წიწამურის ობელისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წიწამურის ობელისკი

წიწამურის ობელისკიმონუმენტური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, მცხეთა-საგურამოს გზაზე, ქალაქ მცხეთიდან 3 კილომეტრზე, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე. 1907 წლის 12 სექტემბერს, თბილისიდან საგურამოში ეტლით მიმავალ ილია ჭავჭავაძეს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ მეფის ხელისუფლების დაქირავებული აგენტები. მათ მოჰკლეს მწერალი, სცემეს მის მეუღლეს და გაძარცვეს ისინი. მკვლელობის ადგილზე იდგა ქვის ჯვარი. ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლისთავზე ამ ადგილის მახლობლად ააგეს ობელისკი (არქიტექტორი — მ. შავიშვილი, მოქანდაკე — ი. ნიკოლაძე), რომელიც გაიხსნა 1937 წლის 12 სექტემბერს. შავი ლაბრადორის დაბალ, სამსაფეხურიან კვადრატულ (4,75x4,75 მეტრი) ცოკოლზე დგას ბოლნისის ქვით მოპირკეთებული მასიური ბაზისი (1,75x1,75 მეტრი), რომელზეც აღმართულია ასევე ბოლნისის ქვით მოპირკეთებული ობელისკი (სიმაღლე 13 მეტრი). სვეტის წინა მხარეს ამოკვეთილია ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი პროფილში და წარწერა: „ილია ჭავჭავაძე 1837-1907“, ხოლო ბაზისზე — პოეტის ლექსის ერთი სტროფი:

ვიკიციტატა
„დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ — კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან — გაასრულა მან თვისი ვალი.“

ბაზისის მარჯვენა და მარცხენა მხარეს წარწერებია ქართულ და რუსულ ენაზე. „1907 წლის 12 სექტემბერს (3 აგვისტოს, ძველი სტილით) თვითმპყრობელობის დაქირავებულმა აგენტებმა აქ ვერაგულად მოჰკლეს ქართველი ხალხის დიდი მწერალი ილია ჭავჭავაძე“. ობელისკის გარშემო ტერიტორია გამწვანებული და კეთილმოწყობილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]