ჭანგიე
| დასახლებული პუნქტი | |
|---|---|
|
ჭანგიე | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| შიდა დაყოფა | Ganzhou District, Sunan Yugur Autonomous County, Minle County, Linze County, Gaotai County და Shandan County |
| კოორდინატები | 38°56′08″ ჩ. გ. 100°27′19″ ა. გ. / 38.93556° ჩ. გ. 100.45528° ა. გ. |
| ფართობი | 38592.06 კმ² |
| მოსახლეობა |
1 199 515 (2010)[1] , 1 131 016 (2020)[2] |
| სატელეფონო კოდი | 936 |
| საფოსტო ინდექსი | 734000 |
| საავტომობილო კოდი | 甘G |
| ოფიციალური საიტი | http://www.zy.gansu.gov.cn/ |
ჭანგიე (ჩინ.: 张掖), წარსულში რომანიზებული როგორც ჩანგიე და ასევე ცნობილი, როგორც კანჩოუ — პრეფექტურის დონის ქალაქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კანსუს პროვინციის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება შიდა მონღოლეთს, ხოლო სამხრეთით - ცინგხაის. ქალაქის ცენტრალური რაიონია კანჭოუ, რომელიც ადრე დასავლეთ სიას დინასტიის ქალაქი და დასავლეთ ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავანპოსტი იყო.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ჭანგიე უძველესი სახელია, ქალაქი ადრე კანჭოუს სახელითაც იყო ცნობილი, რომელსაც სახელი მისი ოაზისის ტკბილი წყლების (ჩინურად: 甘泉; ფინინი: Gānquán) მიხედვით დაერქვა. ალტერნატიული თეორიის თანახმად, „კანი“ ქალაქთან ახლოს მდებარე კანჭუნის ბორცვიდან (绀峻山) მომდინარეობს. პროვინციის სახელწოდება კანჭოუსა და სუჭოუს (თანამედროვე ჯიოუციუენი) შერწყმიდან მომდინარეობს. ქალაქის სახელი მარკო პოლოს „მოგზაურობაში“ კამპიჩუს სახელით გვხვდება.[3]
ჭანგიეს სარდლობა დასავლეთ ხანის მიერ ძვ. წ. 111 წელს დაარსდა, მისი ცენტრი თანამედროვე ვუვეის ადგილას მდებარეობდა. ჭანგიეს ეტიმოლოგია გაურკვეველია. პოპულარული თეორია ჭანგიეს განმარტავს, როგორც „გაშლილ მკლავს“, რომელიც აღებულია ფრაზიდან „ქვეყნის მკლავის დასავლეთ სამეფომდე გაშლა“ (张国臂掖,以通西域), რომელიც ხანის წიგნში არის აღწერილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭანგიე მდებარეობს ხესის კორიდორის ცენტრში. არეა ჩინეთის ავანპოსტი იყო და იცავდა სახელმწიფოს ჩრდილო-აღმოსავლელი მომთაბარეებისგან და არმიებს გზას უხსნიდა ტარიმის რეზერვუარისკენ. დასავლეთ ხანის დინასტიის დროს, ხანის არმიები ხშირად ებრძოდნენ სიონგნუს ძალებს ამ არეალში. ქალაქი ასევე წარმოადგენდა აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ავანპოსტს. მონღოლების მიერ დაპყრობამდე ძირითადად დასავლეთ სიას დინასტიის, მანამდე კი, მე-10 საუკუნემდე, უიღურების მმართველობის ქვეშ იყო. ქალაქის კავშირი უიღურების ქოჩოს სახელმწიფოსთან სადავოა, მაგრამ შეიძლება მისი ვასალი იყო. ნათქვამია, რომ იუენის დინასტიის იმპერატორი ყუბილაი ჭანგიეში, ტაფუს ტაძარში დაიბადა. ტაძარში ვხვდებით ჩინეთის ყველაზე დიდ მწოლიარე ბუდას. მარკო პოლოს ჩანაწერების თანახმად, მან ჩინეთში მოგზაურობის დროს ჭანგიეში დაახლოებით ერთი წელი გაატარა.
პაპაოს მთების ნაძვის ტყეები (ცილიენის ქედის ნაწილი) მანამდე კანჭოუს მთავარი მდინარის, ხეი შუეის ან რუოს დინებას არეგულირებდა. წყლის შენარჩუნებით მთა ქალაქს თავიდან აცილებდა ნადნობი წყლის მიერ გამოწვეულ წყალდიდობებსა და ზაფხულში გვალვას. მიუხედავად ტყის შენახვის რეკომენდაციებისა, ცინგის დინასტიის დროს სატელეგრაფო ხაზებისა და ბოძების მონტაჟისას, საიმპერატორო თანამდებობის პირმა გასცა ტყის გაჩეხვის ბრძანება. თითქმის მაშინვე, რეგიონი გახდა მოწყვლადი წყალდიდობებისა და გვალვების მიმართ.
1879 წელს ქალაქში ჩავიდნენ ქრისტიანი მისიონერები, მას შემდეგ რაც სუჭოუში, დღევანდელ ძიოუციუენში ცხოვრება ძალიან სახიფათო გახდა.
ადმინისტრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭანგიე მოიცავს ერთ ურბანულ რაიონს, 4 ოლქს, ერთ ავტონომიურ ოლქს, 97 ქალაქსა და 978 სოფელს.
| რუკა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
შენიშვნა: შანტანის საცხენოსნო მიწა შანტანის ოლქის ნაწილია. | ||||||
| # | სახელწოდება | ჩინური | ფინინი | მოსახლეობა (2020)[3] |
ფართობის (კმ²) | სიმჭიდროვე (/კმ²) |
| 1 | კანჭოუს რაიონი | 甘州区 | Gānzhōu Qū | 519,096 | 4,240 | 120 |
| 2 | მინლეს ოლქი | 民乐县 | Mínlè Xiàn | 192,476 | 3,687 | 59.5 |
| 3 | ლინძეს ოლქი | 临泽县 | Línzé Xiàn | 115,946 | 2,777 | 48.4 |
| 4 | კაოთაის ოლქი | 高台县 | Gāotái Xiàn | 125,705 | 4,312 | 33.3 |
| 5 | შანტანის ოლქი | 山丹县 | Shāndān Xiàn | 150,031 | 5,402 | 30 |
| 6 | სიუნანის იუგურთა ავტონომიური ოლქი | 肃南裕固族自治县 | Sùnán Yùgùzú Zìzhìxiàn |
27,762 | 20,456 | 1.6 |
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭანგიე მდებარეობს ცენტრალურ განსუში, ხესის დერეფნის გასწვრივ და მისი ფართობია 42,000 კმ². მოიცავს პროვინციის მთელ სიგანეს, ჩრდილოეთით შიდა მონღოლეთიდან სამხრეთით ცინგხაისკენაა გადაჭიმული, თუმცა მისი ურბანული ცენტრი კანჭოუშია, მდინარე რუოს ანუ ხეის მიერ წარმოქმნილ ოაზისში. მისი ნაკადულები, მზიანი კლიმატი და ნაყოფიერი ნიადაგი მას მნიშვნელოვან რეგიონულ სასოფლო-სამეურნეო ცენტრად აქცევს, თუმცა XIX საუკუნეში ტყის გადაჭარბებული გაშენების შედეგად სერიოზულად დაზიანდა.
ჭანგიე ტანსიას ეროვნული გეოლოგიური პარკი მდებარეობს ჭანგიეს ლინძესა და სიუნანის ოლქებში, ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 30 კილომეტრში.[4] ცნობილია თავისი ფერადი კლდოვანი წარმონაქმნებით და ჩინური მედიის მიერ ჩინეთის ერთ-ერთ ულამაზეს ლანდშაფტად არის აღიარებული.[4]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭანგიეს აქვს უდაბნოს ცივი კლიმატი ძალიან თბილი ზაფხულითა და ცივი და ძალიან მშრალი ზამთრით. თვიური საშუალო 24-საათიანი ტემპერატურა მერყეობს −9.1 °C-დან 22.3 °C-მდე ივლისამდე. საშუალო წლიური ტემპერატურაა 7.8 °C, ხოლო წლიური ნალექი 132.6 მმ-ია, რომლის თითქმის სრული რაოდენობა მაისიდან სექტემბრამდე მოდის. ზამთარი იმდენად მშრალია, რომ თოვლი უკიდურესად იშვიათია.
| ჰავის მონაცემები — ჭანგიე, სიმაღლე ზ.დ. 1461 მ, (1991–2020 წლების საშუალო მონაცემები, 1971–2010 წლების ექსტემალური მონაცემები) | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
| რეკორდულად მაღალი °C | 18.4 | 24.2 | 26.2 | 33.3 | 34.7 | 36.7 | 40.3 | 38.6 | 34.5 | 30.3 | 23.7 | 19.6 | 40.3 |
| საშუალო მაღალი °C | −0.2 | 4.8 | 11.6 | 19.2 | 24.3 | 28.6 | 30.3 | 28.8 | 23.9 | 16.9 | 8.7 | 1.5 | 16.5 |
| საშუალო დღიური °C | −9.3 | −4.1 | 3.3 | 11.3 | 16.7 | 21.2 | 23.0 | 21.2 | 15.6 | 7.8 | −0.4 | −7.4 | 8.2 |
| საშუალო დაბალი °C | −16.1 | −11.2 | −3.7 | 3.6 | 9.0 | 13.7 | 16.0 | 14.5 | 9.2 | 1.0 | −6.5 | −13.7 | 1.3 |
| რეკორდულად დაბალი °C | −28.1 | −27.5 | −18.8 | −8.8 | −4.5 | 1.5 | 6.7 | 4.5 | −1.1 | −12.7 | −19.3 | −28.2 | −28.2 |
| საშუალო ნალექი (მმ) | 2.1 | 1.3 | 3.2 | 5.6 | 14.6 | 20.3 | 29.8 | 25.3 | 20.6 | 5.3 | 1.8 | 1.9 | 131.8 |
| ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 3.3 | 1.8 | 2.8 | 3.3 | 5.1 | 6.7 | 8.6 | 7.9 | 6.0 | 2.8 | 2.1 | 2.7 | 53.1 |
| თოვლიანი დღეები საშუალოდ | 4.7 | 3.1 | 3.2 | 1.5 | 0.2 | 0 | 0 | 0 | 0 | 1.0 | 2.9 | 4.3 | 20.9 |
| საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 55 | 44 | 40 | 35 | 39 | 45 | 52 | 55 | 58 | 54 | 56 | 59 | 49 |
| საშუალო თვიური მზიანი საათები | 218.8 | 218.7 | 254.8 | 270.1 | 297.8 | 292.5 | 290.1 | 276.8 | 256.4 | 265.4 | 237.5 | 222.1 | 3 101 |
| შესაძლო მზის სინათლის პროცენტი | 72 | 71 | 68 | 67 | 67 | 66 | 65 | 66 | 70 | 78 | 80 | 76 | 71 |
| წყარო 1: ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაცია[5][6] | |||||||||||||
| წყარო 2: ჩინეთის ამინდი[7] | |||||||||||||
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭანგიეს მოსახლეობა 1,199,515 ადამიანს შეადგენს, საიდანაც მხოლოდ 260,000 არის ქალაქის მაცხოვრებელი. ხანის ჩინელების გარდა, აქ 26 ეთნიკური უმცირესობაა წარმოდგენილი, მათ შორის ბევრი ჰუი, იუგური და ტიბეტელი.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭანგიეს ემსახურება ჩინეთის ეროვნული მაგისტრალები: G30 ჩქაროსნული მაგისტრალი, 227 და 312.
ჭანგიეს რკინიგზის სადგური მდებარეობს ლანჭოუ-სინძიანგის რკინიგზაზე, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით. 2014 წლის 26 დეკემბერს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს გაიხსნა მაღალსიჩქარიანი რკინიგზის სადგური, ჭანგიეს დასავლეთის რკინიგზის სადგური, როგორც ლანჭოუ-ურუმჩის მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ნაწილი.
ჭანგიეს კანჭოუს აეროპორტი, რომელიც კომბინირებული სამოქალაქო-სამხედრო აეროპორტია, გაიხსნა 2011 წლის ოქტომბერში და რეისებს ასრულებს ლანჭოუსა და სიანში.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წელს ქალაქის მშპ 7.566 მილიარდი იუანი იყო, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 9%-იან ზრდას წარმოადგენს. ქალაქის მოსახლეობის წლიური შემოსავალი 5960 იუანი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10.4%-იან ზრდას წარმოადგენდა, ხოლო სოფლის შემოსავალი 3092 იუანი იყო, წინა წელთან შედარებით 5%-იანი ნამატი.
სიმინდის მარცვლის წარმოების ბაზა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ეროვნული მნიშვნელობის ჰიბრიდული სიმინდის თესლის წარმოების ბაზა, ჭანგიე მოიცავს „სიმინდის თესლის გადამუშავების ტექნოლოგიების ინტეგრაციის სადემონსტრაციო ბაზას“. ეს ობიექტი ფოკუსირებულია თესლის გაშრობის, დახარისხებისა და საფარის მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული სოფლის მეურნეობისთვის მაღალი ხარისხის თესლის წარმოება.[8]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხესის უნივერსიტეტი (ჩინ.: 河西学院) ჭანგიეში მდებარეობს. უნივერსიტეტში დაახლოებით 10,000 სტუდენტი სწავლობს.[9]
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭანგიე ჩინეთის რალის ჩემპიონატის (CRC) რაუნდს 2011 წლიდან მასპინძლობს. ის ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე უდაბნოებში სპეციალურად აშენებულ გზებზე იმართება. ღონისძიება რეგულარულად 100-ზე მეტ მონაწილეს იზიდავს, მათ შორის საერთაშორისო მრბოლელებს. ქალაქში ასევე აშენდა სტადიონი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის მეშვიდე ეროვნული აღწერის მონაცემებით, ქალაქის მუდმივი მოსახლეობა (ხუქოუ) 1,131,016 ადამიანს შეადგენდა.[3] 2010 წლის მეექვსე ეროვნული აღწერის დროს 1,199,515 მოსახლესთან შედარებით, 68,499 ადამიანით ნაკლები ცხოვრობდა, ანუ საშუალო წლიური კლება 0.59 პროცენტი იყო.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sixth National Population Census of the People's Republic of China
- ↑ 国务院第七次全国人口普查领导小组办公室 中国人口普查分县资料—2020 — 北京市: 中国统计出版社, 2022. — 983 გვრ. — ISBN 978-7-5037-9772-9
- 1 2 3 张掖市统计局-张掖市第七次全国人口普查公报. ციტირების თარიღი: 2025-04-10
- 1 2 zh:张掖丹霞国家地质公园 zh. Gansu Provincial Government (2013-06-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-12. ციტირების თარიღი: 12 September 2014
- ↑ zh:中国气象数据网 – WeatherBk Data zh-hans. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 27 August 2023
- ↑ zh:中国气象数据网 zh-hans. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 27 August 2023
- ↑ zh:张掖 - 气象数据 -中国天气网 zh. Weather China. ციტირების თარიღი: 29 November 2022
- ↑ 张掖市农业农村局玉米种子加工技术集成示范基地介绍. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-14. ციტირების თარიღი: 2025-10-26
- ↑ Hexi University in China.