წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი (სელიმიეს მეჩეთი)

წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი (სელიმიეს მეჩეთი) — (ძვ. ბერძნ. Τέμενος Σελιμιγιέ, თურქ. Selimiye Camii), ისტორიულად ცნობილი, როგორც წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი ან აიასოფიას მეჩეთი (თურქ. Ayasofya Camii), ყოფილი ქრისტიანული საკათედრო ტაძარი, რომელიც მეჩეთად გადაკეთდა და მდებარეობს ჩრდილოეთ ნიქოზიაში. ისტორიულად ეს იყო მთავარი მეჩეთი კუნძულ კვიპროსზე.[1] სელიმიეს მეჩეთი განთავსებულია კვიპროსის უდიდეს და უძველეს გოთიკურ ეკლესიაში (შიდა ზომები: 66 X 21 მ), რომელიც, სავარაუდოდ, აშენებულია ადრინდელი ბიზანტიური ეკლესიის ადგილზე.
1750 მ² ფართობზე განთავსებული მეჩეთი 2500 მლოცველს იტევს. ეს არის ნიქოზიაში შემორჩენილი უდიდესი ისტორიული შენობა და, წყაროების თანახმად, „შეიძლება ყოფილიყო უდიდესი ეკლესია, რომელიც აშენდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ისლამის აღმასვლასა და გვიანი ოსმალეთის პერიოდს შორის ათასწლეულის განმავლობაში“.[2] ეს იყო კვიპროსის მეფეების კორონაციის ადგილიც.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრინდელი ბიზანტიური ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკათედრო ტაძრის სახელი მომდინარეობს ჰაგია სოფიასგან, რაც ბერძნულად „წმინდა სიბრძნეს“ ნიშნავს. კევორკ კ. კეშიშიანის თანახმად, კათედრალის მიძღვნა წმინდა სიბრძნისადმი არის ნაშთი ბიზანტიური კათედრალისა, რომელიც იმავე ადგილას მდებარეობდა.[3] თუმცა, ასეთი კათედრალი არ არის ნახსენები ბიზანტიურ წყაროებში და არ უკავშირდება არცერთ გათხრილ ნანგრევს. მიუხედავად ამისა, არსებობს მტკიცებულება ასეთი ტაძრის არსებობის შესახებ; XI საუკუნის ხელნაწერში ნახსენებია ქალაქში წმინდა სიბრძნისადმი მიძღვნილი საეპისკოპოსო ეკლესიის არსებობა.
მშენებლობა და ფრანკების პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არ არის ზუსტად ცნობილი, როდის დაიწყო საკათედრო ტაძრის მშენებლობა, შესაძლოა, ჩაანაცვლა თავისი ბერძნული წინამორბედი ან შეიძლება აშენდა მის გვერდით.[4] საძირკვლის ქვის დადების თარიღად სახელდება 1209 წელი, და ნიქოზიის ლათინი არქიეპისკოპოსი, რომელიც ამაზე პასუხისმგებელი იყო, სხვადასხვა წყაროებში იხსენიება როგორც თიერი[5] ან ალბერტი.[4] არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს უფრო ადრეულ თარიღზეც. შესაძლოა, თვით ტამპლიერთა ორდენსაც კი ეკუთვნოდა ინიციატივა მშენებლობის დაწყებისა მათი მმართველობის დროს, 1191-92 წლებში. არქიეპისკოპოს ეუსტორჟ დე მონტეგიუს (მმართველობდა 1217-დან 1250 წლამდე) მმართველობის პირველ წლებში, მშენებლობა სავარაუდოდ დაჩქარდა.[4] 1228 წლისთვის ეკლესია იყო „დიდწილად დასრულებული“ ეუსტორჟის ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ წყაროში მოხსენიებულია, რომ ლუი IX-ის ჩამოსვლამ კვიპროსში 1248 წელს მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ბიძგი მისცა მშენებლობას, არ არსებობს მტკიცებულება ამ მოსაზრების მხარდასაჭერად.[4] XIII საუკუნის ბოლოსთვის გვერდითი ნავები და შუა ნავის დიდი ნაწილი დასრულებული იყო.
XIII და XIV საუკუნეებში კათედრალი ორჯერ დაზიანდა მიწისძვრების შედეგად, 1267 და 1303 წლებში.[4] 1267 წლის მიწისძვრამ მნიშვნელოვნად შეაფერხა შუა ნავის მშენებლობა. არქიეპისკოპოსმა ჯოვანი დელ კონტემ ზედამხედველობა გაუწია შუა ნავისა და ნართექსის დასრულებას 1319 წლამდე, ასევე შუა ნავის, შეფის კონტრფორსების, ფასადისა და სამლოცველოს/საბაპტისტერიოს მშენებლობას 1319-დან 1326 წლამდე. [6]მან ასევე დაიწყო კათედრალის გაფორმება ფრესკებით, ქანდაკებებით, მარმარილოს სკრინებითა და კედლის მხატვრობით. 1326 წელს კათედრალი საბოლოოდ აკურთხეს და ოფიციალურად გახსნეს დიდი ზეიმით.
ლუზინიანთა მმართველობის დროს კათედრალი კვიპროსის მეფეების კორონაციის ადგილად გამოიყენებოდა. ფამაგუსტას გენუელების მიერ დაპყრობის შემდეგ, ის ასევე გახდა იერუსალიმის ლუზინიანი მეფეების კორონაციის ეკლესია, და საბოლოოდ, სომხეთის ლუზინიანი მეფეებისაც. აქ ასევე გაიმართა ტამპლიერთა ორდენის სასამართლო პროცესი 1310 წელს.[7]
მიუხედავად იმისა, რომ კათედრალი გაიხსნა, შენობა მაინც დაუსრულებელი იყო და 1347 წელს პაპმა კლემენტ IV-მ გამოსცა პაპის ბულა კათედრალის დასასრულებლად და განსაახლებლად, რადგან ის დაზიანდა მიწისძვრის შედეგად. ბულამ 100-დღიანი ინდულგენციის პერიოდი დააწესა იმათთვის, ვინც მონაწილეობას მიიღებდა კათედრალის დასრულებაში, თუმცა, ამ ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო. [8]ამ დროს აშენდა პორტიკი და ჩრდილო-დასავლეთის კოშკი, ხოლო დასავლეთ კედლის სამი კარიბჭე გაფორმდა სტრუქტურებით. მეფეები, წინასწარმეტყველები, მოციქულები და ეპისკოპოსები გამოისახა სამი თაღის ბარელიეფებზე.
1359 წელს პაპის ლეგატმა კვიპროსში, პიტერ თომასმა, შეკრიბა კვიპროსის ყველა ბერძენი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი საკათედრო ტაძარში, ჩაკეტა ისინი და დაიწყო ქადაგება მათი მოქცევის მიზნით. კათედრალიდან მომავალმა ყვირილის ხმამ შეკრიბა დიდი ბრბო კათედრალის გარეთ, მალე დაიწყო აჯანყება მღვდლების გასათავისუფლებლად და დაწვა კათედრალის კარები. მეფემ ბრძანა, ეხსნათ მქადაგებელი ბრბოსგან, და გაეთავისუფლებინათ ეპისკოპოსები.
1373 წელს, კვიპროსზე გენუელების თავდასხმებისას, კათედრალი დაზიანდა.
ვენეციელების პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1491 წლის კვიპროსის მიწისძვრამ მძიმედ დააზიანა კათედრალი. მომლოცველმა, რომელიც იქ იმყოფებოდა, აღწერა, რომ გუნდის დიდი ნაწილი ჩამოინგრა, საკურთხევლის უკან მდებარე სამლოცველო განადგურდა და საფლავი, რომელიც სავარაუდოდ კვიპროსის მეფე ჰიუ III-ს ეკუთვნოდა, დაზიანდა, რამაც გამოაჩინა მისი ხელუხლებელი სხეული სამეფო სამოსში, ოქროს რელიკვიებით. ოქროს განძი ვენეციელებმა წაიღეს. ვენეციის სენატმა ბრძანა ზიანის გამოსწორება და შექმნა სპეციალური კომისია, რომელმაც არქიეპისკოპოსს ყოველწლიურად 250 დუკატის გადასახადი დაუწესა. ტაძარი საფუძვლიანად შეაკეთეს; 1507 წელს პიერ მესენჟმა დაწერა, რომ თუმცა შენობა „მთლიანად დანგრეული“ იყო 20 ან 22 წლის წინ, ის მაშინ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.[9]
როდესაც ვენეციელებმა ნიქოზიის გალავანი ააშენეს, წმინდა სოფიის კათედრალი ქალაქის ცენტრი გახდა. ეს ასახავდა შუა საუკუნეების ევროპული კათედრალების პოზიციას, რომელთა გარშემოც შენდებოდა ქალაქი.[10]
ოსმალეთის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1570 წელს, ქალაქის 50-დღიანი ოსმალური ალყის დროს, კათედრალი დიდი რაოდენობით ხალხისთვის თავშესაფრად იქცა. როდესაც ქალაქი დაეცა, 9 სექტემბერს, პაფოსის ეპისკოპოსმა ფრანჩესკო კონტარინიმ შენობაში უკანასკნელი ქრისტიანული ქადაგება ჩაატარა, რომელშიც ღვთიურ დახმარებას ითხოვდა და ხალხს ამხნევებდა. კათედრალში შეიჭრნენ ოსმალო ჯარისკაცები, რომლებმაც შეამტვრიეს კარი და ეპისკოპოსი სხვებთან ერთად მოკლეს. მათ დაამსხვრიეს ან გადაყარეს ქრისტიანული ნივთები, ავეჯი და ორნამენტები კათედრალში და დაანგრიეს ტაძრის შუა ნავი. შემდეგ მათ ჩამორეცხეს მეჩეთის შიდა ნაწილი, რათა ის მოემზადებინათ პირველი პარასკევის ლოცვისთვის, რომელიც 15 სექტემბერს გაიმართა და რომელსაც დაესწრო მთავარსარდალი ლალა მუსტაფა ფაშა. კათედრალიამ ლოცვისას ტაძარი ოფიციალურად გადაკეთდა მეჩეთად. იმავე წელს დაემატა ორი მინარეთი, ასევე ისლამური ელემენტები, როგორიცაა მიჰრაბი და მინბარი.
მეჩეთის პირველი იმამი იყო მორავიზადე აჰმეტ ეფენდი, რომელიც წარმოშობით ოსმალეთის იმპერიის მორეის პროვინციიდან იყო. ყველა იმამი ინარჩუნებდა ტრადიციას, რომ პარასკევის ქადაგებების წინ მინბარზე ასვლისას ეყრდნობოდა ხმალს, რომელიც ნიქოზიის დაპყრობის დროს გამოიყენებოდა, რათა აღენიშნათ, რომ ნიქოზია დაპყრობილი იქნა.
გადაკეთების შემდეგ, მეჩეთი გახდა სულთან სელიმის ფონდის საკუთრება, რომელიც პასუხისმგებელი იყო მის შენარჩუნებაზე. სხვა შემომწირველებმა შექმნეს რამდენიმე ფონდი, რათა დახმარებოდნენ შენახვაში. ოკჩუზადე მეჰმედ ფაშამ, კვიპროსის მმართველმა XVI საუკუნეში, სულთან სელიმის ფონდის შემოსავლისთვის მაღაზია შესწირა; სხვა შემოწირულობებში შედის სოფლის მამულები და სხვა მაღაზიები. ფონდმა დაიქირავა ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც ზრუნავდნენ სახსრებზე და XVI საუკუნის ბოლოს ყოველწლიურად 40,000 აკჩეს გადასცემდნენ მედინაში. ოსმალეთის პერიოდში, ეს იყო უდიდესი მეჩეთი მთელ კუნძულზე და ყოველ პარასკევს მას იყენებდნენ ოსმალეთის გუბერნატორი, ადმინისტრატორები და ელიტა ლოცვებისთვის. XVIII საუკუნის ბოლოს დიდი პროცესია — ცხენზე ამხედრებული მაღალი თანამდებობის პირები წინ, შემდეგ დაბალი რანგის მოხელეები ფეხით — ყოველ პარასკევს მოდიოდა მეჩეთში.[11]
პარასკევის ლოცვები ასევე იზიდავდა მუსლიმების დიდ რაოდენობას ნიქოზიიდან და გარშემო სოფლებიდან. მეჩეთში მომსვლელი ხალხის სიმრავლის გამო, მის გვერდით ბაზარი განვითარდა და ეს ტერიტორია სავაჭრო ცენტრად იქცა. მეჩეთის გარშემო ტერიტორია განათლების ცენტრადაც იქცა, სადაც მახლობლად აშენდა დედი და პატარა მედრესეები.[12] [13]
1874 წელს, სულთან აბდულაზიზის ნიქოზიაში სტუმრობის ჭორების საფუძველზე, შენობის აღმოსავლეთ ბოლოში აშენდა ახალი კარიბჭე, რომელსაც სულთანის პატივსაცემად „აზიზიეს კარიბჭე“ ეწოდა. კარიბჭისთვის ამ ადგილას არსებული ლუზინიანური ფანჯრები გააფართოვეს, და მშენებლობისთვის გამოიყენეს იყო მარმარილოს ნაჭრები და სხვა მასალა მიმდებარე ტერიტორიიდან. კარიბჭის დეკორაციებში შედის კალიგრაფის ეს-სეიდ აჰმეტ შუკრი ეფენდის წარწერა, რომელიც ადგილობრივი საშუალო სკოლის კალიგრაფიის მასწავლებელი იყო. წარწერა შეიცავს სულთნის ქებას და ახსენებს, რომ კარიბჭე აბდულაზიზის ბრძანებით ააშენა ნაზიფ ფაშამ. მას გარს ერტყმის ორი ორნამენტული ფიგურა, რომლებიც კვიპარისის ხეებს გამოსახავს. კარიბჭე შემდგომში ქალების შესასვლელად გამოიყენებოდა და მოგვიანებით სამუდამოდ ჩაკეტეს.[14]
ბრიტანული მმართველობა და XX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1949 წელს მუეძინებმა შეწყვიტეს მინარეთზე ასვლა აზანის წასაკითხად და ამის ნაცვლად დაიწყეს ხმამაღლა მოლაპარაკეების გამოყენება. 1954 წლის 13 აგვისტოს კვიპროსის მუფთიმ ოფიციალურად დაარქვა მეჩეთს „სელიმიეს მეჩეთი“, ოსმალეთის სულთან სელიმ II-ის პატივსაცემად, რომელიც იმპერიას ხელმძღვანელობდა კვიპროსის დაპყრობის დროს.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუნდს გარს აკრავს დერეფანი, მაგრამ არ აქვს აფსიდური სამლოცველოები. ეს მიჰყვება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გეგმას, რომელმაც, თავის მხრივ, გავლენა მოახდინა სხვა კათედრალებზე, მათ შორის ნოტრ-დამ დე მანტზე არქიეპისკოპოს თიერის მშობლიურ ქალაქში. ტრანსეპტები შედგება სამლოცველოებისგან, რომლებსაც იგივე სიმაღლე აქვთ, რაც გვერდით ნავებს, და მიმაგრებულია დერეფნის დასავლეთით მეორე დანაყოფზე. ეს მიჰყვება პუატიეს კათედრალის გეგმას, რომელიც ფრანგული ქალაქ ლუზინანის საეპისკოპოსო ეკლესიაა, ლუზინიანთა დინასტიის მშობლიური ქალაქი. ჩრდილოეთ და სამხრეთ შესასვლელები თავდაპირველად მდებარეობდა ტაძრის შუა ნავის მეოთხე დანაყოფში, თუმცა ოსმალეთის მიერ აშენებული აზიზიეს კარიბჭე კათედრალის აღმოსავლეთ ბოლოშია. პირველადი განლაგება სავარაუდოდ სენსის კათედრალის მოდელის მიხედვით შეიქმნა. [13]
დაკრძალულნი ეკლესიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება](დაკრძალულნი იქ, როდესაც ის ჯერ კიდევ ეკლესია იყო)
აგრეთვე იხილეთ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alasya, Halil Fikret (2012). „Kıbrıs“. İslam Ansiklopedisi (Turkish). 25. Türk Diyanet Vakfı. pp. 383–4.
- Andrews, Justine M. (1999). „Santa Sophia in Nicosia: the Sculpture of the Western Portals and Its Reception“. Comitatus: A Journal of Medieval and Renaissance Studies. UCLA. 30 (1): 63–90. ციტირების თარიღი: 15 March 2015.
- Bağışkan, Tuncer (2005) Kıbrıs'ta Osmanlı Türk Eserleri (Turkish). Turkish Cypriot Association of Museum Lovers.
- Bağışkan, Tuncer. Ayasofya (Selimiye) Meydanı ve Mahallesi Turkish. Yeni Düzen (21 September 2013). ციტირების თარიღი: 15 March 2015
- Güven, Suna (2014) „St Sophia in Nicosia, Cyprus: From a Lusignan Cathedral to an Ottoman Mosque“, Sacred Precincts: The Religious Architecture of Non-Muslim Communities Across the Islamic World. BRILL, გვ. 415–429. ISBN 9789004280229.
- Olympios, Michalis (2018) Building the Sacred in a Crusader Kingdom: Gothic Church Architecture in Lusignan Cyprus c. 1209 - c. 1373. Turnhout: Brepols. ISBN 978-2-503-53606-4.
- Papacostas, Tassos (2006). „In search of a lost Byzantine monument: Saint Sophia of Nicosia“. Yearbook of Scientific Research Centers. Nicosia: 11–37. ციტირების თარიღი: 15 March 2015.
- Papacostas, Tasos (2012) „Byzantine Nicosia: 650-1191“, Historic Nicosia. Nicosia: Rimal Publications.
- Plagnieux, Philippe; Soulard, Thierry (2006) „Cathédrale Sainte-Sophie“, L'art gothique en Chypre (French). Paris: L'Académie des inscriptions et belles-lettres.
- Schabel, Chris (2012) „Frankish & Venetian Nicosia 1191-1570: Ecclesiastical Monuments and Topography“, Historic Nicosia. Nicosia: Rimal Publications. ISBN 9789963610440.
დამატებითი ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ (2013) Cyprus, Greece, and Malta. Britanncia Educational Publishing, გვ. 8. ISBN 9781615309856.
- ↑ Lefkoşa'ya 3657 mümin aranıyor. Haber Kıbrıs (20 February 2011). ციტირების თარიღი: 9 January 2016
- ↑ Keshishian, Kevork K. Nicosia: Capital of Cyprus Then and Now, 2nd, Nicosia: The Moufflon Book and Art Centre, გვ. 173–8.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Coureas, Nicholas (1997) The Latin Church in Cyprus, 1195–1312, illustrated, Ashgate, გვ. 211. ISBN 9781859284476.
- ↑ Riley-Smith, Jonathan (1999) A History of the Crusades. Oxford University Press. ISBN 9780191579271.
- ↑ Latin Cathedral of St. Sofia (Selimiye mosque). Ministry of Foreign Affairs of the Republic of Cyprus. ციტირების თარიღი: 18 March 2015
- ↑ (2008) POCA 2005: Postgraduate Cypriot Archaeology : proceedings of the fifth annual Meeting of Young Researchers on Cypriot Archaeology, Department of Classics, Trinity College, Dublin, 21–22 October 2005. Archaeopress, გვ. 18. ISBN 9781407302904.
- ↑ (2008) POCA 2005: Postgraduate Cypriot Archaeology : proceedings of the fifth annual Meeting of Young Researchers on Cypriot Archaeology, Department of Classics, Trinity College, Dublin, 21–22 October 2005. Archaeopress, გვ. 18. ISBN 9781407302904.
- ↑ Enlart, Camille (1987) Gothic art and the Renaissance in Cyprus, illustrated, Trigraph Limited, გვ. 88. ISBN 9780947961015.
- ↑ Erçin, Çilen (2014). „The Physical Formation of Nicosia in the Turkish Republic of Northern Cyprus from 13th to 15th Century“ (PDF). Megaron (Turkish). Yıldız Teknik University. 9 (1): 34–44. doi:10.5505/megaron.2014.25733. ციტირების თარიღი: 15 March 2015.
- ↑ Bağışkan, Tuncer. Lefkoşa Şehidaları (1). Yeni Düzen (31 May 2014). ციტირების თარიღი: 18 March 2015
- ↑ Fehmi, Hasan (1992) A'dan Z'ye KKTC: sosyal ve ansiklopedik bilgiler. Cem Publishing House, გვ. 129.
- ↑ 13.0 13.1 Gürkan, Haşmet Muzaffer (2006) Dünkü ve Bugünkü Lefkoşa, 3rd (Turkish), Galeri Kültür, გვ. 117–8. ISBN 9963660037.
- ↑ Jennings, Ronald C. (1993) Christians and Muslims in Ottoman Cyprus and the Mediterranean World, 1571-1640. New York and London: New York University Press, გვ. 54.