შინაარსზე გადასვლა

წმინდა ტერეზას ექსტაზი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ტერეზას ექსტაზი
ავტორი ჯან ლორენცო ბერნინი
წელი 1647–1652
ტიპი მარმარილოს ქანდაკება
სიმაღლე 350
ქალაქი რომი
მუზეუმი სანტა მარია დელა ვიტორია

წმინდა ტერეზას ექსტაზი (ასევე ცნობილი, როგორც წმინდა ტერეზა ექსტაზში; იტალ.  L'Estasi di Santa Teresa ან Santa Teresa in estasi) — საკურთხეველთან მდგარი ქანდაკებათა ჯგუფი, გამოკვეთილი თეთრი მარმარილოსგან. განთავსებულია ამაღლებულ აედიკულაში, კორნაროს სამლოცველოში, რომის სანტა მარია დელა ვიტორიას ეკლესიაში. ის დააპროექტა და გამოკვეთა ჯან ლორენცო ბერნინიმ, თავისი დროის წამყვანმა მოქანდაკემ, რომელმაც ასევე შექმნა სამლოცველოს სხვა დეკორი მარმარილოთი, სტუკოთი და საღებავით. მან მუშაობა დაასრულა 1652 წელს.

ქანდაკება მხოლოდ წმინდა ტერეზათი არ შემოიფარგლება. თუ მის გვერდით მდებარე შემაღლებულ, აივნის მსგავს სტრუქტურას შევხედავთ, დავინახავთ დიდგვაროვანთა ჯგუფს გაკვირვებული სახეებით, რომლებიც თითქოს თეატრის ლოჟებში იმყოფებიან. ჯან ლორენცო ბერნინის ქანდაკება ზოგადად მიჩნეულია მაღალი რომაული ბაროკოს ერთ-ერთ სკულპტურულ შედევრად. საკურთხევლის თავზე არსებული სკულპტურა გამოსახავს წმინდა ტერეზა ავილელს, ესპანელ კარმელიტ მონაზონს (1515-1582), რომელიც გონდაკარგულია და რელიგიური ექსტაზის მდგომარეობაშია, მაშინ როცა ანგელოზი, შუბით ხელში, მის თავთან დგას. ეს გვაჩვენებს ხილვის შინაარსს, რომელსაც ლოჟაზე მდგარი ადამიანები თითქოს ვერ ხედავენ.

მთელი ეს ჯგუფი შეიქმნა ბერნინის მეთვალყურეობით (თუმცა ის საკუთარი მოწაფეების შექმნილ ქანდაკებებს ხშირად ასწორებდა), პამფილის პაპის, ინოკენტი X-ის დროს. როდესაც ინოკენტი ავიდა პაპის ტახტზე, მან თავი აარიდა ბერნინის ხელოვნების მფარველობას: მოქანდაკე იყო ინოკენტის წინა და ფუფუნების მოყვარული პაპის, ურბან VIII-ის საყვარელი ხელოვანი. პაპის მფარველობის გარეშე, ბერნინის სტუდიის მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ისეთი მეცენატისთვის, როგორიც იყო ვენეციელი კარდინალი ფედერიკო კორნარო (1579-1653).

კორნარომ თავის მომავალ საფლავზე მდგარი სამლოცველოსთვის აირჩია კარმელიტთა მანამდე არაფრით გამორჩეული ეკლესია. სამლოცველოსთვის შერჩეული ადგილი იყო მარცხენა ტრანსეპტი, სადაც ადრე იდგა ქანდაკება, სახელწოდებით "წმინდა პავლე ექსტაზში".  ეს ქანდაკება ბერნინიმ შეცვალა და გადაწყვიტა, რელიგიური თემებისთვის მეტი დრამატიზება შეემატებინა. მან გადაწყვიტა პირველი კარმელიტი წმინდანის, ტერეზას მონათხრობის ქანდაკებად ქცევა. წმინდა ტერეზა იმ დროისთვის არც ისე დიდი ხნის წინ, 1622 წელს იქნა შერაცხული წმინდანად[1]. სამლოცველოს დეკორის ჩამოსხმა დასრულდა 1652 წელს და იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა, 12,000 სკუდა დაჯდა.[2]

1644-დან 1647 წლამდე შეიქმნა დაახლოებით 47 სმ ზომის, ტერაკოტის მცირე მასშტაბის მოდელი. ეს სკულპტურა წარმოადგენს ქანდაკების პირველადი ფორმის ზუსტ კოპირებას, რომელზეც ჯერ კიდევ ჩანს ბერნინის თითის ანაბეჭდები. მოდელი ერმიტაჟის მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის[3].

ქანდაკებათა ჯგუფი დღისით განათებულია ბუნებრივი შუქით, რომელიც ოთახში იფილტრება აედიკულას გუმბათში დამალული ფანჯრიდან. სცენა უფრო თეატრალური და გამძაფრებული ხდება ოქროსფერი სტუკოსგან დამზადებული სხივების მეშვეობით, რომელიც ქანდაკებების უკანაა დამონტაჟებული. ტერეზა ნაჩვენებია ღრუბელზე მწოლიარე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არაა უბრალო გონების დაკარგვა, ეს არის ღვთაებრივი გამოცხადება, რომელსაც მხოლოდ ჩვენ, ანუ მაყურებელი და თავად წმინდა ტერეზა ვხედავთ. რელიგიური ექსტაზის სხვა მოწმეები ჩანან გვერდითა რელიეფზე, კედლებზე მიმაგრებულ მარმარილოს ლოჟაზე. ეს ქანდაკებები გამოსახავს კორნაროს ოჯახის მამაკაცი წევრების ნატურალური ზომისა და სამგანზომილებიანი რელიეფის პორტრეტებს, მაგ. კარდინალ ფედერიკო კორნაროსა და დოჟი ჯოვანი I კორნაროს, რომლებიც ისეთ პოზებში არიან ნაჩვენები, თითქოს ცნობისმოყვარედ განიხილავენ მათ თვალწინ მომხდარ რელიგიურ ექსტაზს და თეატრში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ ფიგურები გამოკვეთილია თეთრი მარმარილოსგან, აედიკულა, კედლის პანელები და თეატრის ლოჟები დამზადებულია ფერადი მარმარილოსგან. ზემოთ, სამლოცველოს კამარა მოხატულია სამგანზომილებიანი ქერუბიმებით სავსე ცით. ცაზე სულიწმინდაცაა წარმოდგენილი მტრედის სახით[4]}}. ამ სცენის უკან განთავსებულია ჩამავალი მზის გამომსახველი ფრესკა.

ვინაიდან წმინდანის მოგონებებში არსადაა დაზუსტებული ან აღწერილი, თუ როგორ იწვა ან რა პოზაში იყო ტერეზა ხილვამდე, ბერნინისათვის ქანდაკების პოზის შერჩევა რთული გამოწვევა გახდა. მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა, წმინდანი გონებადაკარგულ, მძნარის მსგავს მდგომარეობაში გამოესახა. ამ მიზნით, მან მარმარილოსგან ნაზი ვიზუალის მქონე, თეთრი კვართი გამოსახა და ტერეზას ტანისამოსად სწორედ ის შეარჩია. მონაზონი ღრუბელზეა მიწოლილი და წინ ხელოვნების კლასიცისტური მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი ანგელოზი უდგას. თუ ტერეზასა და დიდგვაროვანთა ფიგურებს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ წმინდანის ქანდაკება ორიენტირებულია სულიერი აღზევების გამოსახატად, ხოლო დიდგვაროვანთა ქანდაკებებში უფრო მატერიალურ კეთილდღეობასა და ამქვეყნიურ მიზნებზეა აქცენტი გაკეთებული.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Boucher 1998, p. 135
  2. Cite web |url=http://www.thamesandhudson.com/books/Italian_Baroque_Sculpture/0500203075.mxs/37/31/ |title=Italian Baroque Sculpture : Books : Thames & Hudson |access-date=23 October 2005 |archive-date=28 December 2005 |archive-url=https://web.archive.org/web/20051228222344/http://www.thamesandhudson.com/books/Italian_Baroque_Sculpture/0500203075.mxs/37/31/ |url-status=dead }}
  3. Hermitage Museum, The State. The Ecstasy of St Teresa. ციტირების თარიღი: 24 March 2021
  4. Wittkower, Rudolf (1980). Art and Architecture in Italy 1600–1750, Pelican History of Art, გვ. 160.