ჭორმეშავის ხატის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭორმეშავის ხატის კომპლექსი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორმეშავში. შეიცავს დარბაზს, საწოლას და ორ საზარეს. დარბაზი ფიქლით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა. ჩრდილოეთ ნაწილით მიწაშია შეჭრილი. ნახევრად დანგრეულია, სახურავი ჩაქცეულია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. დარბაზის შუაში კერაა. მის გარშემო ქვის სკამებია. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში სიპის სამწირველოა. დასავლეთ კედელში დატანებულია პატარა თახჩა, დარბაზის ჩრდილოეთ ნაწილი ამაღლებულია და საკოდის დანიშნულებას ასრულებდა. საწოლი დარბაზის აღმოსავლეთითაა. ესაა ფიქლით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობა, რომელიც სანახევროდ მიწაშია ჩამჯდარი. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. დასავლეთ კედლის გაყოლებაზე გრძელი ქვის სკამია. სამხრეთ კედელთან კერაა მოწყობილი. ორფერდა სახურავი ჩაქცეულია. დარბაზსა და საწოლას შორის ჯვრის კარია. ჯვრის კარის ჩრდილოეთით ორი საზარეა, ორივე მათგანი ფიქლით ნაშენი კოშკისებრი ყრუ ნაგებობაა. ორივეს საფეხუროვანი პირამიდისებრი გადახურვა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]