ხარიტონ აღმსარებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხარიტონ აღმსარებელი

რუსული ხატი 1660 წელი
დაიბადა III საუკუნე
კონია
გარდაიცვალა 350 ან 350
ბეით-ლაჰმი
ხსენების დღე 28 სექტემბერი
ატრიბუტები აღმსარებელი, სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელი წმინდა მიწაზე.
მოღვაწეობა ბერი

ხარიტონ აღმსარებელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, რომელმაც პირველმა დააარსა მონასტრული სავანები წმინდა მიწაზე. ხსენების დღე არის ძველი სტილით 28 სექტემბერი, ახალი სტილით - 11 ოქტომბერი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდანი იკონიაში ეწამა 270-324 წლებს შორის. უღმრთოებმა შეიპყრეს იგი და ცრუღვთაებებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა. ჯალათებმა ხარიტონს სამოსელი შემოაძარცვეს და ძროხის ძარღვებით სცემეს, შემდეგ კი მთავრის ბრძანებით საპყრობილეში ჩააგდეს. მტარვალი ჯერ ლიქნით, შემდეგ პატივის აღთქმით ცდილობდა მის გადაბირებას, ბოლოს კი ახალი სატანჯველები დაატეხა თავს: „შეწუა ცეცხლითა მკერდი მისი, ვითარცა შესაჭმელი ჴორცი“, ბორკილები აასხა და კვლავ დილეგში ჩააბრუნა. ამასობაში ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა. პყრობილი მართლმორწმუნეები გაათავისუფლეს. თავისუფლება ჰპოვა წმიდა ხარიტონმაც, რომელიც „ვითარცა აწ მკუდარ ქმნილი საწუთოჲთ და ქრისტესსა ცხორებად მნებებელი“ წმიდა ქალაქ იერუსალიმისკენ გაეშურა. გზაში იგი ავაზაკებმა შეიპყრეს, გამოქვაბულში გამოამწყვდიეს, თვითონ კი „მიმოდარბიოდეს ალაგთა გზათასა“ და სხვა მგზავრებს უსაფრდებოდნენ.

მარტო დარჩენილი წმიდანი მადლობას სწირავდა უფალს და მორჩილებით ელოდა მისი ნების გაცხადებას. ამასობაში მღვიმეში იქედნე შემოძვრა, ღვინით სავსე ჭურში ჩასრიალდა, შიგ შხამი ჩათხია და წავიდა. როცა ავაზაკები დაბრუნდნენ, წყურვილით გათანგულები, დაეწაფნენ მოწამლულ სასმელს და უკლებლივ ყველანი გაწყდნენ.

მონასტრების დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარანის ლავრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარიტონმა იმ მღვიმეში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი გადარჩენა მიემადლა. ყაჩაღების მიერ ნაგროვები ქონების ნაწილი მან გლახაკებსა და მეუდაბნოე მამებს განუყო, ნაწილით კი ააგო ტაძარი, რომლის ირგვლივაც თანდათან წარმოიქმნა პალესტინაში ცნობილი პალავრა. ასე დააარსა პირველი თავისი მონასტერი წმინდა ხარიტონ აღმსარებელმა †330 წელს. სავანისთვის წმიდანმა თავადვე შეადგინა წეს-განგება. ლავრას ახალი წინამძღვარი დაუდგინა, თვითონ კი უდაბნოს სიღრმეში შევიდა განსამარტოვებლად.

იერიქონის სავანე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეტარი მამა განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ მონაზვნური ცხოვრების მსურველებმა აქაც მიაკვლიეს მას. ასე დაარსდა †340 წელს ახალი, იერიქონის სავანე, რომელიც ასევე ცდუნების მონასტერის სახელსაც ატარებს, რადგანაც გადმოცემის თანახმად სწორედ ამ ადგილებში ებრძოდა მარხვისას ქრისტეს ეშმაკი.

სუკიის ლავრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე მონასტერი რომელიც ხარიტონ აღმსარებელმა დააარსა იყო სუკიის ანუ ძველი ლავრა. დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის უფალმა თავის რჩეულს სულიერ და ხორციელ სნეულებათა სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანს წინასწარ განეცხადა თავისი მიცვალების დღეც. მან ისურვა, რომ აღსასრულს ფარანის ლავრაში შეხვედროდა. მოუხმო ყველა მოწაფეს და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი.

ღირსი ხარიტონი დაახლოებით †350 წელს გავიდა ამ სოფლიდან, ღრმა მოხუცებულობაში. წმიდანის პატიოსანი ცხედარი ავაზაკთა მღვიმის ადგილას მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.