წიწამური (ნაქალაქარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წიწამურიარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, ბებრისციხის აღმოსავლეთით. თარიღდება ელინისტური ხანით.

ძეგლი 1953 წელს, გათხარა მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). გათხრილი ნაგებობანი დაკონსერვებულია. წიწამური (სისამორა) მოხსენებული აქვს სტრაბონს არმაზციხესთან ერთად. წიწამურის გორაზე აღმოჩნდა თლილი ქვით ნაგები მრგვალი ნაგებობა. ქვათლილთა წყობა ისეთივეა, როგორიც არმაზციხისა, ოღონდ წიწამურის ქვათლილები უფრო დიდებია. ქვათლილები ერთმანეთზე, როგორც თარაზულად, ისე შვეულად, ხის სოლების „უწყვეტებითაა“ გადაბმული. შვეულად ჩაყენებული ერთი „უწყვეტით“ ერთმანეთზე გადაბმულია სამი ქვათლილი, თარაზულად ჩასმულით კი — ორი. თარაზული „უწყვეტები“ ფორმით ერთნაირია — ისრისპირისებური, სიდიდით კი სხვადასხვანაირი. ასეთი თარაზული „უწყვეტები“ დიდი მცხეთის სხვა უბნებზე არ გვხვდება. შვეული „უწყვეტები“ გამოყენებულია წიწამურის უძველესი ფენის (წიწამური l) მრგვალი შენობის ცოკოლისა და მასზე დაწყობილი პირველი მწკრივის ქვათლილთა ერთმანეთზე გადასაბმელად. შვეული „უწყვეტები“ შემორჩენილი ბუდეების მიხედით ბრტყელი, პრიზმული მოყვანილობის ყოფილა. წიწამურის გორაზე გამოვლინდა აგრეთვე დუღაბზე ნაგები შენობის (წიწამური ll) ფრაგმენტები. წიწამურის გორასა და მის კალთებზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა მცხეთური კრამიტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]