ხალიდ მასუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხალიდ მასუდი (დ. 25 დეკემბერი, 1964 — გ. 22 მარტი, 2017) — ბრიტანეთის მოქალაქე, რომელმაც 2017 წლის 22 მარტს ლონდონის ცენტრში ტერორისტული აქტი მოაწყო ვესტმინსტერის ხიდსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაიღუპა ხუთი, მათ შორის, მასუდიც, და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალიდ მასუდი (Khalid Masood)[1] 1964 წლის 25 დეკემბერს, კათოლიკურ შობა დღეს, დაიბადა ქალაქ დარტფორდში, კენტის საგრაფოში. დედა, ჯანეტ ელმზი მშობიარობისას მხოლოდ 17 წლის იყო. ახალშობილს ადრიან რასელ ელმზი (Adrian Russel Elms) დაარქვეს.

1966 წელს ჯანეტი ცოლად გაჰყვა ფილიპ აჯაოს (Philip Ajao). 2 წლის ბავშვს მამინაცვალმა თავისი გვარი მისცა და მას მერე ადრიან რასელ აჯაოდ იცნობდნენ. ბიჭი მშობლებმა 300-ათას გირვანქა სტერლინგად შეფასებულ სახლში გაზარდეს აღმოსავლეთ სასექსში. ბიჭი იქ თავის ნახევარძმებთან, ალექსსა და პოლთან ერთად ცხოვრობდა. ჯანეტი რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში.

თანასკოლელების თქმით, ადრიანი პოპულარული მოსწავლე იყო, რომელსაც "წვეულებებზე გართობა უყვარდა" და კარგად თამაშობდა ფეხბურთს[2]. ყოფილმა თანაკლასელმა სტუარტ ნაითმა (Stuart Knight) გაზეთ „გარდიანს“ უთხრა, რომ 14 წლის ასაკში ადრიანი „არაჩვეულებრივი, ნამდვილად სასიამოვნო ყმაწვილი იყო“[2]. მეორე თანაკლასელი კენტონ ტილი (Kenton Till) ჟურნალისტთან საუბარში იხსენებს, რომ „ის მომხიბლავი პიროვნება იყო და ყველას მოსწონდა. ძალიან ჭკვიანი იყო და განსაკუთრებით კარგად ქიმიას სწავლობდა“. კენტონ ტილმა ისიც თქვა, რომ ადრიანს სკოლაში „შავ ეიდს“ (Black Ade) ეძახდნენ. ძნელი სათქმელია, ეს მეტსახელი გულისხმობდა თუ არა ფარულ რასიზმს; ანდა - მოსწონდა ადრიანს, როცა ასე მიმართავდნენ თანატოლები თუ სწყინდა.

16 წლის ადრიანმა სკოლა დაამთავრა და თანდათან დაშორდა ყოფილს კლასელებს, რადგან იგი კრიმინალურმა ცხოვრებამ ჩაითრია. რეგრესი იმდენად სწრაფი გამოდგა, რომ 18 წლის ასაკში კოკაინის სერიოზული მომხმარებელი გახდა.

კრიმინალიდან ტერორისტობამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წლის ნოემბერში 18 წლის ადრიანი პირველად მოხვდა ბრალდებულის სკამზე კრიმინალური დანაშაულისთვის.

28 წლისამ ჯეინ ჰარვი (Jane Harvey) გაიცნო და მასთან ერთად მშვიდი, სტანდარტული ცხოვრების აწყობა სცადა. 1992 წელს წყვილს პირველი ქალიშვილი შეეძინა. ადრიანმა სამსახური იშოვა ქიმიურ კომპანიაში, თან უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა. სასიკეთო ცვლილებების პარალელურად, მას აშკარად ემატებოდა გარშემომყოფებისადმი გაუცხოება. ადგილობრივი პაბის მეპატრონე ალისა უილიამსი (Alice Williams) იხსენებს, რომ ადრიანი მასზე ტოვებდა „ძალიან განათლებული, მაგრამ ყოველთვის ცოტათი ბოროტებისკენ მიდრეკილი“[2] ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც „წაირასისტებდა“[2].

1990-იანების შუაში ადრიანი და ჯეინი სასექსის საგრაფოს სოფელ Northiam-ში ცხოვრობდნენ საკუთარ ორ ქალიშვილთან ერთად.

2000 წელს მისი მშობლები, ჯანეტი და ფილიპი დასავლეთ უელსში გადავიდნენ საცხოვრებლად. დედ-მამის ასე შორს წასვლამ ადრიანს სტაბილურობის შეგრძნება დაუკარგა. ამავე წელს, „რასობრივი გამონათქვამების“ გამო, მას კამათი მოუვიდა კაფეს მეპატრონესთან, თანასოფლელ პირს მოტთან (Piers Mott). წყობიდან გამოსულმა ადრიანმა ჯერ მოტის მანქანაში სკამის შალითები დასერა დანით, ხოლო როცა ავტომობილს პატრონი მიუახლოვდა, ცივი იარაღით სახე დაუზიანა. მოტს 20 ნაკერი დაადეს ლოყაზე. ამ ინციდენტის შემდეგ სოფელმა ადრიანი და მისი ოჯახი მოიკვეთა.

მოტისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანისა და ცივი იარაღის უკანონოდ ტარების გამო, მოსამართლე ჩარლზ კემპმა (Charles Kemp) დამნაშავეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საპატიმროში ყოფნა მინიმალური ვადით მოუწია ადრიანს, რადგან მან დანაშაული აღიარა, მაგრამ ჩვენების მიცემისას, ყველაფერი სიმთვრალესა და შემთხვევითობას დააბრალა (კამათის დაწყებამდე 2 ლიტრზე მეტი ლუდი დავლიე, ხოლო დანა თან იმიტომ მქონდა, რომ ქალიშვილის საძინებელში დეკორაციას ვცვლიდიო). სასჯელი ვეილენდის ციხეში, ნორფოლკის საგრაფოში მოიხადა. იქიდან გამოსვლის შემდეგ, ქალაქ ისტბორნში (Eastbourne) ცხოვრობდა.

ყოფილმა პატიმარმა მალე ისევ გისოსებს მიღმა ამოჰყო თავი. 2003 წლის სექტემბერში მან ცხვირში დაჭრა კაცი, რომელსაც პლასტიკური ქირურგის დახმარება დასჭირდა. ამ დანაშაულის გამო, ადრიანი 6 თვით დააბრუნეს საკანში. ამჯერად საპატიმროში რადიკალურად განწყობილი ხალხის სიმრავლე დახვდა, რადგან აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლება ყველა საეჭვო პირს იზოლირებას უკეთებდა, საზოგადოების დაცვის მიზნით. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა ადრიანი ისლამითა და რადიკალიზმით.

საპატიმროდან რამდენიმე თვის გამოსული იყო, როცა მუსულმანი ქალი, ფარზანა მალიკი (Farzana Malik) გაიცნო და 2004 წელს ადრიან ელმზის სახელით გააფორმა მასთან ქორწინება[2]. ზუსტად არაა ცნობილი, სად, როდის ან როგორ, მაგრამ ახალდაცოლშვილებული კაცი სულ მალე გადაიქცა ხალიდ მასუდად. მისი ერთ-ერთი მეგობრის ნათქვამს თუ ვენდობით, მუსულმანობა ადრიანმა ციხეში მეორედ ყოფნისას გადაწყვიტა.

ბრიტანული გაზეთის „სან“ (The Sun) განცხადებით, მათ ხელთ აქვთ მასუდის ავტობიოგრაფია, რომლის მიხედვითაც, 2005 წელს მასუდი საუდის არაბეთში გაემგზავრა ინგლისური ენის პედაგოგად და სამოქალაქო ავიაციის ქარხანაში (GACA) მუშებს ასწავლიდა. ამავე სივის მიხედვით, მასუდს უცხოელებისთვის ინგლისური ენის სწავლების უფლებას აძლევდა შესაბამისი სერთიფიკატი (TESOL)[2]. უშიშროების სამსახურის განმარტებით, საუდის არაბეთში ინგლისურის პედაგოგად წასვლა ტიპური გზაა, რომელსაც ახლადგამუსულმანებულები ადგებიან. აღნიშნულ ავტობიოგრაფიაში მასუდი თავს თვლის ბრიტანელად და მეგობრულ ადამიანად; ამტკიცებს, რომ ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი აქვს. დოკუმენტირებულად ცნობილია, რომ 2009 წელს მასუდი გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდა საუდის არაბეთიდან. 5 თვის შემდეგ ლუტონის ერთ-ერთ კოლეჯში ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში მასუდი 29 წლის გამბიელ ქალთან, როჰი ჰიდარასთან (Rohey Hydara) ერთად ცხოვრობდა. გარშემომყოფები როჰის მასუდის მეუღლედ იცნობდა. თუმცა, არაა დადგენილი, როჰისთვის ცოლის სტატუსის მინიჭებამდე განქორწინდა თუ არა ფარზანა მალიკთან.

2011-2013 წლებში მასუდი ორ წელზე მეტხანს ცხოვრობდა ქალაქ ლუტონში. შემდეგ ოჯახთან ერთად აღმოსავლეთ ლონდონში გადავიდა. იქაური მეზობლები იხსენებენ, რომ მასუდი ხშირად დადიოდა ახლომდებარე ლეიტონის მეჩეთში. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, 2016 წელს მთელი ოჯახი ქალაქ ბირმინგემში გადავიდა საცხოვრებლად.

პოლიციამ კარგად იცოდა მასუდის კრიმინალური საქმიანობის შესახებ, მაგრამ 2017 წლის 22 მარტამდე ის არასდროს ყოფილა ტერორიზმში მხილებული[3].

2017 წლის 21 მარტის ღამე მასუდმა ქალაქ ბრაიტონის ერთ სასატუმროში გაატარა. თვითმხილველების თქმით, ის ხუმრობდა, იციონდა და ზრდილობიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა[2]. მეორე დღეს ნაქირავებ ნაცრისფერ ჰიუნდაიში ჩაჯდა და ლონდონში გაემგზავრა. 22 მარტს 14:40 საათზე ხალიდ მასუდმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელა, რომელიც 82 წამი[4] გაგრძელდა და დიდი მსხვერპლით დასრულდა. თავდამსხმელი დაიღუპა[5].

თავდაპირველად უცნობი იყო ტერორისტის ვინაობა. 24 მარტს ხალიდ მასუდი ოფიციალურად გამოცხადდა დამნაშავედ 22 მარტის ტერაქტში. ხალიდ მასუდის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა პოლიციის კომისრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ როულიმ (Mark Rowley). ანტიტერორისტულმა პოლიციამ რეიდები მოაწყო ლონდონისა და ბირმინგემის იმ ბინებში, სადაც მასუდი ცხოვრობდა თავდასხმის განხორციელებამდე.

მასუდის მოხუცმა დედამ კომენტარზე უარი განაცხადა. უელსის ფერმაში მცხოვრებ ჯანეტს პოლიციამ დაცვა დაუყენა. ვესტმინსტერის ტერაქტის დროს მისი მეუღლე საავადმყოფოში იმყოფებოდა.

მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერაქტს შეეწირა ოთხი ადამიანი: 48 წლის პოლიციის ოფიცერი კით პალმერი (Keith Palmer), 54 წლის ამერიკელი ტურისტი იუტას შტატიდან კურტ კოკრანი (Kurt Cochran), 75 წლის პენსიონერი ლესლი როდესი (Leslie Rhodes) და 44 წლის კოლეჯის თანამშრომელი აიშა ფრედი (Aysha Frade),[4] რომელიც ვესტმინსტერის ხიდზე იმიტომ გადადიოდა, რომ სკოლიდან გამოეყავნა თავისი ორი გოგონა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 50-ზე მეტმა ადამიანმა.[6] მათ შორისაა:

  • 12 ბრიტანელი - მათგან პოლიტიკის მიმართულების ოთხი სტუდენტი ლანკაშირის საგრაფოდან პარლამენტის დათვალიერების შემდეგ უკან ბრუნდებოდა, როცა თავდამსხმელის მანქანა დაეჯახა. აქედან ერთი იყო 18 წლის ოუენ ლამბერტი (Owen Lambert), მეორე - 19 წლის ტრევის ფრენი (Travis Frain). ტრევისი ერთ-ერთი დაზარალებულთაგანია, ვინც საავადმყოფოში პრინცმა ჩარლზმა ინახულა; დაჯილდოების ცერემონიალიდან უკან მომავალი ორი პოლიციელი, მათ შორის ერთ-ერთი - კრისტოფერ ავისი (Kristofer Aves);
  • სამი ფრანგი მოსწავლე, რომლებიც ბრიტანეთის დედაქალაქს სტუმრობდნენ ბრეტანიდან. მათი მშობლები ლონდონში საფრანგეთის მთავრობის ხელშეწყობით ჩაფრინდნენ, რომ შვილების გვერდით ყოფილიყვნენ;
  • ორი რუმინელი ტურისტი - ანდრეი ბურნაზი (Andrei Burnaz), რომელსაც ტერფი დაუზიანდა და ეტლით გადაადგილდება, და მისი შეყვარებული ანდრეა კრისტეა (Andreea Cristea), რომელიც დაჯახების შემდეგ მდინარე ტემზაში გადავარდა და ბრიტანელმა მაშველებმა ამოიყვანეს წყლიდან[7]. წყვილი ლონდონს ესტუმრა ანდრეის დაბადების დღის აღსანიშნავადა, რომელიც შეყვარებული გოგონასთვის ხელის თხოვნას აპირებდა;
  • მძიმედ დაშავებული ამერიკელი მელისა კოკრანი, რომელიც ლონდონში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა ქორწინების 25-წლისთავის აღსანიშნავად და ასე ტრაგიკულად დაქვრივდა ვესტმინსტერის ხიდზე;
  • 26 წლის პორტუგალიელი ფრანსისკო ლოპეში (Francisco Lopes) შინ ბრუნდებოდა წმინდა თომას საავადმყოფოსთან არსებული მაღაზიიდან, სადაც მუშაობს. მას ფეხები და ხელები დაუზიანდა სერიოზულად;
  • ერთი გერმანელი;
  • პოლონელი მამაკაცი;
  • იტალიელი ქალბატონი;
  • ერთი ირლანდიელი;
  • ოთხი სამხრეთ კორეელი;
  • ორი ბერძენი;
  • ერთი ჩინელი ტურისტი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Khalid Masood: Everything we know about the London attacker http://www.telegraph.co.uk/news/2017/03/24/khalid-masood-everything-know-london-attacker/
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Khalid Masood: from Kent schoolboy to Westminster attacker https://www.theguardian.com/uk-news/2017/mar/25/khalid-masood-profile-from-popular-teenager-to-isis-inspired-terrorist
  3. Who was Khalid Masood? Was the London attacker’s real name Adrian Elms and who are his daughter Teegan and Andi Harvey? https://www.thesun.co.uk/news/3152290/khalid-masood-london-attacker-adrian-elms-daughter/
  4. 4.0 4.1 London attack: Khalid Masood hid 'dark' plan http://www.bbc.com/news/uk-39445748
  5. Westminster terrorist Khalid Masood died from a single gunshot wound to the chest after being challenged by armed police outside Parliament http://www.dailymail.co.uk/news/article-4364492/Inquest-opens-death-London-terrorist-Khalid-Masood.html
  6. Westminster attack: Everything we know so far about the events in London http://www.telegraph.co.uk/news/2017/03/22/westminster-terror-attack-everything-know-far/
  7. Westminster terrorist Khalid Masood died from a single gunshot wound to the chest after being challenged by armed police outside Parliament http://www.dailymail.co.uk/news/article-4364492/Inquest-opens-death-London-terrorist-Khalid-Masood.html