წყალიკრეფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყალიკრეფია

ჩვეულებრივი წყალიკრეფია (Aquilegia vulgaris)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბაიასნაირნი
ოჯახი:  ბაიასებრნი
გვარი:  წყალიკრეფია
ლათინური სახელი
Aquilegia L., 1753

წყალიკრეფია[1] (ლათ. Aquilegia) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. ფოთლები სამმაგრთულია. ყვავილები სწორი, დიამეტრით 2–5 სმ, მრავალნაირი ფერის, ხშირად მარტოული, თავდახრილი; გვირგვინის ფურცლები წაგრძელებულია ღრუ სწორ ან მოღუნულ დეზებად. ნაყოფი მრავალფოთლურაა. ცნობილია 70-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერად თბილ და ტროპიკულ ოლქებში.[2] საქართველოში გვხვდება სამი სახეობა, რომელთაგან ორი ენდემურია: კოლხური წყალიკრეფია (A. colchica) — იმერეთში, გეგის წყალიკრეფია (A. gegica) — აფხაზეთში;[3] მესამე სახეობა — Aquilegia olympica გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.[4] იზრდებიან ქვედა და შუა სარტყლის ტყეებში, ღია ფერდობებსა და კირქვიანებზე, სუბალპურ მდელოებსა და მაღალბალახეულობაში, ზოგჯერ ალპურ სარტყელშიც, მყინვარებთან ახლოს, ზღვის დონიდან 3500 მეტრამდე. ყველა სახეობა დეკორატიულია;[3] ცნობილია ჯიშები გრძელი სწორი დეზებით, მრავალნაირად შეფერილები, ხშირად ორყვავილიანები, ბუთხუზა ან ძალიან დიდი (დიამეტრით 8 სმ-მდე) ყვავილებით. ყველა წყალიკრეფია კარგი თაფლოვანი მცენარეა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. aquilegia — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 Крупкина Л. И. Водосбор // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 505.
  3. 3.0 3.1 გურგენიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 355.
  4. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 658.