სვანეთის აჯანყება
| ხალდეს აჯანყება | |||
|---|---|---|---|
| რუსეთის იმპერიის კოლონიური ექსპანსია კავკასიაში და საქართველოს ოკუპაცია ნაწილი | |||
|
ხალდეს აჯანყება (1875–1876) | |||
| თარიღი |
1875 – 1876 აქტიური საბრძოლო ფაზა: 1–27 აგვისტო, 1876 | ||
| მდებარეობა | ხალდე, ზემო სვანეთი, საქართველო | ||
| მიზეზი | მიწების აზომვა და თავისუფალი თემის გაუქმების მცდელობა, რუსეთის იმპერიის მიერ ახალი გადასახადების შემოღება (არაყი, თამბაქო, „ფოშტის ფული“) | ||
| Casus belli | სვანური თემების წინააღმდეგობა კოლონიურ ადმინისტრაციულ და საგადასახადო პოლიტიკაზე | ||
| სტატუსი | დასრულებული | ||
| ტერიტორიული ცვლილებები |
სოფელი ხალდე (დანგრეული და დასახლება აკრძალული) | ||
| მხარეები | |||
| |||
| მეთაურები | |||
| |||
| სამხედრო ნაწილები | |||
| |||
| ძალები | |||
| |||
| დანაკარგები | |||
| |||
| |||
სვანეთის აჯანყება, ასევე ხალდეს აჯანყება — რუსული იმპერიალიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება 1875-1876 წლებში. დაიწყო მიწების გაზომვასთან დაკავშირებით: სვანეთის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ რუსეთის იმპერია გაზომვას ახალი გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებისთვის ატარებდა.[1]
1875 წლის ივნისში, მეფის რეჟიმითა და პოლიტიკით შევიწროებულმა „თავისუფალი სვანეთის“ 2 ათასამდე წარმომადგენელმა, სოფელ ლალხორში თავი მოიყარა, სადაც ყ. შარვაშიძისა და ა. ფარჯიანის მეთაურობით კვირიკეს ეკლესიაში ფიცი დადეს, რომ, თუ მთავრობა ხელს არ აიღებდა თავის განზრახვაზე, მაშინ იარაღით იბრძოდნენ თავის დასაცავად. შექმნილი ვითარების გამო 1875 წლის ივლისში სვანეთში გაიგზავნა სამხედრო ექსპედიცია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აჯანყებულებს პირობა მისცეს, რომ მთავრობა არ შემოიღებდა ახალ გადასახადებსა და სამხედრო ვალდებულებას. ამით შეძლეს აჯანყებულთა ნეიტრალიზება და სვანეთში მშვიდობიანი შესვლა. მთავრობის ღონისძიებათა წინააღმდეგ სისტემატური გამოსვლებისა და უკანასკნელ მღელვარებაში მონაწილეობისათვის აჯანყების მეთაურად ცნეს და დაადანაშაულეს 16 კაცი, რომელთაც რამდენიმე წლის პატიმრობა ან სვანეთიდან გასახლება მიუსაჯეს. ბრალდებულთაგან გ. გასვიანმა, ჩ. ჯოხაძემ და შ. ქურდიანმა თავს გაქცევით უშველეს. იმავე წელს 4 პატიმარი ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა.

ერთი წლის უშედეგო დევნის შემდეგ მაზრის სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციამ სოფ. ხალდეს მცხოვრებთ მოსთხოვა უზრუნველეყოთ თანასოფლელების გ. გასვიანისა და ჩ. ჯოხაძის პოლიციაში გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელს დასჯით ემუქრებოდნენ. ულტიმატუმის შეუსრულებლობის გამო სამხედრო ასეული სოფელში შევიდა და ჯარისკაცები მცხოვრებლებს დაერივნენ. ხალდელებმა თავიანთი კოშკებიდან მომხდურებს ცეცხლი დაუშინეს, ასეულის უფროსი, მამასახლისი და რამდენიმე ჯარისკაცი დახოცეს. ამას მოჰყვა მაზრის უფროსის, ბოქაულის, მომრიგებელი მოსამართლის, აგრეთვე რამდენიმე სამოქალაქო და სამხედრო პირის სიკვდილი თუ დაჭრა (პირველივე ბრძოლაში თითქმის მთელი ასეული განადგურდა, ხალდელთაგან მხოლოდ რამდენიმე კაცი დაიჭრა).
საგანგაშო ვითარების გამო სვანეთში ახალი დიდი სამხედრო ექსპედიცია გაიგზავნა (1200-კაციანი რეგულარული ნაწილი, საარტილერიო ბატარეა, მესანგრეთა რაზმი და მილიციის ს ასეული). ამასთანავე მზადყოფნაში მოიყვანეს ყაბარდოსა და აფხაზეთის ხაზის სამხედრო ნაწილები, რომლებიც საჭირო შემთხვევაში სვანეთში ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან უნდა შეჭრილიყვნენ. 1876 წლის 21 აგვისტოს დილით დაიწყო იერიში, რომელიც 27 აგვისტოს აჯანყებულების შეპყრობით, ხალდეს აღებით და სრული მოსპობით დამთავრდა. შეპყრობილ 8 კაცს სახელდახელო სამხედრო სასამართლომ სამუდამო კატორღა ან შორეულ მხარეში გადასახლება მიუსაჯა. ამასობაში დააპატიმრეს აჯანყების 22 მონაწილეც, რომელთა დასაცავად აღდგა საქართველოს ფართო საზოგადოება ა. წერეთლის, ნ. ნიკოლაძის, დ. ლორთქიფანიძის, ლ. ლოლუასა და სხვების მეთაურობით. მიუხედავად მხურვალე თანაგრძობისა და მხარდაჭერისა, აჯანყების ყველა მონაწილეს ხანგრძლივი კატორღა ან სამუდამო გაციმბირება მიესაჯა. ამასთანავე აიკრძალა ხალდეში დასახლება, მას ახალი იფრალი დაერქვა. აჯანყებას მიეძღვა ცნობილი სვანური სიმღერა „გაულგავხე“.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ოცდაოთხმეტი კაცი არმიის წინააღმდეგ: ხალხდეს აჯანყების დეტალები. რადიო თავისუფლება. Radio Free Europe/Radio Liberty. ციტირების თარიღი: 2025-11-16.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გასვიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 309.
- შოშიტაშვილი, ნ. ხალდეს აჯანყება (1875-1876), ჟურნალი „ისტორიანი“, N 2, 2012
- გელოვანი ა., სვანეთის თეთრი ქუდი, თბ., 1976;
- ხაჭაპურიძე, გ. საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია გვ. 80-81 — თბ., 1940