ალექსანდრე წულუკიძე (რევოლუციონერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წულუკიძე, ალექსანდრე (რევოლუციონერი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე წულუკიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ალექსანდრე წულუკიძე
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1876
დაბადების ადგილი ხონი
გარდაცვალების თარიღი 21 ივნისი, 1905
გარდაცვალების ადგილი ქუთაისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ეროვნება ქართველი
რელიგია ათეისტი
პარტია რსდმპ
ძირითადი იდეები მარქსიზმი

ალექსანდრე (საშა) გრიგოლის ძე წულუკიძე (დ. 13 ნოემბერი [ძვ. სტ. 1 ნოემბერი], 1876, დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა — გ. 21 ივნისი [ძვ. სტ. 8 ივნისი], 1905, ქუთაისი, დაკრძალულია ხონში) — ქართველი მარქსისტი, რევოლუციონერი. რუსეთის პირველი რევოლუციის მონაწილე, ლენინურ-ისკრული ორგანიზაციების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. მის სახელს ატარებდა მისი მშობლიური ქალაქი ხონი 1936-1989 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, მაგრამ სწავლა შეწყვიტა მეხუთე კლასიდან. 1896 წელს შევიდა ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფში და გახდა „მესამე დასის“ რევოლუციური ფრთის აქტიური წევრი. რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და ბაქოში. 1897-1899 წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. გახდა სტუდენტური მარქსისტული წრის წევრი და განაგრძობდა მარქსისტული ფილოსოფიის, პოლიტიკური ეკონომიის და მეცნიერული სოციალიზმის საკითხების პროპაგანდას. 1899 წელს დაბრუნდა საქართველოში, დაუახლოვდა სტალინს და და ენერგიულად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1900-1901 წლებში ხელმძღვანელობდა გაფიცვებს, მუშათა წრეს ბათუმში. 1901-1902 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „ბრძოლაში“. 1902 წელს მონაწილეობდა რსდმპ-ის ქუთაისის, იმერეთ-სამეგრელოს და სხვა კომიტეტების შექმნაში. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ორგანიზატორი. რსდმპ II ყრილობის შემდეგ - ბოლშევიკი, გაზეთ „პროლეტარიატის ბრძოლის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი. თანამშრომლობდა „პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელში“ და ჟურნალ „მოგზაურში“. 1904 წელს იგი მონაწილეობდა რსდმპ კავკასიის საბჭოს კონფერენციის მუშაობაში, სადაც გამოდიოდა მენშევიკებთან სრული გამიჯვნის მომხრედ. 1905 წლის იანვარში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც ჟანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად კვლავ განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას. ის ციხეში ტუბერკულოზისაგან გარდაიცვალა.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წულუკიძე თეორიულ შრომებში მკაცრად აკრიტიკებდა „ლეგალურ მარქსისტებს“, ბურჟუაზიულ ნაციონალისტებსა და მენშევიკებს, იცავდა ლენინურ-ტაქტიკურ რევოლუციურ ხაზს. წულუკიძე იყო ქართველი მარქსისტული ლიტერატურის კრიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისას გამოაქვეყნა მარქსისტული თვალსაზრისით დაწერილი კრიტიკული წერილი "ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში" (ჟურნალი "კვალი", №№ 44, 45, 48). შემდეგში სისტემატურად აქვეყნებდა პოლემიკურ და პუბლიცისტურ წერილებს. 1903 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი „ოცნება და სინამდვილე“. მას ეკუთვნის წერილები „ეკონომიკური მეცნიერების ისტორიიდან", „ნაწყვეტები პოლიტიკური ეკონომიიდან“, „ავტონომია და პროლეტარიატის ინტერესები“ და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ებანოიძე ლ., გვერდწითელი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 348.
  • ალექსანდრე წულუკიძე - რევოლუციონერი, მოაზროვნე, ეძღვნება ა. გ. წულუკიძის დაბადების 100 წლისთავს, თბ., 1975

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]