წიწმატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წიწმატურა
20141101Capsella bursa-pastoris3.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Capsella bursa-pastoris (L.) Medik.

წიწმატურა[1] (ლათ. Capsella bursa-pastoris) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. სიმაღლეში საშუალოდ 20–30 სმ-ია,[2] ზოგადად — 8–60.[3] აქვს მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა და წვრილი თითისტარისებრი ფესვი. ღერო სწორმდგომია, სუსტადაა დატოტვილი, ძირში უბრალოდ შებუსული ან ტოტისებური ბეწვებითაა. ღეროს ქვედა ნაწილში ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებრდანაკვთული, სიგრძით 5–10 სმ, წაწვეტებული, სამკუთხა ან დაკბილულია. ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული მცირე რაოდენობის მოგრძო-ლანცეტისებური, კიდემთლიანი ფოთლები. ზედა ნაწილში ისრისებური ძირის მქონე ხაზური ფოთლებია. მტევნისებურ ყვავილედში შეკრებილია წვრილი, თეთრი ფერის ყვავილები. ნაყოფი სამკუთხოვანი ჭოტაკია, სიგრძეში 5–8 მმ.[2] თესლები ოვალურია. აღმოცენების მინიმალური ტემპერატურაა +1–2 °C. აღმონაცენი ჩნდება მარტ-მაისში, აგვისტო-სექტემბერში, ნაყოფიანობს ივნის-აგვისტოში, ხანდახან სექტემბერშიც. ერთი მცენარე 273000 თესლს ინვითარებს. ცხოველმყოფელობას ინარჩუნებს 35 წლამდე.[4]

აყვავებას იწყებს აპრილ-მაისში და ყვავილობს ზაფხულის განმავლობაში. ნაყოფი სიმწიფეში შედის მთელი ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში. სარეველა ბალახია. გავრცელებულია მთელ საქართველოში; გვხვდება გზისპირებზე, მინდვრებზე, დანაგვიანებულ ადგილებში. ერთ ინდივიდს ზაფხულის განმავლობაში 3-5 თაობის მოცემა შეუძლია, რაც განაპირობებს მის ასეთ ფართო გავრცელებას.[2]

შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლისა და ღვინის მჟავებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, ასკორბინის მჟავას და საპონინებს. ყვავილობის დროს, მშრალ ამინდში, დილის ნამშემშრალზე აგროვებენ მის მიწისზედა ნაწილებს (უთესლო ნედლეულს). მცენარეს ჭრიან მაკრატლით ან სეკატორით. აშრობენ ჩრდილში, ფარდულში ან თუნუქის სახურავიან სხვენებზე, კარგი ვენტილაციის პირობებში.[2]

ხალხურ მედიცინაში წიწმატურას იყენებენ სისხლჩაქცევებისა და ფარული სისხლისდენის შესაჩერებლად, აგრეთვე როგორც სისხლაღმდგენ საშუალებად.[2]

ქართლურად ეწოდება ხაჭმაჭიჭა; კახურადხეჭეჭორა; ფშავურად, მთიულურად, გარეკახურად, ქიზიყურადხაჭიჭორა, ყაჭიჭორა; მოხევურადწიწმატაი; თუშურადსანება, ხავარტა; ხევსურულადშურშენა; ჯავახურადჩიტის პური; სომხითურადჩიტიპურა, წიწმატა; იმერულად, ლეჩხუმურად, გურულად და აჭარულადოდელია, ოდელიე; წალკურად, რაჭულად, ზემოიმერულადხარიკბილა, ხარიკრიჭა; მეგრულადტყარი წიწმარტე.[1]

1. ყვავილედი; 2. ბოტანიკური ილუსტრაცია; 3. მთლიანი ხედი; 4. ყვავილები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., წიწმატურა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 წიწმატურა. ოჯახის მკურნალი. mkurnali.ge. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2020.
  3. წიწმატურა. ბიბლიოვიკი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (6 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2020.
  4. ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. centri.gov.ge (2015). ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2020.