შინაარსზე გადასვლა

წმინდა ეკატერინეს ტაძარი (მურინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარი
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°02′34″ ჩ. გ. 30°26′34″ ა. გ. / 60.042889° ჩ. გ. 30.4430194° ა. გ. / 60.042889; 30.4430194
რელიგიური წევრობა მართლმადიდებლური
ქვეყანა რუსეთი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი რუსული კლასიციზმი
თარიღდება 1796-1790
წმინდა ეკატერინეს ტაძარი ვიკისაწყობში

წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარიმართლმადიდებლური ტაძარი ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონის ქალაქ მურინოში. იგი ეკუთვნის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვიბორგის ეპარქიას. წინამძღვარია დეკანოზი ნიკოლოზ ტეტერიატნიკოვი.

1786 წლის 17 იანვარს სოფელ მურინოს მფლობელმა, გრაფმა ალექსანდრე ვორონცოვმა, მიტროპოლიტ გაბრიელს ეკლესიის აშენების თხოვნით მიმართა. მშენებლობისთვის საჭირო სახსრები გრაფის მამამ გამოყო და ითხოვა, ტაძარი წმინდა ეკატერინეს სახელზე ეკურთხებინათ, მისი უმცროსი ვაჟის, სიმონის, გარდაცვლილი მეუღლის — გრაფინია ეკატერინეს[1] ხსოვნის უკვდავსაყოფად.

1786 წლის მაისში, ნიკალაი ლვოვის პროექტით, მამულის სიახლოვეს საფუძველი ჩაეყარა ერთსაკურთხევლიან სამრევლო ეკლესიას. 1790 წლის 25 თებერვალს ტაძარი აკურთხეს.

არსებობს ვარაუდი, რომ კანკელის ხატები ვ. ბოროვიკოვსკიმ[2] დაწერა. ტაძარში ინახებოდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“, რომელიც მანამდე მეფის ასულ ნატალია ალექსის ასულს ეკუთვნოდა.

1856 წელს სამრეკლოს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 1914-1915 წლებში, შეკეთებისას, შენობის გარე კედლები განამტკიცეს.

1918 წლის 18 ოქტომბრის ღამეს დარაჯი მოკლეს და ეკლესია გაძარცვეს. 1922 წლის 2 მაისს ეკლესიიდან ამოიღეს ფასეულობები, რომლებიც დაილუქა და მურინოს თემის სამაზრო კომისიას გადაეცა.

ეკლესიაში გადაღებულია ჯვრისწერის სცენები კინოფილმიდან „დუბროვსკი“.

1938 წლის 3 მაისს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, ეკლესიის დახურვამდე ბოლო ღვთისმსახურება ჩატარდა. 1940 წელს შენობა კლუბად გადაკეთდა.

1941 წელს, ფინეთის ჯარების შემოჭრასთან დაკავშირებით, მიიღეს დადგენილება ეკლესიის ლიკვიდაციის შესახებ. ომის წლებში ტაძარი არ დაზიანებულა. იგი სათვალთვალო პუნქტად და ლტოლვილთა დროებით თავშესაფრად გამოიყენებოდა.

1944 წელს სოფელ მურინოსა და მახლობელი დასახლებების მართლმადიდებელმა მაცხოვრებლებმა რელიგიური თემის რეგისტრაციისა და მათთვის ეკლესიის შენობის გადაცემის თაობაზე შუამდგომლობა აღძრეს. ეს შუამდგომლობა განმეორდა 1946, 1947 და 1948 წლებში, თუმცა მორწმუნეებს საკუთარ მიმართვაზე პასუხი არ მიუღიათ.[3]

ომის შემდეგ ეკლესიის შენობა „სახალხო მეურნეობის საჭიროებებისთვის“ გადაიცა. მას პარგოლოვოს საწარმო „ზაგოტპუნქტი“ და მურინოს სოფლის სამომხმარებლო საზოგადოება ქირაობდნენ, რომლებმაც შენობა მარილის საწყობად გადააკეთეს. საკურთხეველში ბოსტნეული ინახებოდა, ასევე მოქმედებდა შუშის ტარის მიმღები პუნქტი.

1965 წელს, ლენინგრადისა და ლენინგრადის ოლქის რელიგიური კულტების საქმეთა რწმუნებულმა, ნ. ვასილიევმა, სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილების — „მორწმუნეთა მიმართ სოციალისტური კანონიერების დარღვევის ზოგიერთი ფაქტის შესახებ“ — აღსრულების პროცესში მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: მართლმადიდებლური ეკლესია ლუთერანული თემისთვის გადაეცა. ფინელი ლუთერანები მას არაერთხელ მიმართავდნენ შუამდგომლობით, რომ მათთვის გადაეცათ 1930-იანი წლებიდან ლენინგრადის ოლქში დაცარიელებული რომელიმე ეკლესია, რაზეც პასუხად მიიღეს: „მიზანშეწონილად მივიჩნევ, მორწმუნე ლუთერანებს გადაეცეთ მურინოს ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესიის შენობა“.

1965 წლის 23 მარტს, ვსევოლოჟსკის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. ლეონტიევი არ დაეთანხმა რწმუნებულ ნ. ვასილიევის მოსაზრებას და მის მოთხოვნას მურინოს ეკლესიის ლუთერანებისთვის გადაცემის შესახებ კატეგორიული უარით უპასუხა. მოგვიანებით, ასეთივე კატეგორიული უარი უთხრა ლეონტიევმა მართლმადიდებლებსაც.[3]

1960-იან წლებში, ლესნოეს წმინდა სამების ეკლესიის[4] დანგრევისათვის მზადებისას, მისი მრევლი უშედეგოდ ცდილობდა მურინოს ეკლესიის „უფასო სარგებლობაში“ გადაცემას. ამის საპასუხოდ, 1968 წელს ვსევოლოჟსკის რაიონულმა აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება „სოფელ მურინოში XVIII საუკუნის არქიტექტურული ძეგლის აღრიცხვიდან მოხსნისა და დანგრევის შესახებ“. საბედნიეროდ, ეს გადაწყვეტილება სისრულეში არ მოუყვანიათ.

შენობაში ათმეტრიანი თაბაშირის ჰოკეისტის ფიგურის ფორმირება მიმდინარეობდა. ასევე არსებობდა წინადადება, რომ ნაგებობა მუზეუმად ან საკონცერტო დარბაზად გამოეყენებინათ.

1988 წლის ზაფხულში ეკლესია, როგორც იქნა, მართლმადიდებელ თემს დაუბრუნდა. ამის შემდეგ ინტენსიური კოსმეტიკური რესტავრაცია დაიწყო. იმავე წლის 6 დეკემბერს, ტაძრის დღესასწაულის წინა დღეს, ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტმა ალექსიმ აღდგენილი ტაძარი აკურთხა. კურთხევისას მიტროპოლიტმა ეკლესიას წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხატი აჩუქა წარწერით: „წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ეს ხატი გადაეცა ტალინისა და ესტონეთის მიტროპოლიტ ალექსის 1980 წლის 25 ნოემბერს, კვიპროსის მიტროპოლიტ ბარნაბას მიერ საბერძნეთის ქალაქ კატარინიში, მისი სახელობის ქალაქში მსახურების მოსაგონებლად“.[5]

მურინოს სასაფლაოზე მდებარეობს წმინდა ეკატერინეს სამლოცველო, რომელიც 2010 წლის შემდეგ აიგო.[6]

სავარაუდოდ, ეკატერინეს ეკლესიასთან მიწერილი იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომელიც დასახლება მედვეჟი სტანში მდებარეობდა (ეს დასახლება ამჟამად ქალაქ მურინოს შემადგენლობაშია).

ეკლესია აგებულია საკმაოდ იშვიათი არქიტექტურული ტიპით — „ეკლესია სამრეკლოს ქვეშ“, კლასიციზმის სტილში. ერთ შენობაში გაერთიანებულია ოთხი ვერტიკალური ნაწილი: ცოკოლის სართული — საგვარეულო საძვალის თაღოვანი სათავსები, ეკლესია, რომელსაც შენობის ძირითადი მოცულობა უჭირავს, სამრეკლოს იარუსი და როტონდა კორინთული კოლონადით (12 სვეტი). ბოლო ორი იარუსი ხისგან იყო დამზადებული.

ინტერიერში ჭარბობს რბილი, ნახევარწრიული ხაზები. შუქი მხოლოდ აფსიდებში დატანებული მცირე ზომის სარკმლებიდან აღწევს. ინტერიერში გვხვდება კანელირებული დორიული სვეტები, კესონური კამარები და გუმბათი. ნახევარწრიული კანკელი გაფორმებულია კორინთული ორდერის თეთრი სვეტებითა და მოოქროვილი კაპიტელებით.

  • Ферман В. В. Всеволожск: историко-географический справочник. Часть 3 (1941—1970). — СПб.: «Гйоль»; «Остров», 2023. — 544 с. — ISBN 978-5-94500-994-3.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]