ჭარხლის ბუზი (ლათ.Pegomya hyoscyami) — მწერიორფრთიანებისრიგისა. საქართველოში ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება, კერძოდ ქართლში. ზრდასრული მწერის სიგრძეში 7–8 მმ-ია. მამალი უფრო მცირე ზომისაა. მისი მუცელი მოყვანილია, დედლისა კი — განიერი. შუა ზურგი და მუცელი მურა-ნაცარა ფერისაა, ზოგჯერ წითელი ფერიც გადაჰკრავს. მუცელზე ზედა მხრიდან სიგრძივი ზოლი გასდევს. თავი თითქმის სამკუთხოვანია, საცეცები — სამნაწევრიანი. ზრდასრული მატლის სიგრძე 7–8 მმ-ია. სხეული მკრთალი-ყვითელი ფერისაა. ფეხები არ აქვს. სხეულის წინა პოლუსი წაწვეტებულია, ბოლოში კი მკაფიოდ მოჩანს ორი კაუჭი. უკანა პოლუსი გაგანიერებულია და მთავრდება სამკუთხოვანი კბილებით. სხეულის სეგმენტებზე პატარ-პატარა ფართობები წვრილი ქაცვებით არის დაფარული, რომელთა დახმარებითაც მატლი მოძრაობს. მავნებლის პუპარიუმი სიგრძით 4,5–5 მმ-მდეა, ოვალური. განვითარების პირველ პერიოდში იგი ყვითელია, შემდეგ კი მურა და მურა-შავი.[1]
ზამთრობს ნიადაგის ზედა ფენებში და მცენარეული საფარის ქვეშ, პუპარიუმის სახით. გამოფრენა იწყება გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ±10–11°C-ს მიაღწევს. გამოფრენიდან რამდენიმე დღის შემდეგ იწყებს კვერცხდების პროცესს. კვერცხს დებს ჯგუფებად, მკვებავი მცენარეების ფოთლებზე. ემბრიონის განვითარებას გაზაფხულზე დაახლოებით 5 დღე სჭირდება, ზაფხულში — უფრო ნაკლები. მავნებლის კვერცხის რაოდენობა გაზაფხულზე 40–50 ცალია, ზაფხულის თაობებში კი მათი რაოდენობა იზრდება. ახლად გამოჩეკილი მატლები იჭრებიან ნაღმის პარენქიმაში და იკვებებიან მისი რბილობით. მამლის ფაზის ხანგრძლივობა სამი კვირით განისაზღვრება. მატლის ფაზაში მავნებელი ოთხჯერ იცვლის კანს. ზრდის დასრულების შემდეგ იგი ან ნაღმშივე ჭუპრდება, ანდა ნიადაგში ჩადის, პუპარიუმის ფაზაში გადადის და იზამთრებს. საქართველოს პირობებში ჭარხლის ბუზს 3–4 თაობა ახასიათებს. მავნებლის მატლების მოქმედების შედეგად ფოთლის დიდი ნაწილი ნაღმებით იფარება. ნაღმის ფართობი დამოკიდებულია თითოეულ ჯგუფში დადებული კვერცხების რაოდენობაზე. დაზიანებული ფოთოლი სრულყოფილად ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რაც უარყოფითად აისახება როგორც მოსავლის რაოდენობაზე, ისე მის ხარისხზე.[1]