წყვილრქოსანი რქაცხვირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყვილრქოსანი რქაცხვირა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Buceros bicornis (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22682453
გავრცელება

წყვილრქოსანი რქაცხვირა,[1] წყვილრქოსანი კალაო[2] (ლათ. Buceros bicornis) — ფრინველი რქაცხვირასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლ. 100 სმ, მასა 3,4 კგ-მდე; დედალი მამალზე პატარაა. თავზე აქვთ V-სებური, წყვილრქოვანი (აქედან სახელწოდება) „ჩაფხუტი“, დამახასიათებელი ღრუბლოვანი ძვლოვანი წანაზარდით, რომელიც რქოვანი საფარითაა დაფარული. ნისკარტი გრძელი და ნამგლისებურია. შეფერილია შავ-თეთრად. თეთრი ბუმბულები კეფასა და კისერზე, ნისკარტი და „ჩაფხუტი“ გაპოხილია კუდუსუნის ჯირკვლის ცხიმით, რის შედეგადაც კაშკაშა ყვითელი ფერის ხდება. ბოლო გრძელია (30 სმ-მდე სიგრძის), ფერად თეთრი და გასდევს ფართო შავი ზოლი; ფრთები ფართო, თეთრი, განივი შავი ზოლებითაა; მომქნევი ბუმბულის ბოლოები ასევე თეთრია. ბინადრობს სამხრეთი აზიის ნოტიო ტროპიკულ ტყეებში, ინდოსტანიდან ინდოჩინეთამდე, სამხრეთით სუმატრამდე; მთებში გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლემდე. უმთავრესად იკვებება ხილით, აგრეთვე მცირე ზომის ხერხემლიანებითა და მსხვილი მწერებით. ახასიათებს სამუდამო წყვილები. ბუდობენ ხეების ფუღუროებში მიწიდან 18–30 მეტრზე. დედალი ჩვეულებრივ 2 კვერცხს დებს. ინკუბაცია 38–40 დღე-ღამე გრძელდება; ამ დროს დედალი ბუდის შესასვლელს სკინტლის, ხილის ნარჩენების, ხის ნაფშვენებისა და თიხის ნარევით ქოლავს; ტოვებს მხოლოდ ვიწრო ხვრელს, საიდანაც იგი და შემდეგ უკვე ბარტყები მამლისაგან საკვებს იღებენ. გამოჩეკიდან 40–50 დღეში დედალი ბუდეს ტოვებს, ხოლო კიდევ 1 თვის შემდეგ ახალი თაობაც ფრინდება აქედან. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, როგორც გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]