წოდებითი ბრუნვა
წოდებითი ბრუნვა — გამოიყენება მიმართვის ფორმებში. ქართველურ ენათაგან მხოლოდ ქართულ ენაში გამოიყოფა წოდებითი, როგორც ბრუნვა, ვინაიდან მხოლოდ ქართულში დაერთვის სპეციალური ნიშანი. ბრუნეის ნიშანია (-ო) – ალომორფებით – -ო, -ვ, Ø.
ამ ალომორფთა დისტრიბუციას სახელის ფუძის დაბოლოება განსაზღვრავს, თუმცა მოქმედებს სემანტიკური აკრძალვაც: საკუთარი სახელები (მიუხედავად იმისა, ფუძე ხმოვანზე ბოლოვდება თუ თანხმოვანზე) არ დაირთავენ წოდებითი ბრუნვის ნიშანს: დათო! პეტრე! ნანა! ლალი! ვახტანგ! დავით!…
-ო ალომორფი დასტურდება თანხმოვანფუძიან საზოგადო სახელებთან, აგრეთვე ყველა სახელის მრავლობით რიცხვში (-ნ და -ებ დაბოლოებით):
-ო ბოლოსართი ხმოვანფუძიან ერთმარცვლიან ფუძეებთანაც გვხვდება, თუმცა არაობლიგატორულად: მას -ვ სუფიქსი შეიძლება შეენაცვლოს: „აი, ძმაო, ეს წიგნი არის ქართველების გულის საუნჯე!“; „ტყეო, დედამიწის გვირგვინო“ შდრ. „ტყევ დაბურულო, ჩემო სიცოცხლე… “
ორ- ან ორსე მეტმარცვლიან ფუძეებს -ვ სუფიქსი დაერთვის:
„რა მშვენიერი რამა ხარ, დილის ცერით პირდაბანილო ქვეყანავ“, „ნუ გეშინიან, პატარავ, არ დაშრები, არ დაიკარგებიო“…
საზოგადო სახელთა ანალოგიით (უნიფიკაციის ზოგადი ტენდენციის მოქმედებით) დიალექტებში და ხშირად სალიტერატურო ენაშიც (მწერალთა შემოქმედებაში) საკუთარ სახელებსაც დაერთვის წოდებითის -ო (-ვ):
ჰა, პეტრევ“, „დაასხი, ერეკლევ“, „მე, ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით“…
II პირის ნაცვალსახელები მიმართვის ფორმებში ბოლოკიდურ -ნ სუფიქსს იკვეცენ, რითაც ოპოზიციას ქმნიან „უბრუნველ“ შენ, თქვენ ფუძეებთან: „ჰი, შე უმადურო, შენა; „ჰაი, თქვე ლაჩრებო, თქვენა!
-ო სუფიქსის ქართულ ენაში დამკვიდრების ისტორიის თვალსაზრისით, ძველი ქართული სალიტერატურო ენა სხვა სურათს გვიჩვენებს: ადრეულ ძეგლებში მ (ან ოი) შორისდებული სახელობითთანაც გვხვდებოდა (მიმართვის ფორმებში); უფრო ადრე იგი წრფელობითის ფორმებთანაც უნდა ყოფილიყო ძველ ქართულში, რაც, ე. თოფურიას აზრით, გარდამავალი საფეხურის მაჩვენებელია. ბოლოკიდური -ო ხმოვანი, მისივე ვარაუდით, ბერძნული ნაწილაკისგან მომდინარეობს, ე. ი. წარმომავლობით შორისდებულია.
მიუხედავად იმისა, რომ წოდებითისეული -ო სუფიქსი შორისდებულის ნაშთია წარმოშობით, დღესდღეობით იგი ბრუნვის ნიშანია, თუმცა არსებობს განსხვავებული თვალსაზრისიც, რომლის მიხედვითაც –ო/-ე ბოლოსართიანი ფორმები მიმართვის ფორმებად მიიჩნევა (არნ. ჩიქობავა, ე. თოფურია, თ. უთურგაიძე).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაბუნია კ., ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბ., 2008. — გვ. 578-579.
- ჩიქობავყვა არნ, ქართული ენის სოგადი დახასიათება. – ქეგლ, ტ. 1,თბ. 1950;
- შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძელები, I, თბ., 1953;
- მისივე, წოდებითის ფორმის დაბოლოება. – კრ.: სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართვე- ლურ ენებში, წგ. 1, თბ., 1956;
- თოფურია ეს წოდებითი ბრუნვისათვის, – იქვე უთურგაიძე თ., ქართული ენის სახელის მორფონოლოგიური ანალიზი, თბ., 1986;
- ონიანი ა, ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები (სახელთა მორფოლოგია), თბ., 1989;
- ჯ ორბენაძე ბ, ქართული ენის მორფოლიოგია, თბ., 1995;
- აფრიდონიძე შ., წოდებითი ბრუნვა თუ მიმართეის ფორმა7 – არნ. ჩიქობავას საკითხავები, XII, თბ., 2001.