ჭაობის ნიადაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭაობიანი ნიადაგი)

ჭაობის ნიადაგინიადაგის ტიპი, რომელიც წარმოიშობა ჭარბტენიან პირობებში. ტენიანობის ხარისხის, წყლის ქიმიზმისა და მთელი რიგი სხვა პირობების ზეგავლენით. ჭაობის ნიადაგის შედგენილობა, თვისებები და პროფილი სხვადასხვანაირია. უმთავრესად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერად ტენიანი ჰავის პირობებში, კერძოდ, ტაიგის ტყისა და ტუნდრის ზონებში.

საქართველოში მათი ყველაზე დიდი მასივები კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილშია. გარდა ამისა, სპორადულად გვყვდება აღმოსავლეთ საქართველოს მტასა და ბარში, სამხრეთ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია მინერალურ-ჭაობიანი და ორგანულ-ჭაობიანი ნიადაგები.

ჭაობიანი ნიადაგისთვის დამახასიათებელია ტორფის წარმოქმნა-დაგროვება და მინერალური ნაწილის გალებება, რაც ჭარბტენიანობითაა გამოწვეული. ახასიათებს მძიმე მექანიკური შედგენილობა, ზოგ შემთხვევაში პროფილის შუა ნაწილში გოგირდწყალბადის დაგროვება, არადამაკმაყოფილებელი ფიზიკური თვისებები: მაღალი კაპილარული და დაბალი არაკაპილარული ფორიანობა, დაჯდომისა და თქვირების დიდი უნარი, ფილტრაციის დაბალი დონე, მაღალი ტენტევადობა. ჭაობის ნიადაგიდაშრობის შემდეგ იძლევა ნაყოფიერი მიწების დიდ ფონდს, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების, განსაკუთრებით სუბტროპიკული და ტექნიკური კულტურების მოყვანა-გაშენებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]