წყნარი ოკეანის ვირთევზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყნარი ოკეანის ვირთევზა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ვირთევზასნაირნი
ოჯახი:  ვირთევზასებრნი
გვარი:  ვირთევზა
სახეობა:  წყნარი ოკეანის ვირთევზა
ლათინური სახელი
Gadus macrocephalus (Tilesius, 1810)
სინონიმები
  • Gadus morhua macrocephalus (Tilesius, 1810)
  • Gadus pygmaeus (Pallas, 1814)
  • Gadus ogac (Richardson, 1836)
  • Gadus ovak (Reinhardt, 1837)
  • Gadus ogat (Krøyer, 1847)
  • Gadus auratus (Cope, 1873)
  • Gadus brandtii (Hilgendorf, 1875)

წყნარი ოკეანის ვირთევზა[1] (ლათ. Gadus macrocephalus) — თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. სიგრძეში 120 სმ-ს აღწევს, მასაში — 18 კგ-ს. ზედა ყბა ქვედაზე გრძელია. ნიკაპზე კარგადაა განვითარებული ულვაში. გვერდითი ხაზი ღია და სუსტად შესამჩნევია. ზურგი შეფერილია ყავისფრიდან რუხამდე, მუქი ლაქებით, მუცელი ღიაა. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში და მიმდებარე ზღვებში აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებთან, ბერინგის სრუტიდან ყვითელ ზღვამდე დასავლეთით და ლოს-ანჯელესამდე აღმოსავლეთით.[2]

ზღვის ქარავნული თევზია. ჩვეულებრივ, უპირატესობას ანიჭებს დაბალ დადებით ტემპერატურას — 0-დან 4,5°C-მდე. უფრო მეტად ბინადრობს ფსკერთან, თუმცა ტოფობისა და სუქების პერიოდში ინაცვლებს წყლის სიღრმეში. გვხვდება 5-დან 550-მდე მეტრის სიღრმეზე. არეალის სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებულ დროს, ერთიანად, ფსკერზე ყრის ქვირითს (ნაყოფიერება 1,4-დან 6,4 მლნ.). ქვირითის განვითარება 9-დან 20 დღემდე გრძელდება. ახალგამოჩეკილი ლიფსიტა 3,6–4 მმ სიგრძისაა. 5–6 თვეში სიგრძეში 8–26 სმ-ს აღწევს. ცოცხლობს 13–15 წელს. ზრდის ტემპი პირველ წლებში უფრო სწრაფია, შემდეგ თანდათან ნელდება. სამხრეთის რაიონებში უფრო ნელა იზრდება. სქესობრივ სიმწიფეს 5–6 წელში აღწევს.[2]

ახალგაზრდა ინდივიდები (25–30 სმ-მდე) ძირითადად მცირე ბენთოსური კიბოსნაირებითა და ჭიებით იკვებებიან. მსხვილი ვირთევზები — თევზს (მინტაი, ქაშაყი, მოივა, ნავაგა, ორაგული, კამბალა, ღორჯო, მექვიშია, სარდინი), უფრო იშვიათად კიბოსნაირებს ჭამენ. წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კარგადაა გამოხატული ორი სეზონური მიგრაცია: გაზაფხულის, როდესაც ზამთრის კვების ღრმაწყლოვანი რაიონებიდან ტოფობის შემდეგ თავთხელ წყლებში ინაცვლებენ, და შემოდგომა-ზამთრის, როდესაც გამოსაზამთრებლად უკან ბრუნდებიან.[2]

სარეწაო მნიშვნელობის თევზია. ძირითადი მომპოვებელი ქვეყნებია რუსეთი, აშშ და იაპონია. ხორცის ცხიმიანობა 0,3–0,5%-ია. ქონი გროვდება ღვიძლში, რომლის მასა სხეულის მასის 3–9%-ს, ზოგჯერ კი 12%-საც აღწევს. ძირითადად ყინავენ. ღვიძლს იყენებენ სამედიცინო თევზის ქონის მისაღებად, რომელიც მდიდარია A და D ვიტამინებით, ასევე კონსერვებისთვის.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 332, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Промысловые рыбы России : В двух томах / под ред. О. Ф. Гриценко, А. Н. Котляра и Б. Н. Котенёва. т. 1. — М.: изд-во ВНИРО, 2006. — стр. 376–377. ISBN 5-85382-229-2.