებლის ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპთაგანია ციხე-სახლი, რომელიც ახლოს დგას სვანეთისა და მთის რაჭის ციხე-სახლებთან. ერთმანეთთან უფრო ახლოა ხევსურეთისა და თუშეთის ციხე-სახლები, რამდენადმე განსხვავებულია ხევისა და მთიულეთის სახლებისაგან.

პირიქითა ხევსურეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირიქითა ხევსურეთში ციხე-სახლს ქვითკირი ეწოდება. იგი ოთხსართულიანია. სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბით და ჭერში დატოვებული ასაძრომებით („საკვამით“) უკავშირდება. ყოველ სართულში თითო ოთახია, ოთახებს სარკმლები არ აქვს და მათ მაგივრობას სათოფურები სწევს, ამიტომ ყველა სადგომი ბნელია. სახლის ორი სართული საქონლისთვისაა განკუთვნილი. სულ ქვემოთა („ძირისთვალი“) საძროხეა, მეორე — საცხვარე. მესამე და მეოთხე სართულები საცხოვრებელია. მესამე სართულში („შუათვალი“) გამართული იყო კერა. მეოთხე სართულს — ზედათვალს ოთხივე კედელზე, გარედან მიშენებული აქვს სათოფურებიანი ჩარდახი. სართულშუა გადახურვა და სახურავი ბრტყელია.

პირაქეთა ხევსურეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირაქეთა ხევსურეთში გავრცელებულია ტერასისებრი სახლების სხვადასხვა ვარიანტი, რომელიც სვანეთისა და მთის რაჭისაგან განსხვავებით, ხევსურეთში, მთიულეთსა და ხევში გვხვდება. ასეთ სახლებში ზედა სართულის ფასადი, ქვედა სართულის ფასადთან შედარებით, უკანაა დახეული, რის გამოც ქვედა სართულის ბანი ზედა სართულისათვის ტერასას წარმოადგენს. ტერასისებრი ტიპის ნაგებობაა კალოიანი სახლი. იგი უმეტესად სამსართულიანია. ხშირად აშენებულია ფერდობზე, რის გამოც სართულების ნაწილი მიწაშია შეჭრილი. პირველი სართული („სახლი“) ჯალაბობისა და პირუტყვისათვისაა განკუთვნილი. აქ ერთმანეთისგან დაწნული კედლებით გამოყოფილია: საცხოვრებელი ნაწილი, საძროხე, პროდუქტების დასამზადებელი ოთახი („სენე“) და სამეურნეო დანიშნულების სხვა ოთახები. მეორე სართული („ჭერხო“) მამაკაცთა სადგომია და ადამიანის და საქონლის საკვების საცავი, მესამეზე ე. წ. მაღალი ბანია, სადაც ზამთრობით ყინულზე პურს ლეწავენ. აქვეა, ბანის უკან „დაფარული კალო“ — ფარდული ბარგის (საჭურველის, იარაღის) შესანახად.

საცხოვრებელი პირობებისა და სამეურნეო საქმიანობის მოხერხებულობის მხრივ, კალოიანი სახლი, ციხე-სახლთან შედარებით, რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ აქ გამოთიშულია თავდაცვის ფუნქცია.

ხევსურეთში გავრცელებულია ასევე საბძლური სახლი. ესაა დამხმარე ნაგებობა, რომელსაც იყენებდნენ მსხვილფეხა საქონლის შესაფარად. სახელდობრ, როდესაც კალოიანი სახლის ჭერხოში საქონლის საკვები გამოიცლეოდა, ხევსური თავის საქონელთან ერთად საბძლურ სახლში გადადიოდა, რომელიც სოფლის განაპირას ჭალაში იდგა. საბძლური სახლი ქვისაა, ერთსართულიანი, აქვს ორკალთა სახურავი.

ხევსურეთში გვხვდება სოფლები, რომლებშიც ცალკეული სახლები იმდენად მჭიდროდაა შეჯგუფული, რომ მეკომურების გარჩევაც შეუძლებელია. შუა საუკუნეების საქართველოს მთიანეთის სამშენებლო ხელოვნების შესანიშნავი ძეგლია ციხე-სოფელი შატილი, რომელივ პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-ინგუშეთის საზღვარზე მდებარეობს. სოფელი ერთიან ბლოკადაა გადაქცეული და ერთ მთლიან ციხეს წარმოადგენს. სახლები ძელებისგან შეკრული ფიცარნაგებით — გადასასვლელებით იყვნენ დაკავშირებული, რომელთა მეშვეობით, მტრის შემოჭრის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემოვლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]