წმინდა ხარიტინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა მოწამე ხარიტინამართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 ოქტომბერი, ახალი სტილით — 18 ოქტომბერი. იგი ჯერ კიდევ ყრმა იყო, როდესაც დაობლდა. მისი აღზრდა კეთილმსახურმა ქრისტიანმა, კლავდიუსმა იტვირთა. კლავდიუსს ღვიძლი შვილივით შეუყვარდა ღვთისმოშიში გოგონა. მან ხარიტინას გამოუყო ოთახი, სადაც ქრისტიანი ასულები იკრიბებოდნენ. მათგან უფროსები წმიდანს საღვთო სჯულს ასწავლიდნენ, მოძღვრავდნენ, უმცროსები კი თავად ხარიტინასგან სწავლობდნენ. ამ დროს დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო. ქრისტიანთა შესაპყრობად გაგზავნილი მეომრები ხარიტინასაც მიადგნენ, კლავდიუსს ქვითინი წასკდა, მკერდში ჩაიკრა ქალწული და მზად იყო სიცოცხლეც კი გაეწირა შვილობილის გადასარჩენად. მაგრამ ხარიტინამ თვითონ თხოვა მამობილს:

ვიკიციტატა
„„გამიშვი, ჩემო მეორე მამავ, იესო ტკბილის კვალზე გამიშვი, და ნუ წუხხარ, გიხაროდეს, რადგან უფალს მსხვერპლად შევეწირები!““

იგი ჩაბარდა გულსასტიკ მხედრებს, კლავდიუსი კი თან მიჰყვებოდა შვილობილს და აცრემლებული სთხოვდა:

ვიკიციტატა
„„მომიხსენე ზეცათა მეუფის წინაშე, როდესაც მარტვილთა დასთან ერთად წარუდგები მას!““

სამსჯავროზე მსაჯულმა დომიციანემ ხარიტინას ამპარტავანი და სხვების გამხრწნელი კერპი ქრისტიანი უწოდა. ამაზე ქალწულმა მიუგო:

ვიკიციტატა
„„ღვთისა და ერის წინაშე ვაღიარებ იესო ქრისტეს სახელს და გაკერპება ამ შემთხვევაში უმაღლეს სათნოებად მიმაჩნია; მაგრამ სრული სიცრუეა, თითქოს მე სხვებს ვრყვნი; მე მათ კი არ ვრყვნი, გარყვნილებას ვაშორებ“.“

დომიციანემ რისხვა დაიოკა და ქრისტეს მხევალს მოსთხოვა, მისი განდგომით შეურაცხყოფილი ღვთაებების გული მოელბო; თან წყალობა აღუთქვა. მაშინ მარტვილმა ზეცად აღაპყრო თვალები და წარმოთქვა:

ვიკიციტატა
„„შენ ერთს გეტრფი, იესო, სიძეო ჩემო; შენ თანა ჯვარს ვეცმი და ვცოცხლობ შენ თანა““

. მოთმინებიდან გამოსულმა მსაჯულმა ქალწულის აბუჩად აგდება დაიწყო - თმები მოაკვეცა, მაგრამ ნეტარს იგი იმავ წამს კვლავ წამოეზარდა; შემდეგ წმიდანი ცეცხლითა და მახვილით აწამეს, ზღვაშიც ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ბოლოს ქრისტეს ტარიგმა ილოცა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (სავარაუდოა, რომ ეს მოხდა 304 წელს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.