წურბლები[1] (ლათ.Hirudinea) — რგოლოვანი ჭიების ქვეკლასი. სხეული შებრტყელებულია ზურგ-მუცლის მიმართულებით, შედგება სეგმენტების მუდმივი რაოდენობისგან (უმეტესობას 32 აქვს), რომლებიც გარედან არ ჩანს. სხეულის წინა და უკანა ბოლოზე განვითარებულია ორი კუნთოვანი მრგვალი საწოვარი, რომელიც წურბლებს საშუალებას აძლევს მჭიდროდ მიემაგრონ სუბსტრატს; წინა საწოვრის ცენტრში მდებარეობს პირი. უმეტესობას არ აქვს ჯაგარი. სუბსტრატზე გადაადგილდებიან წინა და უკანა საწოვრების მონაცვლეობით მიმაგრებით; ცურავენ ზურგ-მუცლის სიბრტყეში კლაკნით. სხეულის ღრუ მეტ-ნაკლებად შევსებულია შემაერთებელი ქსოვილით. სუნთქვა ხორციელდება სხეულის მთელი ზედაპირით.[2]
პარაზიტული სახეობების ნაწლავებს აქვთ წყვილი გვერდითი ბრმა გამონაზარდები, სადაც მარაგდება თხევადი საკვები (სხვადასხვა ცხოველის სისხლი და ქსოვილური სითხეები). ჰერმაფროდიტები არიან, განვითარება პირდაპირია. კვერცხები მწიფდება პარკებში. დაახლოებით 300 სახეობაა. ბინადრობენ ძირითადად მტკნარ წყლებში, იშვიათად ნიადაგში და ტყის საფენში, არიან ზღვის სახეობებიც.[2]
სამი რიგია. ჯაგრიანი წურბლების რიგის (Acanthobdellida) წარმომადგენლებს სხეულის წინა ბოლოზე აქვთ მცირე რაოდენობის ჯაგარი, მხოლოდ უკანა საწოვარი და სხეულის განვითარებული ღრუ; ცხოვრობენ მტკნარ წყალსატევებში ევრაზიისა და ამერიკის ჩრდილოეთში, არიან ორაგულისებრი თევზების პარაზიტები. ხორთუმიან წურბლებს (Rhynchobdellida) აქვთ გამოსაწევი ხახის მილი ხორთუმის სახით; არიან მტაცებლები ან პარაზიტები (ძირითადად მოლუსკების). უხორთუმო / ყბიან წურბლებს (Arhynchobdellida) პირში აქვთ სამი კუნთოვანი ყბა კუტიკულური კბილაკებით. ამ რიგის წარმომადგენლები იკვებებიან უხერხემლოებით ან წოვენ მსხვილი ცხოველების სისხლს. სისხლის წოვისას წურბელას ჭრილობაში შეჰყავს სანერწყვე ჯირკვლის სეკრეტი, რომელიც შეიცავს ჰირუდინს, რაც ხელს უშლის სისხლის შედედებას. სამედიცინო წურბელა გამოიყენება ჰირუდოთერაპიაში.[2]