შინაარსზე გადასვლა

წუბენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
შუა წუბენი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი ზაყორი
კოორდინატები 42°07′40″ ჩ. გ. 44°21′51″ ა. გ. / 42.128000° ჩ. გ. 44.364361° ა. გ. / 42.128000; 44.364361
ცენტრის სიმაღლე 980
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წუბენი — საქართველო
წუბენი

წუბენი — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ზაყორის ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).

მდებარეობს მდინარე ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) შუა დინების ხეობაში, ზღვის დონიდან 980 მ-ზე, ახალგორიდან 65 კმ-ში, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 31 კმ-ში.

წერილობით წყაროებში ცნობილია XIV საუკუნიდან. ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“ იხსენიებს წუბენს და წუბენისხეველებს იოვანე და ვირშელ ერისთავების დვალების წინააღმდეგ ლაშქრობებთან დაკავშირებით.[1] იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ (XVIII საუკუნის მიწურული) წუბენი იმ სოფლებს შორისაა, რომლებიც ამოწყვეტილი ღაზნელების მამულები იყო და ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ ამილახვრებს მიეკუთვნა.[2]

რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში სოფელი წუბენი ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ქსნის უბანში შედიოდა. საბჭოთა რეჟიმის დროს, 1922–1990 წლებში მიაკუთვნეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონს. 1930-იანი წლებიდან ზახორის სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფლები: ზემო წუბენი, ქვემო წუბენი და შუა წუბენი. 1989 წლის აღწერით ზემო წუბენში იყო 97 მცხოვრები, ქვემო წუბენში — 23, შუა წუბენში — 33, ძირითადად ოსები.[3]

ოლქის გაუქმების შემდეგ (1990) ეს დასახლებები ოფიციალურად შედის ახალგორის რაიონში (შემდეგ მუნიციპალიტეტში),[4] თუმცა 1990-იანი წლებიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. ახალგორის მუნიციპალიტეტის მოქმედი ტერიტორიული დაყოფით სოფლები გაერთიანებულია წუბენის სახელწოდებით. „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო რეჟიმის მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერით სოფელ წუბენში 44 მცხოვრებია.[5]

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წუბენსა და მის შემოგარენში შემორჩენილია შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი, მათ შორის წუბენის „თვაბაცილა“, ქვემო წუბენის წმინდა გიორგის სახელობის, ზემო წუბენის მთისხატის და ბალოვანის ვაკისხატის ეკლესიები.