აკაკი ჭანტურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჭანტურია, აკაკი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭანტურია.
აკაკი ჭანტურია
დაბ. თარიღი 12 თებერვალი, 1881(1881-02-12)[1]
გარდ. თარიღი 11 მაისი, 1941(1941-05-11)[1] (60 წლის)
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ანთროპოლოგი და არქეოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია

აკაკი ჭანტურია (დ. 12 თებერვალი, 1881 — გ. 11 მაისი, 1941) — ქართველი მეცნიერი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელი.

აკაკი ჭანტურიამ დაწყებითი განათლება ახალსენაკის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შეეძლო, თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ ჩარიცხულიყო, მაგრამ მას სხვა მიზნები ჰქონდა - უცხოეთში წასვლაზე ოცნებობდა. მალევე ბათუმში გადავიდა და როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. იქვე შეუდგა ინგლისური ენის სწავლას. იმისათვის, რომ დიდ ბრიტანეთში წასასვლელი ფული მოეგროვებინა, ფიზიკურ შრომასაც არ ერიდებოდა.

აკაკი ჭანტურია ინგლისში 1904 წელს გაემგზავრა და ერთ ოჯახში რუსული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და უნივერსიტეტში გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც შეისწავლა არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, კარტოგრაფია, სამუზეუმო საქმე, ფილოლოგია, ფოლკლორი და ხელოვნება, მონაწილეობდა ბრიტანეთის მუზეუმის სამეცნიერო-საძიებო ექსპედიციებსა და ტრადიციულ შემოქმედებით დათვალიერებებში.

1912 წელს აკაკი საქართველოში დაბრუნდა. მან სამეგრელოში დიდძალი გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა შეაგროვა, დაახარისხა და მამაპაპეული ოდის დიდ დარბაზში სანიმუშო გამოფენა მოაწყო. ამავე თემას უძღვნა საკვალიფიკაციო ნაშრომი „საქართველოს გეოლოგია“, რომელიც 1919 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოიცა.

1913 წლის ბოლოს აკაკი ჭანტურია კვლავ საზღვარგარეთ წავიდა. სწავლობდა ლონდონის ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯსა და სამხატვრო კოლეჯში, იქვე მიიღო ბაკალავრის სამეცნიერო წოდებაც.

1919 წელს აკაკი ჭანტურია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ბარეტის კოლეჯში სწავლობდა. ამერიკაში დარჩა 4 წელი. ინგლისში დაბრუნებულმა ცოლად შეირთო ლონდონელი ქალი ქეით უოლტერ ბოლი.

1920 წელს აკაკი მეუღლესთან და უფროს ვაჟიშვილთან ერთად საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და მშობლიურ სოფელში დასახლდა. მეუღლეს შეასწავლა ქართული და მეგრული. იგი ხშირად დადიოდა თბილისში, ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში, მუშაობდა მუზეუმებში, არქივებსა და წიგნთსაცავებში. ჯერ თბილისის უნივერსიტეტში სამსახური, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან სხვა მიზანი - მუზეუმის დაარსება - ჰქონდა.

ამ მიზნის მისაღწევად აკაკის ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა.

მუზეუმი, რომელსაც „სამეგრელოს მუზეუმი“ ეწოდა, 1921 წლის 1 მაისს გაიხსნა. დადიანების ქონება ზუგდიდის გარდა სალხინოსა და ჭკადუაშში - პრინც აშილ მიურატის სასახლეში ინახებოდა. სალხინოდან ნივთების მიღება აკაკის მთელ ეპოპეად ექცა - მცველების თანხლებით მიდიოდა და აურაცხელ საგანძურს ურმებით ეზიდებოდა.

1937 წლიდან დაიწყო აკაკი ჭანტურიას აშკარა დევნა. 1940 წლის 23 ივლისს დადიანების სასახლეში აკაკი ჭანტურიას ეპოქა დასრულდა. მეცნიერმა სიძველეთსაცავი სამუდამოდ დატოვა, რის გამოც საგანძური გაიძარცვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]