შინაარსზე გადასვლა

ჭრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭრილობა
დარგი რეანიმატოლოგია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 T14.0-T14.1
ICD-9 872-893
MeSH D014947


ჭრილობა — კანის, ლორწოვანი გარსისა და ღრმად მდებარე ქსოვილების დაზიანებაა. ჭრილობას ყოველთვის მექანიკური დაზიანება იწვევს და დეფექტთან ერთად მის გარშემო არსებული ქსოვილების მეტ-ნაკლები დაზიანებაც აღინიშნება.

ჭრილობას ახასიათებს სამი ძირითადი ნიშანი: პირღიაობა, ტკივილი და სისხლდენა. სისხლდენა დამოკიდებულია დაზიანებული სისხლძარღვების რაოდენობასა და სახეობაზე. ქსოვილთა დაზიანების ხასიათის მიხედვით არჩევენ ნაჩხვლეტ, ნაკვეთ, დაჟეჟილ, ცეცხლნასროლ, ნაკბენ, მოწამლულ, დაჩეჩქვილ, და სხვა ჭრილობებს. ჭრილობა შეიძლება იყოს შემავალი და არაშემავალი.

ნაჩხვლეტ ჭრილობას იწვევს წვეტიანი იარაღი: ნემსი, ლურსმანი, ხიშტი, სადგისი, ხანჯლის წვერი, ლითონის ჩხირი და სხვა. ასეთი ჭრილობა მეტად სახიფათოა ქსოვილების სიღრმესა და ღრუებში (გულმკერდის, მუცლის ღრუს) მდებარე ორგანოების დაზიანების თვალსაზრისით. ასეთი სახის ჭრილობის გარეგნული სახე ხშირად არ იძლევა საჭირო მონაცემებს დიაგნოზის დასადგენად. ასეთი ავადმყოფები დაუყოვნებლივ უნდა გადაიგზავნონ საავადმყოფოში. გაპობილ ჭრილობას იწვევს გამპობი იარაღი, ნაჯახი, ხმალი და სხვა. ასეთი სახის ჭრილობები მეტად პირღიაა და ზოგჯერ ძვლამდეც აღწევს. ჭრილობის კიდეების არეში ქსოვილები დაჟეჟილი და დაჩეჩქვილია, რის გამოც მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია. ცეცხლნასროლ ჭრილობებს ცეცხლსასროლი იარაღი იწვევს. ასეთ ჭრილობებს ტყვიით მიყენებული ჭრილობების გარდა მიეკუთვნება ყუმბარისა და ნაღმის ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობები. მოწამლულ ჭრილობას იწვევს ჭრილობაში მოხვედრილი გველის, მორიელის, ფუტკრის, კრაზანას შხამი და სხვა მომწამვლელი ნივთიერებები). ნაკბენი ჭრილობა გამოწვეულია ცხოველისა (ძაღლის, მგლის, ცხენის და სხვა) და ადამიანის კბილებით. მძიმე დაზიანებას იწვევს ცხოველის ეშვები. ნაკბენი ჭრილობა ყოველთვის ინფიცირებულია ნერწყვით. სწრაფად ვითარდება ანთებითი რეაქცია. ჭრილობის შეხორცება ყოველთვის ჭიანურდება. ცოფიანი ძაღლის ნაკბენი იწვევს მძიმე დაავადებას — ცოფს, ვირთაგვას ნაკბენი — ზოგჯერ სოდოკუს დაავადებას და სხვა.

დღეს პირველ პლანზე ჭრილობის ქირურგიული (ოპერაციული) მკურნალობა დგას, მედიკამენტური მკურნალობა დამხმარე მეთოდად გადაიქცა. მომავალში კი ჭრილობის მკურნალობა უფრო სრულყოფილი გახდება — ოპერაციული მკურნალობის სისტემა ხელმეორედ გადაინაცვლებს უკანა პლანზე და ადგილს დაუთმობს მედიკამენტური მკურნალობის სისტემას. მედიცინისა და ბიოლოგიის განვითარების მონაცემები აშკარად მიუთითებს, რომ ჭრილობის მკურნალობის მომავალი სწორედ ამ გზით წარიმართება

  • Liliane Juchli, M. v. Mügler, Dudli u. a.: Pflege. Praxis und Theorie der Gesundheits- und Krankenpflege. 7. Auflage. Thieme, Stuttgart 1994, S. 1065 ff.
  • V. Kozon, N. Fortner, E. Donaty, Th. Wild: Standard zur Durchführung eines Wundverbandes. In: Österreichische Pflegezeitschrift. 11, 2003, S. 25–28.
  • P. Mahrhofer, A. Mayer: Verbinden oder nicht verbinden. Postoperatives Wundmanagement in Zeiten ausgeprägter Sparsamkeit im Gesundheitswesen. In: Speculum - Zeitschrift für Gynäkologie und Geburtshilfe. 24, 2, 2006, S. 8–11. (PDF-Datei-Download)
  • Universitätskrankenhaus Eppendorf: Standard zum Verbandswechsel. (PDF-Datei-Download დაარქივებული 2007-06-12 საიტზე Wayback Machine. )

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]