წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე
| წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე | |
|---|---|
|
| |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა |
|
| თარიღდება | 1814 წელი |
წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე, ნიკოლაევსკოე, შეკვეთილის რედუტი [რუს. Крепость (пост, форт, редут) святого Николая, Николаевское; 1814-1920] — შავი ზღვისპირა სიმაგრე რუსეთის იმპერიაში, რომლზეც გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი XVIII საუკუნეში. სიმაგრე მდებარეობდა მდინარეების, ნატანებისა და ჩოლოქის ზღვაში შესართავთან. 1843 წლიდან შედიოდა შავიზღვისპირეთის ხაზის შემადგენლობაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა ქუთაისში ხელი მოაწერა ხელი რუსეთთან „სათხოვარი პუნქტების“ ყველა მუხლს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.[1]
1813 წლის დასაწყისში ტრაპიზონის სერკასირმა სულეიმან-ფაშამ გურიელს და დადიანს მოსთხოვა, რომ რუსეთს ჩამოშორებოდნენ და თავი სულთნის ხელქვეითებად ეცნოთ. გურიელმა ეს სარდლობას აცნობა და დახმარება ითხოვა, იმავე დროს ნაკაშიძეების სიმაგრის — გურიამთის ციხის დანგრევის სურვილიც გამოსთქვა. ნიკოლაი რტიშჩევი გურიელს დახმარებას შეჰპირდა და სამაგიეროდ მოითხოვა, რომ გურიელს რუსებისთვის ოსმალეთის საზღვართან, შეკვეთილში (სადაც ნაკაშიძეებს კოშკი ედგათ და ბაჟს იღებდნენ) რედუტის აგების ნება მიეცათ. რაკი 1812 წლის ბუქარესტის ზავის საფუძველზე ფოთის ციხე ოსმალეთს დაუბრუნდა, შეკვეთილის სიმაგრე შავ ზღვაზე, რიონის სამხრეთით, დასაყრდენად გამოდგებოდა. რტიშჩევის წინადადებით შეკვეთილის ბაჟი შემოტანილ საქონელზე გურიელს და ნაკაშიძეებს უნდა გაეყოთ. გურიელი რტიშჩევის მოთხოვნას დათანხმდა და რუსეთის სარდლობას რედუტის ასაგებად ხეტყის, სხვა საშენი მასალის და ადგილობრივი მუშახელის საკუთარი ხარჯით გაგზავნა აღუთქვა. 1814 წლის ბოლოს შეკვეთილის რედუტი მზად იყო. რუსებმა მას „წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე“ უწოდეს. გურიამთის ციხე კი დანგრევას გადაურჩა.[2]
1815 წლის ივლისიდან წმინდა ნიკოლოზის სიმაგრეში სავაჭრო გემების მიმოსვლა დაიწყო. გურიელმა რტიშჩევთან შეთანხმებით აქ მებაჟე დააყენა და ბაჟის 1/4-ს თავისთვის იღებდა. ბაჟი მხოლოდ ოსმალეთიდან შემოტანილ საქონელზე აიღებოდა, რუსეთიდან (ყირიმიდან) და იმერეთ-ოდიშ-აფხაზეთიდან შემოტანილ სურსათსა თუ საქონელზე ბაჟს არ იღებდნენ. რტიშჩევმა გააფრთხილა გურიელი, რომ ოსმალეთის ვაჭრებიდან მცირე ბაჟი აეღო, რათა ვაჭრობა არ შემცირებულიყო. წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე და მისი შემოსავალი რუსეთის ხელში აღმოჩნდა. გურიელს მისი იმედგაცრუება არ დაუმალავს.[3]
სიმაგრე მეთევზეობის და სიმინდით ვაჭრობის ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა, ასევე შეკვეთილიდან ხდებოდა გურიაში მოჭრილი ხე-ტყის გატანა. 1820 წელს რუსეთის ჯარმა დატოვა შეკვეთილისა და ანაკლიის ციხეები. 1833 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით შეკვეთილში იდგა 5-6 ზარბაზანი და იყო ხის ერთი კოშკი. მისივე ცნობით შეკვეთილში შედიოდნენ ოსმალური გემები ბათუმიდან და ტრაპიზონიდან ბზის ხეების წასაღებად. შეკვეთილი მნიშვნელოვანი ბრძოლების ადგილს წარმოადგენდა 1841 წელს გურიის აჯანყების დროს. აჯანყებულებმა 10 აგვისტოს აიღეს სიმაგრე და 13 სექტემბრამდე, აჯანყების დასრულებამდე ეკავათ ის.
1843 წელს შავიზღვისპირეთის ხაზი განივრცო და დაემატა წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე, ასევე ფოთის ციხისა და რედუტ-კალეს გამაგრებული პუნქტები.
1853 წლის დასაწყისში გახშირდა ყაჩაღების თავდასხმები შეკვეთილზე, ამიტომ მთავრობამ გაამაგრებინა ციხესიმაგრე და მის დასაცავად გამოყო შავი ზღვის მე-12 სახაზო ბატალიონის ორი შენაერთი 255 ადამიანის შემადგენლობით და 2 ზარბაზნით. ყირიმის ომის დროს 1853 წლის 15 ოქტომბერს წმინდა ნიკოლოზის სიმაგრეს თავს დაესხა ოსმალთა რეგულარული ჯარი და სახალხო ლაშქარი ჰასან-ბეგ თავდგირიძის მეთაურობით, სულ 5 ათასი კაცი. მათ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსი ეგერები და გურულთა სახალხო ლაშქარი, სულ 500 კაცი, აქედან 345 გურული. გურულებს მამა-შვილი გიორგი და ესე გურიელები მეთაურობდნენ. 7 საათი მიდიოდა ბრძოლა, სასიკვდილოდ დაჭრილმა გიორგი გურიელმა სარდლობა 16 წლის შვილ ესეს გადაულოცა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს და გმირულად დაიღუპნენ გიგინეიშვილი და წითლიძე, ზაქარია ანდრონიკაშვილი. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს ლევან, დავით, დიმიტრი, მალაქია გურიელებმა. წმინდა ნიკოლოზის სიმაგრეში რუსეთის ჯარი ჩადგა.
1860-1870 წლიებში შეკვეთილში მოქმედებდა საბაჟო პუნქტი, სიმაგრეს ჰყავდა ცალკე ბოქაული. 1877 წელს ამერიკიდან ჩამოსული იყო იერემია კურტინი, მისი სიტყვებით: „... ნიკოლაევსკამდე, ანუ ნიკოლაევსკის სიმაგრემდე, როგორც აქაური გაზეთები უწოდებენ, არ ვიცი კი რა საბუთითა, იმიტომ რომ ნიკოლაევსკში არავითარი სიმაგრე არ არის, იგი ერთი რაღაც პატარა უბედური სოფელია და სხვა არაფერი“.[4] სიმაგრის მნიშვნელობა განსაკუთრებით დაკნინდა 1878 წლის შემდეგ, რუსეთის იმპერიის მიერ ბათუმის მიერთების გამო. წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე დაანგრიეს 1920-იან წლებში და მისი ქვებით ააშენეს ფაბრიკა ქვემო ნატანებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან“, თბ., 1985.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჩხატარაიშვილი, 1985, გვ. 38
- ↑ ჩხატარაიშვილი, 1985, გვ. 45
- ↑ ჩხატარაიშვილი, 1985, გვ. 48
- ↑ გაზ. „ივერია“, №14, 2 ივნისი, 1877