ჭანდრის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანდარის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. შეიცავს სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენას, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც საშენი მასალით, ისე წყობის ხასიათითაც განსხვავდება. კედლების თავდაპირველი ნაწილები რიყის წვრილი ქვითაა ამოყვანილი. წყობა ირეგულარულია. ძირითადად გარეთა კუთხეებში, ტლანქად დამუშავებული შირიმის ქვებია ჩართული. მოგვიანებით განახლებული ნაწილები ძირითადად კვადრატული აგურისაა. განახლების დროს კედლები გარედან შეუთეთრებიათ, ხოლო შიგნით შეულესავთ. კამარა და კონქი კი, ლურჯად შეუღებავთ. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. კარი კედლის ღერძიდან ოდნავ სამხრეთითაა გადაადგილებული. ღიობი აგურით ნაწყობი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. წირთხლები კი რიყის ქვისა და შირიმისაა, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაცილებული. აგურის ორრიგად ნაწყობ შრეებს შორისაა მოქცეული. ეკლესიის იატაკის დონე, მიწის დონესთან შედარებით რამდენადმე დაბლაა, რის გამოც შესასვლელის წინ ორსაფეხურიანი კიბეა მოწყობილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, ბრტყლად გადახურული სარკმლით შუაში და თითო ნიშით ორივე გვერდში . ნიშები გეგმით ნახევარწრიულია, გადახურულია თარაზულად და ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში. სარკმლის ქვემოთ , კედელზე, მიდგმულია ოთხწახნაგა ტრაპეზი. კონქში ოქროსფერი საღებავით სულიწმინდაა გამოსახული. თავდაპირველად საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ დაახლოებით 20 სმ-ით ყოფილა შემაღლებული, იგი აფსიდის მხრების ხაზიდან რამდენადმე დარბაზიკენ ყოფილა წამოწეული და შუაში შირიმის ქვაში გამოკვეთილი. ნახევარწრიული ამბიონი ჰქონდა მოწყობილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი, თითო ბრტყლად გადახურული სარკმელი აშუქებს. ორივე სარკმლის აღმოსავლეთ გვერდის ოდნავ ქვემოთ, თითო პატარა ოთკუთხა ნიშაა. ერთი სწორკუთხა, ოღონდ გაცილებით მოზრდილი ნიშა სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეკლესიის იატაკი მოგებულია კვადრატული აგურით. დარბაზი გადახურულია აგურით ნაწყობი, დადაბლებული პროპოციების კამარით. იგი დაყრდნობილია აგურისავე ორ საბრჯენ თაღზე. მათგან ერთი დარბაზის გრძივი კედლების შუაში გამოყვანილ შეკიდულ პილასტრებზეა გადაყვანილი, ხოლო მეორე დასავლეთ კუთხეებში მოწყობილ კრონშტაინებზე. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის სათაური შირიმის ქვისაა, მის ზემოთ, შირიმის კვადრატულ ფილაზე ჯვრებია ამოკაწრული. მსგავსადაა დამუშავებული დასავლეთ ფრონტონის არეში ჩასმული შირიმის ოთკუთხა ქვაც. სახურავის კეხის დასავლეთ კიდეში შემორჩენილია აგურის სამრეკელოს წრიული ძირი, რომელიც აგურისავე კვადრატულ საფუძველზეა დადგმული. 2010 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს’’ დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღდგა კედლების ზედა ნაწილები, მოეწყო აგურის საფეხუროვანი ლავგარდანი, ეკლესია გადაიხურა კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]