წყალტუბოს მასივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყალტუბოს მასივი
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე
კოორდინატები: 42°26′29″ ჩ. გ. 42°35′51″ ა. გ. / 42.44139° ჩ. გ. 42.59750° ა. გ. / 42.44139; 42.59750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 130–800 
ფართობი 250 კმ²
სიგრძე 25 კმ
სიგანე 12–15 კმ
წყალტუბოს მასივი — საქართველო
წყალტუბოს მასივი

წყალტუბოს მასივიკირქვული მასივი საქართველოში. მდებარეობს კოლხეთის ბარის ბორაკ-ბორცვიანი რელიეფის ჩრდილო ზონაში, ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფზე. იყოფა დიდვაკის პლატოდ, სამგურალის ქედად და წყალტუბოს ქვაბულების სისტემად. სიმაღლე 130–800 მ. სიგრძე 25 კმ, სიგანე 12–15 კმ, ფართობი 250 კმ², საიდანაც 150 კმ² ინტენსიურად დაკარსტულ ტერიტორიას უკავია, რომელიც ძირითადად მდინარე სემისა და ყუმის ხეობებითაა წარმოდგენილი და დაბალმთის-ტყის ზომიერად ნოტიო კლიმატის მქონე კარსტულ ლანდშაფტს მიეკუთვნება.[1]

წყალტუბოს მასივი აგებულია ქვედაცარცული კირქვებით. აღმოსავლეთიდან იურული ნალექების ვიწრო ზოლით, დასავლეთიდან კი, ვულკანოგენური ქანებითაა შემოსაზღვრული. ეს სივრცე ინტენსიური ეროზიის არენაა. კარსტვადი ქანებით აგებული სტრუქტურებისათვის ძირითადად დამახასიათებელია მონოკლინური სამხრეთული წოლა, რაც ხელს უწყობს მიწისქვეშა წყლების აღნიშნული მიმართულებებით მოძრაობას. გააჩნია დაკარსტვის ხელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები, რაც განაპირობებს კარსტგაჩენის პროცესების სეზონურ თანაბრობას.[2]

წყალტუბოს მასივი გეოლოგიურად წარმოადგენს ოკრიბის ტექტონიკური თაღის დასავლურ პერიფერიას და გართულებულია ღვედის, გელავერის, ლეკოურის და სხვა რღვევებით. მასივის ტერიტორიის რელიეფის ხასიათს კარსტული პროცესები განსაზღვრავს. გაშიშვლებული კირქვების მცირე სიმძლავრემ განაპირობა ზედაპირული კარსტული ძაბრების, კარული ზედაპირების, აგრეთვე ჭების, შახტების და მღვიმეების ფართო გავრცელება.[3]

მასივის ფარგლებში მოქცეულია პრომეთეს მღვიმე, თეთრა მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, სოლკოტას მღვიმე, მელოურის მღვიმე, საწურბლიას მღვიმე, ღლიანას მღვიმე და სხვა. წყალტუბოს მასივი დიდი ხანია მკვლევართა ყურადღების ცენტრშია მოქცეული. სხვადასხვა წლებში მასივის ტერიტორიაზე სპელეოლოგიურ გამოკვლევებს აწარმოებდნენ ლევან მარუაშვილი, ზურაბ ტატაშიძე, შალვა ყიფიანი, გრიგოლ დევდარიანი, გიორგი ძოწენიძე, ჯუმბერ ჯიშკარიანი და სხვა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ავტორთა კოლექტივი. წყალტუბოს მღვიმური სისტემა, თბ., 2009, გვ. 6–8
  2. Геология СССР. Том 10. Грузинская ССР. Часть 1. Геологическое описание. М., 1964 г., 656 стр.
  3. ავტორთა კოლექტივი. გეოგრაფიისა და ანთოპოლოგიის თანამედროვე პრობლემები, თბილისი, 2015, გვ. 66–70
  4. ომარ ლანჩავა, კუკური წიქარიშვილი. წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმური სისტემა, თბ., 2016, გვ. 7–9