ხალხური დღესასწაულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხალხური დღესასწაულები — დღესასწაულთა ერთობლიობა თბილისში, რომლებიც მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, მთელი ქალაქის ყურადღებას იმსახურებდა. მასში მეტ-ნაკლებად აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიების წარმომადგენლები.

დღესასწაულებში, რელიგიურ სიუჟეტთან ერთად, აქცენტირებული იყო სხვადასხვა წარმომავლობის, მაგრამ თბილისისათვის დამახასიათებელი კულტურული ფასეულობები. მათ პოპულარობას ხელს უწყობდა სანახაობრივი მხარე, ასევე უძველესი სარწმუნოებრივ-მითოსური შრე, გასაგები და მისაღები ქალაქში მცხოვრები ყველა ეთნოსისათვის. თბილისში სხვადასხვა დროს შემოდიოდნენ, მკვიდრდებოდნენ და ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სპარსელები, არაბები, თურქები, ასურელები, ბერძნები, სომხები, რუსები და სხვ. ისინი კომპაქტურად სახლდებოდნენ და ქმნიდნენ უბნებს, მიკროკულტურულ გარემოს საკუთარი სამლოცველოებით, დღესასწაულებით, სასაფლაოებით და კულტურის სხვა რეალიებით. ქალაქში ხანგრძლივი თანაცხოვრების პირობებში ეს ეთნოკულტურული ერთეულები უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და, მიუხედავად გარკვეული იზოლაციისა, ქმიდნენ ქალაქის განუმერებელ კოლორიტს.

სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიების წარმომადგენლები თბილისში ხშირად ერთვებოდნენ ერთმანეთის რიტუალებსა და დღესასწაულებში, ხოლო რაც შეეხება დაკრძალვას, მასში მონაწილეობდა განისაზღვრებოდა არა მარტო ეთნიკური ან სარწმუნოებრივი ნიშნით, არამედ მეზობლობით და თანამშრომლობით.

თბილისში ძველთაგანვე იმართებოდა ქართველების ბერიკაობა, რომლის სახელწოდებას მონღოლების დროიდან ყეენობაც დაემატა და დღეს ცნობილია ბერიკაობა-ყეენობის სახელით. ძალზე პოპულარული იყო მამადავითობა, როელიც მოსახლეობის სხვადასხვა ფენისა და სარწმუნოების წარმომადგენლეს იზიდავდა. მაჰმადიანები მართავდნენ შაჰსეი-ვასეის, ასევე იმართებოდა სპარსელების უძველესი დღესასწაული ნოვრუზი, მაჰმადიანები რამაზანის დასასრულს მართავდნენ ყურბან-ბაირამს, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს. თბილისში სჯულით გათვალისწინებულ ყველა დღესასწაულს მართავდნენ ებრაელები, თუმცა ისინი სხვებზე მეტად იყვნენ იზოლირებული. აღსანიშნავია მათი საახალწლო დღესასწაული როშეშანა. განსაკუთრებით პოპულარული იყო სუბსარქისი სომხებში.

გარდა ჩამოთვლილი დღესასწაულებისა, თბილისში აღინიშნებოდა მრავალი ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, საუბნო თუ საოჯახო დღეები, როდესაც სტუმრობა და თანამონაწილეობა ჩველებრივი მოვლენა იყო. ამ გზით თბილისის მოსახლეობა გამოხატავდა როგორც ეთნიკურ და სარმუნოებრივ კუთვნილებას, ისე თავის დამოკიდებულებას მეზობელთა კულტურების მიმართ. შექმნილი სპეციფიკური გარემოს ძირითადი ნიშანი იყო კულტურულ-სარწმუნოებრივი მიმტევებლობა, რაც საფუძვლად დაედო თბილისელი მოქალაქი თავისებურ ზნეობრივ ტიპს. აღნიშნულ მოვლენათა ერთობლიობამ განაპირობა თბილისის უნიკალური კულტურული მოდელის ჩამოყალიბება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]