ვახტანგ ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭელიძე, ვახტანგ)
ვახტანგ ჭელიძე
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1917(1917-04-10)
დაბადების ადგილი ბახვი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 11 ივნისი, 2005(2005-06-11) (88 წლის)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და მთარგმნელი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია, პრემია „საბა“, ღირსების ორდენი და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

ვახტანგ ჭელიძე (დ. 10 აპრილი, 1917, სოფ. ბახვი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 11 ივნისი, 2005) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1997).

დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის განხრით (1941). 1948-52 წწ. იყო გამომცემლობა „საბლიტგამის“ მთავარი რედაქტორი, 1955-57 წწ. — ჟურნალ „ნიანგის“, 1957-62 — ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, 1963-67 წწ. — საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი, 1967-73 წწ. — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, 1973-1985 წწ. — გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი. ამავე პერიოდში მან დააარსა ჟურნალი „ხომლი“. 1985-91 წლებში დირექტორობდა გამომცემლობა „ნაკადულს“. ვახტანგ ჭელიძე იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა სარედაქციო-საგამომცემლო, ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო საბჭოს წევრი. მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია (1978), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1997) და ლიტერატურული პრემია „საბა“ (2003). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ჭელიძის პირველი თარგმანი — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ გამოქვეყნდა 1945 წ. , პირველი ორიგინალური თხზულება, ბიოგრაფიული რომანი „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“ — 1955. ჭელიძეს ეკუთვნის შექსპირის, ჯონ ფლეჩერის, ჯონ მილტონის, დანიელ დეფოს, უოლტერ სკოტის, ჩარლზ დიკენსის, ჯონ გოლზუორთის, ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ერნესტ ჰემინგუეის, ჯონ სტაინბეკის, ჯერომ სელინჯერის და სხვ. თხზულებანი, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, ესეები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭელიძის მხატვრულ-დოკუმენტური ვრცელი თხზულება „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“ (ტ. 1-4, 1973-83).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]