წითელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წითელი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, სოფლიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ორ ხევს შუა ამოზრდილ ბორცვის თავზე.

აგებულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ჩრდილოეთის მინაშენით. ტაძარი ნაგებია შერეული მასალით. აღმოსავლეთის ფასადი თლილი ქვითაა მოპირკეთებული. ასეთივე უნდა ყოფილიყო სამხრეთის ფასადიც, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ამ ორ ფასადს აერთიანებდა ფერადოვანი ზოლები, რაც შემდეგი სახით არის მოღწეული: სულ ქვევით არის მუქი წითელი ქვებისაგან შემდგარი სარტყელი, რომელიც აღმოსავლეთი ფასადიდან სამხრეთისაზე გადმოდის. მას მოჰყვება მოვარდისფრო ზოლი, შემდეგ ისევ მუქი წითელი. სულ ზევით ღია ვარდისფერი. დასავლეთი ფასადი სხვადასხვა ზომის, დაუმუშავებელი ქვით არის ნაგები, კირის სქელ სხნარზე. ასეთივეა ეკლესიის შიდა კედლები.

წარწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი წარწერა ამოკვეთილია ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე, კარნიზის ქვემოთ მდებარე ქვაზე. წარწერიანი ქვის ზომებია: 62,5 X 60 სმ.. წარწერა იკითხება ასე:

ვიკიციტატა
„ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე მ(ა)ხ(ა)რ(ე)ბ(ე)ლი ამ{ი}ს წ(მიდი)სა ეკლ(ესიი)სა მაშ{ე}ნ{ე}ბ{ე}ლი.“

წარწერა თარიღდება X-XI საუკუნეებით.[1]

მეორე წარწერა ამოკვეთილია ტაძრის სამხრეთი შესასვლელი კარის მარცხნივ, მიწის დონიდან 195 სმ-ის სიმაღლეზე; წარწერიანი ქვის ზომებია: 33 X 20 სმ. წარწერა იკითხება ასე:

ვიკიციტატა
„დ(ავით) გ(ა)ლ(ატო)ზი.“

ეს წარწერაც თარიღდება X-XI საუკუნეებით.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 82-83
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი `გუჯარეთი, თბ., 1987
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ., 1957

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გოგოლაძე თ., თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საისტორიო წყარო, თბ., 2019, გვ. 32-35