ხაიდაყელები
ხაიდაყელები — დაღესტნის იმ ეთნოსთა შორის არიან, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ სხვა ეთნოსებს მიაკუთვნა. ხაიდაყელებს დარგუელებად წერდნენ. ხაიდაყელების თვითსახელწოდებაა ხაიდაყანტი, ხაიდაყან. რუსები მათ კაიტაგებს უწოდებენ. ისინი დაღესტნის ხაიდაყის რაიონის ძირძველი მკვიდრნი არიან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნდა აღინიშნოს, რომ ძველი დროიდან ხაიდაყელთა ტრადიციული საქმიანობა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო, მთისწინეთსა და ბარში კი მებაღეობა და მევენახეობა წარმაოდგენდა მათ მთავარ საქმიანობას. მთაში მეცხოველეობიდან უპირატესობა მეცხვარეობას ჰქონდა მოპოვებული.
ხაიდაყელებში დამხმარე დარგებიდან განვითარებული იყო ნადირობა. ხაიდაყელებში დეკემბრიდან მაისამდე მამაკაცების უმეტესობა დერბენტის რაიონში სარეწებზე გარესამუშაოზე მიდიოდა.
XIX საუკუნის დასაწყისში ყუბაჩელ ოსტატებს საზღვარგარეთ გასაყიდად გაჰქონდათ ხაიდაყური ნაქარგი ბალიშები.
ხაიდაყურ ნაქარგთა ორნამენტში ასახულია ზოროასტრიზმის, მუსლიმობის, ქრისტიანობის, იუდაიზმის და წარმართობის სიმბოლოები. ხაიდაყური ორნამენტის ბევრ ელემენტს ანალოგია აქვს ბიზანტიის, მონღოლების, ჩინელების, თურქების, კელტების ორნამენტულ ხელოვნებასთან. ზემო ხაიდაყის ნაგებობებიდან საბრძოლო და სათვალთვალო კოშკები და სოფლის ირგვლივ შემოვლებული კედლები შეიძლება დავასახელოთ.
ხაიდაყი პირველად IX საუკუნის არაბულ წყაროშია მოხსენიებული. არაბთა ლაშქრობებამდე ხაიდაყელებს საკუთარი მმართველები ჰყვადათ. აღსანიშნავია, რომ ხაიდაყის უკანასკნელი მმართველი, რომელიც სარწმუნოებით ქრისტიანი იყო, არაბებთან ბრძოლაში დაიღუპა. რაც შეეხება მაჰმადიანობას, ხაიდაყელებმა ის XIV საუკუნეში მიიღეს.
ხაიდაყის რაიონში, ხაიდაყელთა გარდა, ცხოვრობენ აგრეთვე დარგუელები, ყუმუხები, მთის ებრაელები. ხაიდაყელები გეოგრაფიულად შუა დაღესტნის მთისწინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. ხაიდაყელების მეზობლები არიან ყუმუხები (ჩრდილოეთით), დარგუელები (დასავლეთით), თაბასარანელები (სამხრეთ-დასავლეთით).
XIX საუკუნეში ხაიდაყელებში დასახლება ტერიტორიულ-გვაროვნული ხასიათის იყო. ყოველი აული სასოფლო თემს წარმოადგენდა, რომელშიც დიდი და პატარა ნათესაური ჯგუფები თუხუმები (ჟინ სები) შედიოდა. საძოვარი, ტყე და წყალი საერთო სათემო საკუთრებაში იყო.
ხაიდაყელებს სპეციალური საქორწილო და სამგლოვიარო ტანსაცმელი არ ჰქონდათ. გლოვის დროს ქალები სამკაულს იხსნიდნენ. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ოჯახის ძირითადი ფორმა პატარა ოჯახი იყო. ხაიდაყელები ერთმანეთს ეხმარებოდნენ სახლის მშენებლობისას, მინდვრის დამუშავების დროს, ქორწილში და სხვადასხვა საქმეებში.
ხაიდაყელებშიქორწინება ენდოგამიური იყო ის თუხუმისა და სოფლის შიგნით ხდებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როლანდ თოფჩიშვილი კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ.,2012