ხანგრძლივი კოვიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხანგრძლივი კოვიდი — მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გრძელვადიანი შედეგებით, რომლებიც გამოჩნდება ან გრძელდება COVID-19-ის ტიპური გამოჯანმრთელების პერიოდის შემდეგ. იგი ასევე ცნობილია, როგორც პოსტ-კოვიდ-19 სინდრომი, პოსტ-კოვიდ-19 მდგომარეობა,[1] კოვიდ-19-ის შემდგომი მწვავე შედეგები ან ქრონიკული კოვიდის სინდრომი.[2][3] ხანგრძლივმა კოვიდმა შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს თითქმის ყველა ორგანოს სისტემაზე, მათ შორის გამოიწვიოს სასუნთქი და ნერვული სისტემის, ნეიროკოგნიტური, ფსიქიკური ჯანმრთელობის, მეტაბოლური, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დარღვევები, აგრეთვე სისუსტე, ზოგადი გადაღლილობა, კუნთოვანი ტკივილები და ანემია. ხშირად აღინიშნება სიმპტომების ფართო სპექტრი, მათ შორის დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი, ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა), პაროსმია (დამახინჯებული ყნოსვა), კუნთების სისუსტე, დაბალი ცხელება და კოგნიტური დისფუნქცია.

სიმპტომების ზუსტი ბუნება და იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც განიცდიან გრძელვადიან სიმპტომებს, უცნობია და განსხვავდება გამოყენებული განმარტებების, შესწავლილი პოპულაციისა და კვლევისთვის დათმობილი დროის მიხედვით. დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაასკვნა, რომ ადამიანების დაახლოებით 14%-ს, რომელთაც დაუდგინდათ SARS-CoV-2, აღენიშნებოდათ ერთი ან მეტი სიმპტომი სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.[4] ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში, სადაც COVID-19-ით გადარჩენილი 273,618 ადამიანი მონაწილეობდა, ძირითადად შეერთებული შტატებიდან, აჩვენა, რომ დაახლოებით 37%-ს განუვითარდა ერთი ან მეტი სიმპტომი დადებითად ტესტირების შემდეგ სამიდან ექვს თვემდე.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს კვლევები ხანგრძლივი COVID-ის სხვადასხვა ასპექტზე,[5][6] 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, დაავადების ზუსტი განმარტება ჯერ კიდევ გაურკვეველია, ისევე როგორც მისი მექანიზმი. ზოგიერთ ქვეყანაში იურისდიქციები და ჯანდაცვის სისტემები მობილიზდნენ, რათა გაუმკლავდნენ პაციენტების ამ ჯგუფის პრობლემებს სპეციალიზებული კლინიკების შექმნითა და რჩევების მიწოდებით.[7][8][9]

ტერმინოლოგია და განმარტებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივი კოვიდი არის პაციენტების მიერ შექმნილი ტერმინი, რომელიც, როგორც ცნობილია, პირველად გამოიყენა ელისა პერეგომ, არქეოლოგმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, 2020 წლის მაისში, როგორც ჰეშთეგი Twitter-ზე.[10]

ხანგრძლივ კოვიდს არ აქვს ერთი, მკაცრი განმარტება. ნორმალურია და მოსალოდნელია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ისეთი მძიმე სიმპტომები ან გართულებები, როგორიცაა პოსტინტენსიური თერაპიის სინდრომი ან მეორადი ინფექციები, გამოჯანმრთელებისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდებათ, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც არ ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია (ე.წ. მსუბუქი COVID-19[11]) და არ აქვთ ასეთი გართულებები. სიმძიმის ცვალებადობამ შეიძლება გაართულოს იმის დადგენა, ინდივიდის მიმდინარე სიმპტომების ნაკრები ნორმალური, უბრალოდ გახანგრძლივებული გამოჯანმრთელების ნიშანია თუ ხანგრძლივი კოვიდი. დადგენილია, რომ ხანგრძლივი კოვიდის შემთხვევაში ინფიცირებულ ადამიანებს ახასითებთ სიმპტომები ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლინიკური შემთხვევის განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა კლინიკური შემთხვევების განმარტება[12], რომელიც შემდგომში გამოქვეყნდა ჟურნალში The Lancet Infectious Diseases:

ვიკიციტატა
„ პოსტ-COVID-19 მდგომარეობა ვლინდება პირებში, რომლებსაც აქვთ SARS-CoV-2-ის სავარაუდო ან დადასტურებული ინფექცია, ჩვეულებრივ, დაწყებიდან 3 თვეში, სიმპტომებით, რომლებიც გრძელდება მინიმუმ 2 თვე და ვერ აიხსნება ალტერნატიული დიაგნოზით. საერთო სიმპტომები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) დაღლილობას, ქოშინს და კოგნიტურ დისფუნქციას და ზოგადად გავლენას ახდენს ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე. ახალი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მწვავე COVID-19-ისგან თავდაპირველი გამოჯანმრთელების შემდეგ. სიმპტომები შეიძლება განმეორდეს დროთა განმავლობაში და ჰქონდეს ცვალებადი ინტენსივობა.“

ბრიტანული განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის ბრწყინვალების ეროვნული ინსტიტუტი (NICE) COVID-19-ის სამ კლინიკურ შემთხვევას გამოყოფს:

  • მწვავე COVID-19 — გამოიყენება SARS-CoV-2-ის მწვავე ნიშნებისა და სიმპტომების აღსაწერად დაინფიცირებიდან პირველი ოთხი კვირის განმავლობაში.
  • ხანგრძლივი კოვიდი — გამოიყენება ახალი ან მიმდინარე სიმპტომების დასახასიათებლად მწვავე COVID-19-ის დაწყებიდან ოთხი კვირის ან მეტი ხნის შემდეგ. იგი თავისმხივ იყოფა ორ ნაწილად:
    • მიმდინარე სიმპტომატური COVID-19 — ტერმინს იყენებენ ეფექტებისთვის დაწყების შემდეგ ოთხიდან თორმეტ კვირამდე და
    • პოსტ-COVID-19 სინდრომი ეფექტებისთვის, რომლებიც გრძელდება დაწყებიდან 12 ან მეტი კვირის შემდეგ.

NICE აღწერს ტერმინს ხანგრძლივი კოვიდი (რომელსაც ის იყენებს კლინიკური შემთხვევების სხვა განმარტებებთან ერთად), როგორც იმ ნიშნებისა და სიმპტომების აღსაწერად, რომლებიც გრძელდება ან ვითარდება მწვავე COVID-19-ის შემდეგ. იგი მოიცავს როგორც მიმდინარე სიმპტომატურ COVID-19-ს (ოთხიდან თორმეტ კვირამდე), ისე პოსტ-COVID-19 სინდრომს (12 კვირა ან მეტი).[13]

NICE განსაზღვრავს პოსტ-COVID-19 სინდრომს, როგორც „ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც ვითარდება COVID-19-ის თანმდევი ინფექციის დროს ან მის შემდეგ, გრძელდება 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და არ არის ახსნილი ალტერნატიული დიაგნოზით. ის ჩვეულებრივ ვლინდება სიმპტომების კლასტერით, რომელთა ინტენსივობა შეიძლება მერყეობდეს, იცვლებოდეს დროთა განმავლობაში და გავლენას ახდენდეს სხეულის ნებისმიერ სისტემაზე. პოსტ-COVID-19 სინდრომი შეიძლება ჩაითვალოს 12 კვირამდე პერიოდი.“[14]

ამერიკის შეერთებული შტატების განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის თებერვალში, აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დირექტორმა, ფრენსის კოლინსმა გამოიყენა ტერმინი პოსტ-მწვავე კოვიდის შემდეგი მოვლენები, რომელშიც გააერთიანა ხანგრძლივი სიმპტომები იმ პირებისთვის, რომლებიც სრულად არ გამოჯანმრთელებულან რამდენიმე კვირის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავდა დაღლილობას, ქოშინს, გონების დაბინდვას, ძილის დარღვევას, პერიოდულ ცხელებას, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, შფოთვასა და დეპრესიას. სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში და შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან უძლურებამდე.[15][16]

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო მიმოხილვამ გამოავლინა 50-ზე მეტი აშკარა გრძელვადიანი ეფექტი - მათ შორის ხანგრძლივი კოვიდის - და დაადგინა, რომ ჩართული პაციენტების 80%-ს ჰქონდა მინიმუმ ერთი სიმპტომი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.[17]

საერთაშორისო ონლაინ გამოკითხვამ 3762 მონაწილესთან ერთად, რომელთა ავადმყოფობა 28 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, დაადგინა, რომ მათ 91%-ს 35 კვირაზე მეტი დრო დასჭირდათ სრულად გამოსაჯანმრთელებლად. საშუალოდ, მონაწილეებს აღენიშნებოდათ 56 სიმპტომი (სტანდარტული გადახრა ± 25.5) ცხრა ორგანოთა სისტემაში. სიმპტომები იცვლებოდა დროთა განმავლობაში და ყველაზე გავრცელებული სიმპტომები ექვსი თვის შემდეგ იყო დაღლილობა, ვარჯიშის შემდგომი სისუსტე და კოგნიტური დისფუნქცია.

სიმპტომების რეციდივი მოხდა მონაწილეთა 86%-ში ფიზიკური ან გონებრივი ძალისხმევის ან სტრესის გამო. გამოვლინდა სიმპტომების სამი ჯგუფი: საწყისი სიმპტომები, რომლებიც პიკს აღწევს პირველ ორ-სამ კვირაში და შემდეგ ქრება; სტაბილური სიმპტომები; და სიმპტომები, რომლებიც საგრძნობლად იზრდება პირველ ორ თვეში და შემდეგ სტაბილიზდება.

ხანგრძლივი კოვიდის მქონე ადამიანების მიერ ნახსენები სიმპტომები მოიცავს: [18] [19] [20] [21] [22]

  • უკიდურესი დაღლილობა
  • ხანგრძლივი ხველა
  • კუნთების სისუსტე
  • დაბალი ცხელება
  • კონცენტრაციის უუნარობა (გონების დაბინდვა)
  • მეხსიერების დაქვეითება
  • განწყობის ცვლილებები, ზოგჯერ თან ახლავს დეპრესია და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები
  • ძილის სირთულეები
  • თავის ტკივილი
  • სახსრების ტკივილი
  • ნემსის ტკივილები ხელებსა და ფეხებში
  • დიარეა და ღებინება
  • გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვა
  • ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება
  • დიაბეტი და ჰიპერტენზია
  • გულძმარვა
  • გამონაყარი კანზე
  • ჰაერის უკმარისობა
  • გულმკერდის ტკივილები
  • თირკმელების პრობლემები (თირკმელების მწვავე დაზიანება და ქრონიკული თირკმლის დაავადება)
  • ცვლილებები პირის ღრუს ჯანმრთელობაში (კბილები, ნერწყვი, ღრძილები)
  • ანოსმია (ყნოსვის ნაკლებობა)
  • პაროსმია (ყნოსვის დამახინჯება)
  • ტინიტუსი
  • სისხლის შედედება (ღრმა ვენის თრომბოზი და ფილტვის ემბოლია)

ეპიდემიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფექციის შემდეგ გახანგრძლივებული სიმპტომების შესახებ ზოგიერთი ცნობა გაჩნდა COVID-19 პანდემიის ადრეულ პერიოდში, [23] მათ შორის იმ ადამიანებში, რომლებსაც ჰქონდათ მსუბუქი (არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას [24]) ან საშუალო სიმძიმის (მოითხოვდა ჟანგბადის დამატებას) ინფექცია და ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს უფრო მძიმე ინფექციით. [25] ჰონგ-კონგში SARS-ის შემდეგ 4-წლიან გამოკითხვაში, გადარჩენილთა 42,5%-მა აღნიშნა სულ მცირე ერთი დიაგნოსტირებადი ფსიქიატრიული აშლილობა, დაწყებული პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობებით, დეპრესიითა და ქრონიკული დაღლილობით.

2021 წლის იანვრის მონაცემებით, მსგავსი სიმპრომების ზუსტი სიხშირე უცნობი იყო. სიხშირე დროთა ინფიცირებულთა გამოჯანმრთელებასთან ერთად კლებულობს. თავდაპირველი კვლევების მიხედვით, ინფიცირებულთა 20%-დან 33%-მდე ნაწილს აღენიშნებოდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიმპტომები, რომლებიც ერთ თვეზე დიდხანს გრძელდებოდა.[26]

2020 წლის პირველ ნახევარში ჩატარებულმა სატელეფონო გამოკითხვამ ამერიკის შეერთებულ შტატებში აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ით დაინფიცირებულთა დაახლოებით 35%-ს აღენიშნებოდა ხანგრძლივი სიმპტომები. 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისმა დაადგინა, რომ გამოკვლეულთა დაახლოებით 21%-ს აღენიშნებოდა სიმპტომები ხუთი კვირის შემდეგ, ხოლო 10%-ს 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.[27][28]

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების ნაწილს აქვს SARS-CoV-2 ინფექციის ხანგრძლივი სიმპტომები.[29][30]

მიუხედავად იმისა, რომ ყველას, ვინც ინფიცირდება, შეიძლება განუვითარდეს ხანგრძლივი კოვიდი, ადამიანებს, რომლებიც ისე ავადდებიან, რომ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, გამოჯანმრთელებისთვის უფრო მეტი დრო სჭირდებათ. მძიმე დაავადებით ჰოსპიტალში გადაყვანილთა უმრავლესობა (80%-მდე[31]) განიცდის გრძელვადიან პრობლემებს, მათ შორის დაღლილობასა და ქოშინს[32] [33]. მძიმე საწყისი ინფექციის მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ესაჭიროებათ მექანიკური ვენტილაცია სუნთქვის გასამარტივებლად, შესაძლოა განუვითარდეთ პოსტინტენსიური თერაპიის სინდრომი გამოჯანმრთელების შემდეგ.

პაციენტების კვლევამ, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ უხანში, აჩვენა, რომ უმრავლესობას ექვსი თვის შემდეგ მაინც ჰქონდა ერთი სიმპტომი. პაციენტები, რომლებიც უფრო მძიმედ იყვნენ დაავადებულები, კვლავ აჩვენებდნენ ფილტვების მძიმე უკმარისობას.[34] 1733 პაციენტს შორის, რომლებიც გაწერეს საავადმყოფოდან და მათი კვლევა გააგრძელეს დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ყველაზე გავრცელებული სიმპტომები იყო დაღლილობა ან კუნთების სისუსტე (63%), ძილის სირთულეები (26%) და შფოთვა ან დეპრესია (23%).

ზოგიერთ ადამიანს აწუხებს გრძელვადიანი ნევროლოგიური სიმპტომები, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილა ჰოსპიტალიზებული COVID-19-ის გამო; ამ პოპულაციის პირველი კვლევა გამოქვეყნდა 2021 წლის მარტში. ყველაზე ხშირად, არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებს აღენიშნებოდათ „მუდმივი გონების დაბინდვა და დაღლილობა, რაც გავლენას ახდენს მათ შემეცნებასა და ცხოვრების ხარისხზე“. [35]

2021 წლის იანვარში, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების 30% ხელახლა გადაიყვანეს საავადმყოფოში 140 დღის განმავლობაში, ხოლო 12% გარდაიცვალა. ბევრ პაციენტს პირველად განუვითარდა დიაბეტი, ასევე გულის, ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები. [36]

2021 წლის მარტში, ინდონეზიის ექიმთა ასოციაციამ, 463 ადამიანის გამოკითხვისას დაადგინა, რომ გამოკითხულთა 63,5%-მა დაადასტურა გრძელვადიანი სიმპტომებიის ქონა SARS-CoV-2 ინფექციის შემდეგ. სიმპტომების ზუსტი ნაკრები არ იყო მითითებული, თუმცა, სტატიის მიხედვით, დაღლილობა და ხველა იყო ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რასაც მოჰყვებოდა კუნთებისა და თავის ტკივილი. [37]

2021 წლის მაისში, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებულმა გლობალურ სისტემატურ მიმოხილვაში დადგინდა, რომ მრავალი სიმპტომი გაგრძელდა COVID-19-ის პაციენტების 70%-ზე მეტში დაავადებისგან გამოჯანმრთელებიდან თვეების შემდეგ. ამ კვლევაში პაციენტების უმეტესობა ადრე ჰოსპიტალიზირებული იყო. ყველაზე გავრცელებული გახანგრძლივებული სიმპტომები მოიცავდა ქოშინს, დაღლილობასა და ძილის დარღვევას. საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა 84 კლინიკური ნიშანი ან სიმპტომი, მათ შორის გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვა, კოგნიტური დარღვევები, როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა და კონცენტრაციის გაძნელება, დეპრესია და შფოთვა.

2021 წლის ივნისში, ბერგენში, ნორვეგიაში ჩატარებულმა ხანგრძლივმა კვლევამ აჩვენა, რომ სახლში იზოლირებული ახალგაზრდების (16-30 წლის ასაკობრივი ჯგუფი) შემთხვევების 52%-ს (31/61) გაუგრძელდა სიმპტომები ექვსი თვის განმავლობაში.[38]

2021 წლის აგვისტოში, უხანში, 2020 წლის ადრეული ეპიდემიის შემდეგ გამოჯანმრთელებული 1276 პაციენტის კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიმპტომი დროთა განმავლობაში გაქრა და ადრე დაინფიცირებულთა 88% დაუბრუნდა პირვანდელი ცხოვრების რეჟიმს, მათგან 49%-ს ჰქონდა მინიმუმ ერთი სიმპტომი შემდგომი 12 თვის განმავლობაში საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ და შესწავლილი ჯგუფის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უფრო დაბალი იყო. ქალებს ჰქონდათ დაღლილობის, კუნთების სისუსტის, შფოთვის, დეპრესიის ან ფილტვების დიფუზიის დაქვეითების უფრო მეტი შანსი მამაკაცებთან შედარებით. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ გადარჩენილები არიან ფსიქიკური დაავადებების უფრო დიდი რისკის ქვეშ, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია.

2021 წლის სექტემბერში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა The Lancet-ში, დაადგინა, რომ COVID-19 ვაქცინის ორი დოზის მიღებამ გაანახევრა ხანგრძლივი კოვიდის შანსები.

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად უცნობია, რატომ აღდგება ადამიანების უმეტესობა სრულად ორ-სამ კვირაში და სხვები განიცდიან სიმპტომებს კვირების ან თვეების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი პროცესები, რომლებიც იწვევენ ხანგრძლივ კოვიდს, უცნობია, შემოთავაზებულია არაერთი მექანიზმი.

2021 წლის მარტის მიმოხილვის სტატიაში ჩამოთვლილია შემდეგი პათოფიზიოლოგიური პროცესები, როგორც ხანგრძლივი კოვიდის ძირითადი მიზეზები:

  • პირდაპირი ტოქსიკურობა ვირუსით ინფიცირებულ ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში
  • მიმდინარე ანთება პოსტინფექციური იმუნური სისტემის დისრეგულაციის გამო
  • სისხლძარღვთა დაზიანება და იშემია გამოწვეული ჰიპერკოაგულაციით (მიდრეკილება შინაგანი შედედებისკენ) და თრომბოზებით (შიდა სისხლის კოლტები)
  • რენინ-ანგიოტენზინის სისტემის დარღვეული რეგულირება, რომელიც დაკავშირებულია SARS-CoV-2-ის ეფექტთან ACE2 მატარებელ ქსოვილზე

2020 წლის ოქტომბერში, გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიმოხილვამ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ოთხი სინდრომით:

  • ფილტვების და გულის მუდმივი დაზიანება,
  • პოსტინტენსიური თერაპიის სინდრომი
  • პოსტვირუსული დაღლილობა, ზოგჯერ განიხილება როგორც მიალგიური ენცეფალომიელიტი/ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • COVID-19-ის სიმპტომების გახანგრძლივება.

სხვა სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი და მიმდინარე სიმპტომები, მოიცავს:

  • ვირუსის არსებობა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს, არაეფექტური იმუნური პასუხის გამო;
  • რეინფექცია (მაგ., ვირუსის სხვა შტამით);
  • ანთებით გამოწვეული დაზიანება და ინფექციაზე ძლიერი იმუნური პასუხი;
  • ფიზიკური დაქვეითება ავადმყოფობის დროს ვარჯიშის ნაკლებობის გამო;
  • პოსტტრავმული სტრესი ან სხვა ფსიქიკური შედეგები, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ შფოთვა, დეპრესია, უძილობა ან სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
  • ჟანგბადის გაცვლის დათრგუნვა სისხლის პლაზმის მუდმივი მოცირკულირე მიკროთრომბების შედეგად; და
  • ინფექციის შემდეგ სხვადასხვა ავტოანტისხეულების განვითარება.

მსგავსება სხვა სინდრომებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივი კოვიდი ჰგავს პოსტ-ებოლას სინდრომსა და პოსტინფექციურ სინდრომებს, რომლებიც ჩანს ჩიკუნგუნიაში და ინფექციები, რომლებიც, როგორც ჩანს, იწვევენ მიალგიურ ენცეფალომიელიტსა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ხანგრძლივი კოვიდის პათოფიზიოლოგია შეიძლება იყოს ამ სხვა პირობების მსგავსი. ზოგიერთ ხანგრძლივი კოვიდის პაციენტს კანადაში დაუსვეს მიალგიური ენცეფალომიელიტის/ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი და მოიხსენიეს იგი „დაუძლურებად, მრავალსისტემურ ნევროლოგიურ დაავადებად, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეულია ინფექციური დაავადებით“. ლუსინდა ბეიტმანი, მიალგიური ენცეფალომიელიტის/ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზის სპეციალისტი აშშ-ში სოლტ-ლეიკ-სიტიში, თვლის, რომ ეს ორი სინდრომი იდენტურია. [39]

რისკ-ფაქტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლონდონის კინგს კოლეჯის კვლევის მიხედვით, რომელიც თავდაპირველად გამოქვეყნდა 2020 წლის 21 ოქტომბერს, ხანგრძლივი კოვიდის რისკ-ფაქტორებს შეიძლება მოიცავდეს: [40]

  • ასაკი — განსაკუთრებით 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები
  • სიმსუქნე [41]
  • ასთმა
  • COVID-19 ინფექციის პირველ კვირაში ხუთზე მეტი სიმპტომის (მაგ. ხველა, დაღლილობა, თავის ტკივილი, დიარეა, ყნოსვის დაკარგვა) დაფიქსირება.

ქალებს ნაკლებად აქვთ მძიმე მწვავე კოვიდის განვითარების ალბათობა, მაგრამ უფრო მეტად უვითარდებათ ხანგრძლივი კოვიდი, ვიდრე მამაკაცებს. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ეს ძირითადად გამოწვეულია ჰორმონალური განსხვავებებით, [42] ხოლო სხვა კვლევები მიუთითებს სხვა ფაქტორებზე, მათ შორის ქრომოსომულ გენეტიკაზე, იმუნური სისტემის ქცევაში სქესზე დამოკიდებულ განსხვავებებსა და არაბიოლოგიურ ფაქტორებზე.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქსენონის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება ხანგრძლივი კოვიდის შესასწავლად, რადგან ის პაციენტებსა და ექიმებს აძლევს ინფორმაციას ადრე აუხსნელ დაკვირვებებზე. ქსენონის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას შეუძლია გაზომოს გაზის გაცვლა და მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ჰაერი შეიწოვება პაციენტის სისხლძარღვში, რაც გამოკვლეულია გრძელვადიანი კოვიდის პაციენტებში. [43]

ქსენონის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას შეუძლია ფილტვების ფუნქციის სამი კომპონენტის რაოდენობრივი განსაზღვრა: ვენტილაცია, ბარიერული ქსოვილის შეწოვა და გაზის გაცვლა. ქსენონ-129 ხსნადია ფილტვის ქსოვილში, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს ფილტვის ისეთი ფუნქციები, როგორიცაა პერფუზია და გაზის გაცვლა (უპირატესია ჰელიუმთან შედარებით). ვენტილაცია ზომავს, თუ როგორ ნაწილდება ჰაერი ფილტვებში და შეუძლია აღმოაჩინოს პოტენციურად დაზიანებული ფილტვის უბნების მდებარეობა, თუ ქსენონი არ აღწევს ამ ადგილებში. ბარიერული ქსოვილის შეწოვა და გაზის გაცვლა ზომავს ჰაერის დიფუზირებას ალვეოლურ-კაპილარულ მემბრანაზე. ამგვარი მეთოდი გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რამდენად კარგად შეიწოვება ჰაერი ფილტვებში, ფილტვის ქსოვილში და მიიღება სისხლით. [44]

საზოგადოების გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთმა ადამიანებმა, ვინც განიცდიდა ხანგრძლივ კოვიდს, შექმნეს ჯგუფები სოციალური მედიის საიტებზე. [45][46] [47] [48] არსებობს აქტიური საერთაშორისო ხანგრძლივი კოვიდის პაციენტთა ადვოკატირების მოძრაობა [49] იგი მოიცავს კვლევას, რომელსაც თავად პაციენტები ხელმძღვანელობენ. ბევრ ამ ჯგუფში, ადამიანების გამოხატავენ იმედგაცრუებას და მიიჩნევენ, რომ მათი პრობლემები უარყეს სამედიცინო პროფესიონალებმა. [47] [48]

სპეციალური პოპულაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 20 000 ადამიანი მათ შორის ბავშვები და მოზრდილები მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ბავშვებში, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ, სულ მცირე ერთი სიმპტომი მაინც გაგრძელდა ხუთი კვირის შემდეგ ორიდან თერთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების 9,8%-ში და ბავშვების 12-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების 13%-ში.. [50] იტალიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც გააანალიზა 18 წლამდე ასაკის 129 ბავშვი, შეისწავლა ჯანმრთელობის მონაცემები, რომლებიც მიღებული იყო კითხვარის საშუალებით 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე. ჯგუფის 53%-ს განუვითარდა COVID-19 სიმპტომები დიაგნოზიდან 120 დღეზე მეტი ხნის შემდეგ. სიმპტომები მოიცავდა უძილობას, დაღლილობას, კუნთების ტკივილს, გულმკერდის დაჭიმვასა და ტკივილს, ცხვირის შეშუპებას, დაღლილობას და კონცენტრაციის გაძნელებას. შვედეთში ჩატარებულ კვლევაში იყო სიმპტომები (დაღლილობა, გულის ფრიალი, ქოშინი, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე და კონცენტრაციის გაძნელება) დაინფიცირებიდან 6-8 თვის განმავლობაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A clinical case definition of post COVID-19 condition by a Delphi consensus, 6 October 2021. www.who.int.
  2. „Long-Term Effects of COVID-19“. Centers for Disease Control and Prevention. 13 November 2020. ციტირების თარიღი: 27 November 2020.
  3. Overview | COVID-19 rapid guideline: managing the long-term effects of COVID-19 | Guidance | NICE. National Institute for Health and Care Excellence (18 December 2020). ციტირების თარიღი: 18 December 2020
  4. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (2021-04-01).
  5. „Workshop on Post-Acute Sequelae of COVID-19 (Day 1)“. https://videocast.nih.gov/watch=38878.
  6. „Workshop on Post-Acute Sequelae of COVID-19 (Day 2)“. https://videocast.nih.gov/watch=38879.
  7. Center for Post-COVID Care | Mount Sinai - New York.
  8. Delhi's Post-Covid Clinic For Recovered Patients With Fresh Symptoms Opens.
  9. Post COVID-19 Rehabilitation and Recovery.
  10. Why we need to keep using the patient made term "Long Covid" (1 October 2020). ციტირების თარიღი: 18 October 2020
  11. Wu, Katherine J.. (2021-10-08) Nine Pandemic Words That Almost No One Gets Right. ციტირების თარიღი: 2021-10-15
  12. A clinical case definition of post COVID-19 condition by a Delphi consensus, 6 October 2021."A clinical case definition of post COVID-19 condition by a Delphi consensus, 6 October 2021". www.who.int.
  13. Context | COVID-19 rapid guideline: managing the long-term effects of COVID-19 (18 December 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 18 December 2020
  14. Context | COVID-19 rapid guideline: managing the long-term effects of COVID-19 (18 December 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 18 December 2020"Context | COVID-19 rapid guideline: managing the long-term effects of COVID-19" დაარქივებული 2021-01-11 საიტზე Wayback Machine. . National Institute for Health and Care Excellence. 18 December 2020. Retrieved 18 December 2020.
  15. NIH launches new initiative to study "Long COVID" (23 February 2021).
  16. Post-COVID Conditions (11 February 2020).
  17. „Lingering Symptoms: Researchers Identify Over 50 Long-Term Effects of COVID-19“. SciTechDaily. Houston Methodist. 1 September 2021. ციტირების თარიღი: 21 September 2021.
  18. COVID-19 (coronavirus): Long-term effects.
  19. What are the long-term health risks following COVID-19?. Royal Australian College of General Practitioners (RACGP).
  20. „Chinese study finds most patients show signs of 'long Covid' six months on“. South China Morning Post. 10 January 2021. ციტირების თარიღი: 11 January 2021.
  21. Their Teeth Fell Out. Was It Another Covid-19 Consequence?.
  22. Can COVID-19 alter your personality? Here's what brain research shows..
  23. The tragedy of the post-COVID "long haulers" (15 October 2020).
  24. Clinical Spectrum.
  25. All we know so far about 'long haul' Covid – estimated to affect 600,000 people in the UK (12 August 2020).
  26. The prevalence of long COVID symptoms and COVID-19 complications.
  27. Long Covid alarm as 21% report symptoms after five weeks.
  28. I'm a consultant in infectious diseases. 'Long Covid' is anything but a mild illness.
  29. The prevalence of long COVID symptoms and COVID-19 complications (December 2020)."The prevalence of long COVID symptoms and COVID-19 complications". Office of National Statistics UK. December 2020.
  30. Counting long covid in children (16 October 2020).
  31. „Long-haul COVID-19 patients will need special treatment and extra support, according to new guide for GPs“. ABC News. Australian Broadcasting Corporation. 14 October 2020. ციტირების თარიღი: 19 October 2020.
  32. Summary of COVID-19 Long Term Health Effects: Emerging evidence and Ongoing Investigation (1 September 2020).
  33. How long does COVID-19 last? (6 June 2020).
  34. „Chinese study finds most patients show signs of 'long Covid' six months on“. South China Morning Post. 10 January 2021. ციტირების თარიღი: 11 January 2021.
  35. „They Had Mild Covid. Then Their Serious Symptoms Kicked In“. The New York Times. 23 March 2021. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-28. ციტირების თარიღი: 27 March 2021.
  36. „Almost a third of recovered Covid patients return to hospital in five months and one in eight die“. The Telegraph. 18 January 2021.
  37. „Indonesians open up about the impacts of long COVID, one year since the country's first case“. ABC News. Australian Broadcasting Corporation. 6 March 2021. ციტირების თარიღი: 6 March 2021.
  38. „Half of young adults with COVID-19 have persistent symptoms after 6 months“. medicalxpress.com. ციტირების თარიღი: 10 July 2021.
  39. Some COVID-19 long-haulers are developing a 'devastating' syndrome (5 May 2021). ციტირების თარიღი: 7 May 2021
  40. „Long Covid: Who is more likely to get it?“. BBC. 21 October 2020. ციტირების თარიღი: 21 October 2020.
  41. Obesity linked to long Covid-19, RAK hospital study finds (12 August 2021).
  42. Sex Hormones May Be Key Weaponry in the Fight Against COVID-19. Endocrineweb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-27. ციტირების თარიღი: 2022-02-05.
  43. Crump, Ed (14 June 2021). „Polarean: Durham company's lung imaging technique could help long-haul COVID patients“. ABC11 Raleigh-Durham. ციტირების თარიღი: 29 September 2021.
  44. Basic Principles of Hyperpolarized Gas. Polarean Imaging plc..
  45. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  46. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (27 November 2020).
  47. 47.0 47.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (27 November 2020).
  48. 48.0 48.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (2022-01-25).
  49. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  50. Prevalence of ongoing symptoms following coronavirus (COVID-19) infection in the UK: 1 April 2021 (2021-04-01). ციტირების თარიღი: 2021-08-14"Prevalence of ongoing symptoms following coronavirus (COVID-19) infection in the UK: 1 April 2021". Office for National Statistics. 1 April 2021. Retrieved 14 August 2021.