ჭუბერის თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული)
Jump to navigation Jump to search
თემი
ჭუბერის თემი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
მოსახლეობა 1003 [1] კაცი (2018)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები

ჭუბერის თემი (ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეული) მდებარეობს მდინარე ნენსკრას ხეობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მის შემადგენლობაში შედის 10 სოფელი: დევრა, ზემო მარღი, ლარი-ლარი, ლახამი, ლეკულმახე, ლეწფერი, სგურიში, ტიტა, ქვემო მარღი, ყარი. 2018 წლის მონაცემებით, ჭუბერში 1003 ადამიანი (321 კომლი) ცხოვრობს.[1] ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრია სოფელი ქვემო მარღი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხედი სოფ. ზემო მარღიდან მდ. ნენსკრას ხეობაზე

ჭუბერი მდ. ნენსკრას (მდ. ჭუბერულა) აუზში მდებარეობს. ნენსკრას ხეობა გეორაფიულად დასავლეთ საქართველოს ნაწილს (ზემო სვანეთი) ეკუთვნის და კავკასიონის ცენტრალური ქედის სამხრეთ ფერდობები უკავია. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ქედი დიდი კავკასიონი, რომელიც რუსეთთან ბუნებრივ საზღვარს ქმნის. მდინარე სათავეს მთავარ ქედზე განლაგებული მუდმივი მყინვარებიდან იღებს და მიედინება ღრმად ჩაჭრილ ტროგულ ხეობაში. მარჯვენა მხრიდან იგი უერთდება მდ. ენგურს.[2]

ჭუბერის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წიწვოვანი და შერეული ფოთლოვანი ტყის მასივებს უკავია. დასავლეთ საქართველოში საშუალო წლიური ტემპერატურა იკლებს სიმაღლის მატებასთან ერთად და დაბლობის მთიან ნაწილში მერყეობს 6-10°C ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - 2-4°C ფარგლებში. ზემო სვანეთის ხეობის სამხრეთი ფერდობის საშუალო წლიური ტემპერატურა 2°C-ზე ნაკლებია.[2]

ლახამის მეტეოსადგურის მონაცემებით ნალექების დონე დაახლოებით 1,267 მმ-ია წელიწადში და ხასიათდება წვიმის განსაკუთრებული ინტენსივობით ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში. წვიმის ინტენსივობა იმატებს სიმაღლის მატებასთან ერთად და მწვერვალებზე 2800 მმ აღწევს, ხოლო კავკასიონის ქედის უმაღლეს წერტილებში - 3,200 მმ აღემატება.[2]

ჭუბერის რუკა

ჭუბერის ჰავის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს რელიეფი და სუბტროპიკული ჰავის ოლქთან სიახლოვე. ხეობის კლიმატი არის კონტინენტური და ამავე დროს ნოტიო სუბტროპიკული.[2]

ჭუბერის მოსახლეობა მდინარის ტერასებსა და გამოზიდვის კონუსებზე სახლობს.[2]

სვანეთის ფარგლებში კავკასიონის მთავარი ქედის ყველა უღელტეხილი ზღვის დონიდან 3000 მ-ზე მდებარეობს. ერთი ნაწილი შედარებით ადვილად სავალი უღელტეხილებია (დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ)/ მათ შორისაა ბასა-ჭუბერის უღელტეხილი. იგი მდინარეების ნენსკრასა და ყუბანის აუზში მდებარეობს. ეს გზა სასაპალნე ტვირთზიდვისთვის საყოველთაოდ ცნობილ ქლუხორის უღელტეხილზე არანაკლებ ხელსაყრელი იყო. ქლუხორთან შედარებით, ჭუბერის უღელტეხილის მისადგომები ნაკლებად ციცაბოა. ეს უღელტეხილი (ჩიპერი, ზღვის დონიდან 3400მ) ცენტრალური კავკასიონისა და მწვერვალ იალბუზის დამაკავშირებელ ქედზეა განლაგებული.[2]

ჭუბერიდან მემულისკენ მიმავალი გზის თითქმის ყველა მონაკვეთიდან შეიძლება გასვლა მარცხნივ მდებარე ხიდას უღელტეხილზე (ზღ.დ.2632 მ). ყველაზე ხელსაყრელია გზა მდ. ნენსკრას მარჯვენა შენაკადის - თეთნაშურას ხეობით, ან დევრას გავლით, რომელიც შამფურილისა და რატიანის მთა-საძოვრებს გაივლის, ხოლო უღელტეხილიდან გზა ბარდღუშნაკრავალად წოდებული ადგილის გავლით მდ. კოდორის ხეობაში ეშვება.[2]

ჭუბერის ხეობიდან მეორე მარშრუტი ნენსკრას უდიდეს მარჯვენა შენაკადს - მდ. ლახამის ხეობას მიუყვება. ეს გადასასვლელი მთელი ზაფხულის განმავლობაში მეტად ადვილი და ხელსაყრელია როგორც საცხენოსნოდ, ისე ფეხით მოსიარულეთათვის და საქონლის გადასარეკად, ამიტომაც ისტორიულად, იგი ინტენსიურად გამოიყენებოდა მიმოსვლისთვის.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენგურის ხეობაში არქეოლოგიურად ერთ-ერთი განსაკუთრებულად საინტერესო მიკრორეგიონი ჭუბერის-ნენსკრას ხეობაა. იგი ცნობილია ლარი-ლარის ანტიკური ხანის კრემაციული სამაროვანით, ძვ.წ.VIII-VII სს. მეტალურგიული ქურებით, ანტიკური ხანის (ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს) სტატერების ადგილობრივი მინაბაძებით, ქვემო მარღის გვიანანტიკური-ადრეშუასაუკუნეების პერიოდის სამარხებით, ზემო მარღის რომაული ხანის საგუშაგო-სამეთვალყურეო კოშკით და შემთხვევით აღმოჩენილი უამრავი არტეფაქტით, რომელთა ქრონოლოგია იწყება ადრებრინჯაოს ხანიდან და მთავრდება გვიანი შუასაუკუნეებით.[3]

2012-2014 წლებში ჭუბერის თემის სოფ. ზემო მარღში აღმოჩენილი ბრინჯაოს ფაბულა, წიდები და რკინის შემცველი ქვები ძვ.წ.VIII-VII სს.

ჭუბერში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა აქ ადრეანტიკური ხანიდან ყველა ეპოქის მოსახლეობის არსებობას ადასტურებს. როგორც ჩანს, ადგილზე ხდებოდა ადრეული სამეურნეო და საბრძოლო იარაღების დამზადება. ჭუბერში, კერძოდ ზემო მარღში ნაპოვნია მადნის გამოსადნობი ადგილები, რომელთაც შხიბარი ჰქვია (შხიბ - წიდა, ნამწვი). აქ ნაპოვნია სპილენძისა და ბრინჯაოს ზოდები. სამეურნეო იარაღებიდან მეცნიერთათვის ძლიერ საინტერესოა ბრინჯაოს ე.წ. ყუადაქანებული ცულები, საფხეკები, ბრინჯაოს ქინძისთავისნაირი სამაგრები, გვიანი ბრინჯაოს ხანის თოხი და ნამგალი, ასევე მეტალურგიულ მოედანზე (შხიბარი) ნაპოვნი სახნისი, რომელიც წინარე ანტიკურ ხანას მიეკუთვნება.[4]

ჭუბერში, მდ. ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე აღმოჩენილ იქნა სამაროვანი. მიცვალებულის კრემაციის ეს მოედანი რამდენიმე ფენას შეიცავს. სამაროვანი დათარიღებულია ძვ. წ. VI-IV საუკუნეებით. აქ აღმოაჩინეს ათასობით ნივთი: თიხის ჭურჭელი, ლითონის იარაღ-საჭურველი, ბრინჯაოს, მინის, ქარვის, გიშრისა და სხვა მასალისგან დამზადებული მძივ-სამკაული, ფუფუნების სხვა საგნები. ყურადღებას იქცევს ცხვრის, ხარის, ცხენის, ჯიხვის, ფრინველის პლასტიკური გამოსახულებები, რომელიც ადგილობრივი ფაუნის გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს. ე.ი., უნდა ვივარაუდოთ, რომ მეცხოველეობა ჭუბერში ოდითგანვე განვითარებული იყო. საინტერესოა ისიც, რომ სამაროვანში აღმოჩენილია უცხოური წარმომავლობის ნივთები, მძივ-სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები. ლარი-ლარის სამაროვანის ტერიტორიაზე ალექსანდრე მაკედონელის სტატერის არსებობა სხვა სამარხეულ ინვენტართან ერთად უმნიშვნელოვანესია იმ აზრის განსამტკიცებლად, რომ სვანეთი ელინისტურ პერიოდში ჩართული იყო საერთაშორისო ფულად მიმოქცევაში და არ წარმოადგენდა კარჩაკეტილ რეგიონს (ლორთქიფანიძე 2008: 23; პატარიძე 2011:32). [4]

სვანეთის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ძვ.წ. V – IV სს-ში ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილისა და მცირე აზიის იონიური ქალაქებიდან ჯერ კოლხეთის ბარში და შემდგომ მთის რეგიონში შემოდიოდა საქონელი, კერძოდ, ბერძნული მხატვრული კერამიკა -შავლაკიანი ჭურჭელი (ინაძე 2009:237). სვანეთში, ლარი-ლარის სამაროვანზე, ჭუბერის თემში, მდინარე ნენსკრას ანუ ჭუბერის მარცხენა ტერასაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 900 მ სიმაღლეზე აღმოჩენილია ბერძნული შავლაკიანი ჭურჭელი, აქვე დადასტურებულია უცხოური სამკაული, მათ შორის - მინის ლურჯი ფერადზოლებიანი, მინის თეთრ და ლურჯთვლებიანი, ასევე ყვითელი, ლურჯი და ყავისფერი პასტის ფერადი ინკრუსტირებული მძივები, სხვადასხვა ფერის მინისგან დამზადებული მრავალრიცხოვანი მძივსაკიდები, რომელთა მოყვანილობა ხშირად ზარაკებს, ამფორისკებს, დოქებსა და სხვა ნივთებს ჰგავს (ჩართოლანი 2010: 15). ამ ჯგუფის სამკაულების სამშობლოდ ეგვიპტე და სირია ითვლება.[5]

ანტიკური ხანის რკინის მეტალურგიული საწარმო, ძვ.წ. VIII-VI საუკუნეები (სოფ. ლახამი)

2015 წელს ჭუბერში, სოფელ ლახამში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული მეტალურგიული ქურები და კარიერები აღმოაჩინა. მკვლევარების ვარაუდით, ადგილზე წარმოებული პროდუქციითა და ნედლეულით იმ პერიოდში არა მარტო კოლხეთი, არამედ აღმოსავლეთის სახელმწიფოებიც მარაგდებოდნენ. ქვით ნაშენები ქურები თაბაშირით არის მოპირკეთებული და დამეწყრილ ადგილებშიც კი პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. [6]

ამგვარად, ჭუბერი, რომელსაც მრავალი საკომუნიკაციო გადასასვლელი და გზა აქვს, ანტიკურ ხანაში დაკავშირებული იყო უძველეს კულტურულ ცენტრებთან. სხვადასხვა დანიშნულების ნივთების დამზადება ხდებოდა ადგილობრივად, ბევრი შემოჰქონდათ უცხოეთიდანაც.[2]

ჭუბერი რომ გარესამყაროსთან დაკავშირებას ახერხებდა, დასტურდება გადმოცემითაც, რომ ვინმე ნავლად ვიბლიანსა და გვარმიანების კაცს უღრან ტყეში უპოვიათ გამოქვაბული, სადაც ოქროსა და ვერცხლის ნივთები - განძი იყო აღმოჩენილი. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ჭუბერი განძთსაცავიც ყოფილა.[2]

ძვირფას ლითონებზე მომუშავე ოსტატები ჭუბერის ტერიტორიაზე გასული საუკუნის 60-იან წლებამდე არსებობდნენ. ისინი ამზადებდნენ ვერცხლის მძივებს, ღილკილოებს, ჩაფრასტებსა და კებზარებს – ოქროთი დაფერილსა და მოსავადებულს. XX საუკუნის 80-იან წლებში ასეთი სამჭედლოს კოლექცია სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა შეიძინა.[2]

უძველესი სამჭედლოების არსებობაზე ადგილობრივი ტოპონიმებიც მიუთითებს - „შხიბარ“ სვანურად წიდას ნიშნავს. ჭუბერის ერთ-ერთ უბანს ლახამ (ხამ-ღორი) ჰქვია, აქ ღორების კოლტი ჰყოლიათ, ღორის ტყავისგან კი ყველაზე გამძლე საბურველი მზადდებოდა, რაც ძალზე საჭირო იყო მჭედლობისთვის. ლახამში კი ღორის შენახვის შესანიშნავი პირობები არსებობდა (რკო, წაბლი, წიწიბო, ტყის პანტა და სხვა).[2]

მეურნეობის დარგებიდან ჭუბერში განვითარებული იყო მიწათმოქმედებაც და მესაქონლეობაც. ერთ-ერთით მთაში კაცი თავს ვერ შეინახავდა, ამიტომაც მეურნეობის დარგებს შერწყმული ხასიათი ჰქონდათ.[2]

როგორც აღვნიშნეთ, ჭუბერში მოსახლეობის კვალი უძველესი დროიდან ჩანს, მაგრამ არის დროის გარკვეული მონაკვეთები, როცა ჭუბერი დაუსახლებელი იყო. ამჟამინდელი მოსახლეობა ჭუბერს XIX საუკუნის ბოლოდან ითვისებს. ისინი ჩუბე-ხევიდან, სოფ. ფარიდან და ეცერიდან გამოვიდნენ, ახოს (საყანედ გაკაფული ტყე) აღებით სახნავ-სათესი ფართობები შექმნეს. გადმოცემით, თანამედროვე მოსახლეობის ჩამოსვლამდე აქ გაუვალი ტყეები იყო. თავდაპირველად მოსახლეობა სეზონურად - ზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე რჩებოდა, შემდეგში (XX ს-ის დასაწყისი) უკვე ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდა.[2]

ჩამოსახლებულმა ოჯახებმა ტრადიციები, ადათები და წესები ჭუბერშიც ჩამოიტანეს. წინარე ქრისტიანული ხასიათის დღესასწაულები დღესაც აქტიურად აღინიშნება. განსაკუთრებული სილამაზით ხასიათდება ლამპრობის დღესასწაული. სოფლის ყველა ეზოსა და უბანში ინთება „ლამპარი“, რომლის დამზადებასაც თავისი ტექნოლოგია აქვს. ლამპრობაზე სრულდება სვანური სიმღერა „რიჰო“, ან „ჯგრაგიშ“ (რიჰო - გათენება, ჯგრაგიშ - წმ. გიორგის საგალობელი). დღესასწაულებს კაიშობას, ღუნობს, ლიგიერგის ფრიად საინტერესო რიტუალები ახლავს როგორც სანახაობრივი, ასევე რელიგიურ-შინაარსობრივი თვალსაზრისით.[2]

დღესაც არ არის ახსნილი, თუ რატომ აიყარა მოსახლეობა და რა მიზეზით დატოვა ჭუბერი. ფაქტია, რომ აქ მოსახლეობა, სვანეთის სხვა სოფლებთან შედარებით, უფრო შეძლებულად ცხოვრობდა. მკვიდრებში არსებობს ვერსიები, თითქოს მოსახლეობის აყრის მიზეზი სტიქიური უბედურებები ან მტერთა შემოსევები იყო, თუმცა ჩვენს ხელთ არც ერთი ამ მოსაზრების დამადასტურებელი მასალა არ მოიპოვება.[2]


მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად, სვანეთის მოსახლეობისთვის დამახასიათებელი იყო სეზონურ სამუშაოზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ გასვლა. ამის მიზეზი მცირემიწიანობა და ადგილზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო იყო. დოკუმენტური მასალების ანალიზითა და დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ ჭუბერიდან მიგრაციის პროცესი განსაკუთრებული ინტენსივობით 1987 წლიდან დაიწყო. იმ წელს, ზამთარში თოვლის საფარმა 4-5 მ-ს გადააჭარბა. რამდენიმე ადგილას ჩამოვიდა ზვავი, რომელმაც 14 ადამიანი იმსხვერპლა. იმჟამად მთავრობის პოლიტიკას საქართველოს სამხრეთ სასაზღვრო რეგიონებში ქართული მოსახლეობის დამკვიდრება (განსაკუთრებით სვანებისა და აჭარლების, რადგანაც ამ კუთხეების მკვიდრთათვის დამახასიათებელი იყო მაღალი შობადობა) წარმოადგენდა. სვანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საცხოვრებლად ქვემო ქართლის რეგიონში გადავიდა, რადგან სოფლად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არცთუ კარგი იყო.[2]

მოხდა ჭუბერიდან 615 მოსახლის მიგრირება. მათი უმეტესი ნაწილი მხოლოდ შინამეურეობით ირჩენდა თავს. სტაბილური დასაქმების მიუხედავად, სკოლა დატოვა რამდენიმე პედაგოგმა, რაც ძნელად მოსაგვარებელ პრობლემებს ქმნიდა სოფლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაწესებულებაში. 2004-2005 წლებში მიგრაციული ნაკადი ჭუბერიდან ძირითადად წალკისკენ გაემართა. თუმცა იგი გაცილებით მცირე იყო, ვიდრე 1987-1988 წლებში.[2]


მოსახლეობის რაოდენობა [1]

ასაკი სოფელი
ქვემო მარღი დევრა ზემო მარღი ლარი-ლარი ლახამი ლეკულმახე ლეწფერი სგურიში ტიტა ყარი სულ
<6 10 1 3 12 25 4 10 8 1 23 97
6-18 14 4 17 12 34 5 12 32 0 46 176
18-60 67 29 39 51 121 15 52 83 5 97 559
60-90 23 9 11 17 37 6 22 32 2 6 165
90> 2 2 0 0 1 0 1 0 0 0 6
სულ 116 45 70 92 218 30 97 155 8 172 1003


ჭუბერის განვითარების პერსპექტივა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ შემთხვევაში, თუ რესურსები მიზნობრივად იქნება გამოყენებული, ჭუბერს განვითარების შესანიშნავი პერსპექტივა გააჩნია.

მდინარე ნენსკრას მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს. დღეს მასზე რამდენიმე ჰიდროელეტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. მათ შორისაა ნენსკრა ჰესი, ლახამი ჰესი 1 და ლახამი ჰესი 2. აღნიშნული ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას ჭუბერის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


ენერგეტიკული პოტენციალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნენსკრას 280 მგვტ სიმძლავრის მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მიმდინარეობს. ნენსკრა ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ/სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ჰესის საპროექტო კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო“, მთელ რიგ მასშტაბურ სოციალურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებაზეა მიმართული. სოციალური პროექტები ძირითადად პროფესიული განათლების, მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სფეროებში ხორციელდება. კომპანია ასევე აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, რაც საოჯახო სასტუმროების, ტურისტული ატრაქციებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს.[7]

აღსანიშნავია, რომ ნენსკრა ჰესის წყალსაცავის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ არის.[7]

პროექტის ფარგლებში, კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ თანამშრომლობს კომპეტენტურ არქეოლოგებთან, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ სამეგრელო-ზემო სვანეთის არქეოლოგიურ აღმოჩენებისა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაში. არქეოლოგები ატარებენ შესაბამის ტრენინგებს პროექტის თანამშრომლებისათვის, არქეოლოგიური აღმოჩენებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. ასევე ტარდება ინსტრუქტაჟი, იმისათვის, რომ სამუშაოების შესრულებისას საეჭვო / უცხო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდეს სამუშაოს შეჩერება, რათა კომპეტენტურმა პირებმა (არქეოლოგებმა) შეაფასონ აღმოჩენილი ნივთი.[7]

ამჟამად ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებზე დასაქმებულია 125 ადგილობრივი მაცხოვრებელი. მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, პრიორიტეტი კი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება. ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანა 2025 წლილსთვის არის დაგეგმილი. [7]

ლახამი ჰესი 1-ისა და ლახამი ჰესი 2-ს მშენებლობას ახორციელებს კომპანია „ქლინ ენერჯი სოლუშენს“. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე - 16 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება ჯამში 87 მლნ. მგვტ/სთ იქნება. სამშენებლო სამუშაოებზე ამჟამად დასაქმებულია 65 ადგილობრივი მაცხოვრებელი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე სოციალური პროექტი, მათ შორის - ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, წისქვილის აღდგენა და ელექტროგადამცემი ბოძების გამოცვლა. ჰესების ექსპლუატაციაში შეყვანა 2020 წლისთვის იგეგმება.


წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭუბერს მარმარილოს, გრანიტისა და ტუფის საკმაო მარაგები გააჩნია. გასული საუკუნის 80-იან წლებში აქ არსებობდა კუსტარული საწარმო, რომელიც მარმარილოს ხერხავდა. თვით მარმარილოს ამოღება აფეთქების გზით ხდებოდა, რაც მეტად აზიანებდა კარიერს. იმის გამო, რომ ამგვარად მოპოვებულ მარმარილოს ბზარები ჰქონდა, მასზე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნა არ იყო. მნიშვნელოვანია, მოსაპირკეთებელი მასალების ამოსაღებად და შემდგომი დამუშავებისთვის ახალი ტექნოლოგიები დაინერგოს.[2]

ჭუბერი ასევე მდიდარია სხვადასხვა ქიმიური შემცველობის (კარბონატული, გოგირდოვანი, რკინის შემცველი) მინერალური წყლებით. განსაკუთრებით დიდია მინერალური წყლის დებეტი ზემო სგურიშში. პერსპექტიულია მტკნარი და მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმოს აშენება.[2]


სასოფლო-სამეურნეო წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭუბერში შესანიშნავი ხარისხის ხილია. განსაკუთრებით გამოირჩევა იგი ვაშლის მეტად არომატული ჯიშებით («ანტონოვკა», «შამპანური», «მაისის ვარდი», «შაფრანი», «სამეფო», «ბროცკი», «კეხურა», «კიტრა» და ა.შ.). 70-იან წლებში ჭუბერში არსებობდა წვენების ჩამოსასხმელი საწარმო, თუმცა უმეტესად ხდებოდა პროდუქციის ფალსიფიკაცია. დღევანდელი კონკურენციის პირობებში ადვილად არის შესაძლებელი აქ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური წვენებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების დამზადება.[2]

მესაქონლეობისთვის ჭუბერს საზაფხულო იალაღები აქვს, მიწათმოქმედებისათვის - ნოყიერი, ფხვიერი ნიადაგი.[2]

სვანეთის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ჭუბერში ყურძენიც ხარობს - უმეტესად „ადესა“ და „ფრანგულა“. დღეს ჭუბერში დიდი რაოდენობით ითესება სიმინდი, ლობიო, კარტოფილი, გოგრა, პომიდორი, მწვანილი.[2]


ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭუბერის სოფლებს საფეხმავლო ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს. ჭუბერიდან მემულის უღელტეხილისკენ გზის თითქმის ყველა მონაკვეთიდან შეიძლება გასვლა მარცხნივ მდებარე ხიდას უღელტეხილზე (2632მ). ჭუბერიდან მის მისადგომებამდე ყველაზე ხელსაყრელია მდ. ნენსკრას მარჯვენა შენაკადის „თეთნაშრას“ ხეობა, ან გზა დევრას გავლით, რომელიც შამფრილისა და რატიანის უმშვენიერეს მთა-საძოვრებს მოიცავს. ხოლო უღელტეხილიდან გზა ბარდღუშნაკრავად წოდებული ადგილის გავლით ეშვება მდ. კოდორის ხეობაში. ჭუბერის ხეობიდან მეორე მარშრუტი ნენსკრას მარჯვენა უდიდესი შენაკადის - მდ. ლახამის ხეობას მიუყვება.[2]

ტბა "ლთნარი" უთვირის უღელტეხილზე

დღესდღეობით ჭუბერში ერთადერთი ტურისტული მარშრუტი მოქმედებს ქვემო მარღი-უთვირი-ნაკრას მიმართულებით. გზად ულამაზეს ალპურ ტბებს, თვალისმომჭრელი ხედების პანორამას და ხელუხლებელ ბუნებას იხილავთ.[8]

რამდენიმე ტურისტული კომპანია[9][10] ტურისტებს აღნიშნული მიმართლებით ტურებს სთავაზობს: [8]

ნენსკრას ხეობაში სხვა არანაკლებ საინტერესო ტურების დაგეგმვაა შესაძლებელი, განსაკუთრებით - ჭუბერი-უთვირი-ნაკრას მიმართლებით, საიდანაც დონღუზორუნისა და იალბუზის უმშვენიერესი სამყარო მოჩანს. იგეგმება მარშრუტების შედგენა შემდეგ ლოკაციებზე:

1. სოფ. ლახამი - მთა ხიდა- მაცინაკრავი - შანავი- ლახამი

2. ლახამი -თენგიზნაკრავი- შანავი - რატიანი - შავრულა- ს.დევრა

3. ს. სგურიში - ქვ. ოკრილი- ოკრილის მყინვარი და ტბა

4. ს. სგურიში - ქვ.მემული - ზედა მემული - მემულის ტბები

5. ს. სგურიში - ქვ. მემული - ზედა მემული - ცხვანდირის ტბები

6. ს. ტიტა – მემული - ლაროკა- დალარი - ლახვრას ჩანჩქერი- დალარის ტბა

7. ცენტრი – ს.ლარი-ლარი – ს.ტიტა-ჰოკრილი – მემული – მაშრიწალა-ლაროკა - მანჩხაფის ჩანჩქერი- ბასას უღელტეხილი – ს.ნაკრა.[8]

ეს მარშრუტები, სამწუხაროდ, ჯერ არ არის კეთილმოწყობილი. პირველ რიგში, აუცილებელია ინფრასტრუქტურული პრობლემების მინიმალიზაცია, გზებისა და ბილიკების კეთილმოწყობა. გარდა ამისა, საჭიროა საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარება: გზებზე და გზაჯვარედინებზე შესაბამისი მაჩვენებლების არსებობა, ტურისტული მარშრუტების, ბლოგებისა და გზამკვლევების შექმნა ამა თუ იმ ლოკაციაზე.[8]

საოჯახო სასტუმრო სოფელ ტიტაში

ჭუბერში ნელ-ნელა ფეხს იდგამს საოჯახო სასტუმროების ბიზნესი. დღეს უკვე 12 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს და კიდევ რამდენიმეს მშენებლობა მიმდინარეობს. ტურიზმის განვითარება მოსახლეობას მისცემს საშუალებას, მოაწყოს და განავითაროს საოჯახო სასტუროების ბიზნესი. გარდა ამისა, რეგიონში მიმდინარეობს უცხო ენის სწავლების სპეციალური პროგრამების შემუშავება და გიდების გადამზადება.

ჭუბერში ეკოტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია. საჭიროა ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში. ჭუბერს აქვს უნიკალური ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტი, მოხერხებული კლიმატი და ტურისტების მომსახურეობის ინფრასტრუქტურისთვის თვითკმარი მრავალფეროვანი ადგილობრივი რესურსები.

გარდა ამისა, სვანური ტრადიციული დღესასწაულები, მათი ისტორია, უნიკალური ფოლკლორი და საინტერესო ლეგენდები სამონადირეო ეპოსზე, მის როლზე ძველ სვანურ ყოფით სინამდვილეში, დალის ინსტიტუტზე და ა.შ. ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს საშუალებას, ტურისტს განსხვავებული და საინტერესო გარემო შესთავაზოს.[8]

იხილეთ ვიდეო ჭუბერის ტურისტული პოტენციალის შესახებ.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 http://mestia.gov.ge/
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 2.21 2.22 2.23 „ჭუბერი - სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში: ანალიზი და პერსპექტივა“, გუნდურ-ინტეგრირებული პროექტების კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2007 წ. ავტორები: სოფელ ჭუბერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან ორაგველიძე და ამავე სკოლის X კლასის მოსწავლეები: მარიამ ანსიანი, საბა ჩხეტიანი, ანა ანსიანი, ხვიჩა ცინდელიანი და ლევან მეკოშვილი.
  3. https://www.tsu.ge/data/image_db_innova/agarisi%202014prezentacia(1).pdf
  4. 4.0 4.1 http://dl.sangu.edu.ge/pdf/dissertacia/maiapataridze.pdf
  5. http://dl.sangu.edu.ge/pdf/dissertacia/maiapataridze.pdf
  6. https://artinfo.ge/2015/08/unikaluri-aghmochena-tchuber/
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 http://nenskra.ge/
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 https://www.facebook.com/vibliani98/videos/2439977706067099/
  9. https://georgiantour.com/chuberi/
  10. https://www.caucasus-trekking.com/treks/chuberinakra