ხატის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხატის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ნაფარეულის სამხრეთით 1-1,5 კილომეტრის დაშორებით, სასაფლაოზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა (13,7x8,6 მ). ნაგებია რიყის ქვით და აგურით. კედლები, ძირითადად, რიყის ქვითაა ამოყვანილი, რომელშიც თანაბარი ინტერვალებით აგურის ორ-ორი რიგისგან შედგენილი, თარაზული შრეებია ჩართული, გარეთა კუთხეებში მეტწილად, აგურია გამოყენებული. კარ-სარკმლების ღიობები და კონტრასტული ნაწილები (საბჯენი თაღები, კონქი, კამარა) კი მოლიანად შელესილი და შეთეთრებულია. კედლების ზედაპირი, გარედან, დუღაბის თხელი ფენითაა გასწორებული, რომელიც მხოლოდ რიყის ქვებით ნაწყობ ნაწილებს ფარავს.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. შესასვლელებს შიგნით ხის ძელოვანი, ბრტყელი გადახურვა აქვს. გარედან ორივე კარი შეისრულთაღიანია და კედლის ოდნავ შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასხმული, რომელსაც აგვირგვინებს ვიწრო, კუთხით შვერილი აგურების ორი რიგით გამოყვანილი ფრიზი.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღიანი ნიშებია მოწყობილი. მათგან ორი ჩრდილოეთითაა, ერთი - სამხრეთით. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ, ორი საფეხურითაა ამაღლებული, აფსიდიდან რამდენადმე წინაა წამოწეული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. საკურთხევლის შუაში შემორჩენილია ოთხწახნაგა ტრაპეზის მცირე ნაწილი. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია ორი, მძლავრი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი შეისრული, საბჯენი თაღით. გრძივ კედლებზე კიდევ ორ-ორი მსგავსი პილასტრია, რომლებიც შესაბამის კედლის სიბრტყეს სამ-სამ თანაბარ ნაწილად ყოფს. პილასტრები აგურის, ორსაფეხურიანი კაპიტელებითაა დასრულებული, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღის გარდა, ეყრდნობა პილატრებს შორის მოქცეულ კედლებში მოწყობილი, ბრტყელი ნიშების ნახევარწრიული თაღებიც. თითო პილასტრი დარბაზის დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათზე დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღია გადაყვანილი. გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეში თითო, კედლის სისქეში ორ საფეხურად შეღრმავებული, შეისრული თაღით გადახურული ნიშაა.

საკურთხელის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ შვიდი, მსგავსი სარკმელი აშუქებს, მათ შორის სამ-სამი - გრძივ კედლებშია, ერთი - დასავლეთით. ამ უკანასკნელის გასწვრივ, კედლის სისქეში, მოწყობილია სამრეკლოზე ასასვლელი კიბე.

ეკლესიის დასავლეთ ნაწილში, როგორც ჩანს, მოწყობილი იყო ხის პატრონიკე, საიდანაც მისადგმელი ხის კიბით სამრეკლოში ასასვლელ კიბეს უკავშირდებოდნენ.

ეკლესიის იატაკზე კვადრატული აგურია დაგებული.

შენობის ფასადებიდან არქიტექტურულად გაფორმებულია მხოლოდ დასავლეთ ფასადი. ფასადის შუა ნაწილში, მთელ სიმაღლეზე, გამოყვანილია შვერილი, რომლის ზედა ნაწილი ეკლესიის დასავლეთ კედელზე დადგმული სამრეკლოს ოთხკუთხა საფუძველთანაა გაერთიანებული. თვით შვერილი ორი, მძლავრი პილასტრისგან და მათზე დაყრდნობილი, ნახევარწრიული თაღისგან შედგება, თაღს ზემოთ აყვანილია კედელიმ რომელიც დასრულებულია აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით. შვერილის თაღოვან არეში, ერთ ვერტიკალზე, ეკლესიის შესასვლელი, სარკმელი და კედლის სიბრტყეში შეღრმავებული, მოზრდილი ჯვარია განლაგებული. მსგავსი ჯვარი აღმოსავლეთ ფასადზეცაა, ჯვრები წითელი საღებავითაა დაფერილი.

ეკლესიის კედლები დასრულებული იყო აგურის, სამსაფეხურიანი ლავგარდნით (შემორჩენილია მცირე ნაწილი). შენობა დგას ნატეხი ქვით ნაგებ, ერთსაფეხურიან ცოკოლზე. გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით (თითქმის მთლიანადაა ჩამოცვენილი).

სამრეკვლო მთლიანად აგურისაა - ოთხწახნაგა. იგი საფუძველთან შედარებით, გაცილებით უფრო ვიწროა და ოთხი მხრიდან თაღებითაა გახსნილი. გადახურულია პირამიდისებრი სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]