ჭავჭავაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭავჭავაძე.
ჭავჭავაძეების გერბი

ჭავჭავაძეები — ფეოდალური საგვარეულო კახეთში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარს საფუძვლად უდევს მცირე ზომის ფრინველის, ჭივჭავის (ჭავჭავი) დასახელება, რომელიც დროთა განმავლობაში ტანად პატარა კაცის მეტსახელად იქცა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული წყაროები და, აგრეთვე, ხალხში დარჩენილი ზეპირსიტყვიერი გამდოცემები მოწმობენ, რომ ჭავჭავაძეები კახეთის მკვიდრნი არ ყოფილან. ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფი, გრიგოლ ყიფშიძე 1913 წელს წერდა: „გადმოცემა ამბობს, რომ ჭავჭავაძენი ხევსურეთის მკვიდრნი იყვნენ, იქიდან არიან გადმოსულნი“. ამ ფაქტსავე აღნიშნავს იოანე ბატონიშვილი თავის ცნობილ ლიტერატურულ ძეგლში „კალმასობა“, რომლის ერთ-ერთი პერსონაჟი და ისტორიული პირი გარსევან ჭავჭავაძე ამბობს: „მე მთის კაცი ვარ და რა კაცის მტრობა ჩავა ჩემს გულში, არღა ამოვა.“[1]

ვახუშტი ბატონიშვილი თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ კახეთის 13 სათავადო გვარს შორის მე-5 ადგილზე ასახელებს ჭავჭავაძეებს. გეორგიევსკის ტრაქტატს დართულ ქართველ წარჩინბულთა სიაში ჭავჭავაძეები კახეთის 24 სათავადო გვარს შორის მეათე ადგილას იხსენიებიან.[2]

პირველად აღნიშნული გვარის წარმომადგენელი საისტორიო წყაროებში იხსენიება XV საუკუნეში, კერძოდ 1438 წელს, როდესაც ალექსანდრე დიდის სიგელში ნახსენებია ფაროდი ჭავჭავაძე. ჭავჭავაძეთა გვარის წყაროებში მოხსენიებული შემდეგი წარმომადგენელი არის კათოლიკოს პატრიარქი დავით IV, რომელიც მოღვაწეობდა XV საუკუნის შუა ხანებში. ის იხსენიება გიორგი VIII-ის 1447 წლის გუჯარში. ჭავჭავაძეების საგვარეულო დროთა განმავლობაში ძლიერდებოდა და ამ გვარის წარმომადგენლები იკავებდნენ სახლთუხუცესის, მოლარეთუხუცესის, მეჯინიბეთუხუცესის, სუფრაჯის და სხვა თანამდებობებს.

შემდგომში ჩამოყალიბდა საგვარეულოს ორი შტო: ერთი წინანდალში, მეორე — ყვარელსა და შილდში. წინანდლის ჭავჭავაძეთა საგვარეულო საძვალე იყო ახალი შუამთა, ხოლო ყვარლის ჭავჭავაძეთა საგვარეულო საძვალე იყო ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.[3] ორი საგვარეულოს საერთო წინაპარი იყო როშნია ჭავჭავაძე, რომელიც იხსენიება 1470 წელს. ისტორიულ წყაროებში იხსენიებიან როშნიას ვაჟები: ზაალი, დასტანი, მანუჩარი და გიორგი (1517), გიორგის ვაჟები — გარსევანი და ბეჟანი, გარსევანი (1584), სახლთუხუცესი იასონი (1590), მოლარეთუხუცესი მამუკა (1639-51), სულხან მამუჩის ძე (XVII ს), მამუჩი და მისი შვილები დათუნა და რამაზი, მამუჩის ძმისწულები — გიორგი და გულბაათი, განაყოფები — იასონი და სეფედავლე (1682).

ქართულ ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილია ლექსი, რომელშიც იხსენიება დაღესტნელების წინააღმდეგ მებრძოლი ვინმე მამუკა ჭავჭავაძე. დაღესტნელების წინააღმდეგ იბრძოდა გარსევან გულბაათის ძე ჭავჭავაძე. 1755 წელს ყვარლის ციხის დაცვისთვის თავი გამოიჩინა ბესპაზ ფარემუზის ძე ჭავჭავაძემ.

იოანე ბაგრატიონის მიხედვით, ჭავჭავაძეებმა დიდგვაროვანთა ტიტული მიიღეს 1680 წელს მეფე ერეკლე I-ის დროს. შემდგომ მეფე თეიმურაზმა უბოძა მათ აზნაურობის ტიტული, ყმები და სამეფო მამული. საბოლოოდ, მეფე ერეკლე II-მ დაუმტკიცა თავადობა. ჭავჭავაძეების გვარის დაწინაურებაზე მეტყველებს ის, რომ ერეკლე II-მ თავის საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენლად რუსეთში მიავლინა გარსევან ჭავჭავაძე (1757-1811), რომელიც ამ თანამდებობაზე გიორგი XII-ის დროსაც მუშაობდა. გარსევანი ამავდროულად იყო ქართლ-კახეთის სამეფოს ეშიკაღასბაში და ბორჩალოსა და ყაზახის მოურავი. მასვე მიანდო ერეკლე II-მ გეორგიევკის ტრაქტატის ხელმოწერა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ჭავჭავაძეთა თავადობა დაადასტურა იმპერატორის 1825, 1828, 1829 და 1850 წწ. ბრძანებებმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგვარეულოს ცნობილ წარმომადგენელთა შესახებ, იხ. ჭავჭავაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ. „ილია ჭავჭავაძის საგვარეულოს ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1 გვ. 13-21 — თბილისი, 2017 ISSN1512-3154

რესურესები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ი. ჩიქოვანი, „თავადი ჭავჭავაძეები“ — თბ., 2002, გვ. 5
  2. გ. პაიჭაძე, „გეორგიევსკის ტრაქტატი“ — თბილისი, 1983 წ.
  3. ი. ჩიქოვანი, „თავადი ჭავჭავაძეები“ — თბილისი, 2002 წ.