ხაშმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ხაშმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, ჩოლოყაშვილების სასახლის კომპლექსის ტერიტორიაზე.
ეკლესია დარბაზულია (10,1X6,2 მ). ნაგებია წვრილი რიყის ქვით და აგურით კირის სქელ დუღაბზე. კარ-სარკმელთა თაღების, კედლების გაფორმებისა და კარნიზებისთვის გამოყენებულია ქართული აგური. დახურულია კრამიტით. შესასლელი ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ამჟამად სამხრეთის ამოქოლილია. ტაძარი განათებულია აღმოსავლეთის და სამხრეთის ფართო სარკმლით და დასავლეთის კედელში კარის თავზე გაკეთებული საკარე ღიობით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომლის კონქი მხრებზე გადასულ შეისრულ თაღს ეყრდნობა. ტაძრის შეისრული კამარა გრძივი კედლების შუაში იმპოსტებსა და კაპიტელებზე დაყრდნობილ შეისრულ თაღს ეყრდნობა. ასეთივე თაღია დასავლეთის კედლის კუთხეებში. იატაკი აგურისაა. საკურთხევლის მხრებზე შემორჩენილია მცენარეული აჟურის მქონე ფილები. ასეთივე დეკორის მოჩარჩოება აქვს კანკელის წინ, სამხრეთ კედელზე გამოსახულ წმინდა ნიკოლოზის ფრესკას. ტაძარი გაჯითაა შელესილი, რის გამოც ტაძრის იმპოსტებისა და კაპიტელთა პროფილირება ნაწილობრივ დაკარგულია. კარ-სარკმლები და კანკელი ხისაა. ტაძარი დასავლეთის მხრიდან მოქცეულია ჩოლოყაშვილთა ციხე-გალავანში.
2012 წელს ეკლესიაში ხის იატაკი დააგეს, ააგეს ხის კანკელი და შენობა კრამიტით გადახურეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 370-377.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12627