წიგნი სიბრძნე სიცრუისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეფე ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი. მე–18 საუკუნის მინიატურა

წიგნი სიბრძნე სიცრუისასულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ქმნილება. იგი დაწერილია XVII საუკუნის ბოლო მეოთხედში. წიგნი ასევე ცნობილია სათაურით „სიბრძნე სიცრუისა“. უპირატესობა მიენიჭა პირველ სათაურს, როგორც ავტორისეულს. ეს დადასტურებულია XVII-XIX საუკუნეების ყველა ძირითადი ხელნაწერით. „სიბრძნე სიცრუის“ წიგნი სულხან–საბა ორბელიანს დაუწერია ახალგაზრდობაში. როგორც გვაუწყებს თხზულების ხელნაწერი „ჟამსა სიჭაბუკისასა“ (ყოველ შემთხვევაში, ბერად აღკვეცამდე, ანუ 1698 წლამდე) წიგნი შეიცავს იგავ–არაკების კრებულს, რომელიც წარმოდგენილია ფაბულური მოთხრობის ფონზე (მსგავსად ქილილა და დამანასი, სიბრძნე ბალავარისა და სხვ). არსებობს „სიბრძნე სიცრუისას“ რამდენიმე გამოცემა. 1959 წელს, გ. ლეონიძისა და ვ. დონდუას რედაქციით თბილისში დაიბეჭდა საიუბილეო გამოცემა. თხზულება სრულად თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, პოლონურ, უნგრულ, ჩეხურ, სომხურ და უკრაინულ ენებზე, ხოლო ნაწილობრივ ფრანგულ ენაზე.[1] 1991 წელს რეჟისორმა ნანა ხატისკაცმა, სულხან–საბა ორბელიანის იგავების მიხედვით გადაიღო ფილმი „სიბრძნე სიცრუისა“. რეჟისორმა მერაბ სარალიძემ გადაიღო იგავ–არაკ „სოფლის მაშენებელნიზე“ დაფუძნებული ორი მულტფილმი – „ტყის კვარტეტი“ (1984, მხატვარი ბ. ხიდაშელი[2]) და „ქვეყნის მაშენებლები“ (1997[3]).

აღსანიშნავია, რომ იგავ–არაკთა სათაურები ავტორს არ ეკუთვნოდა, არც ძველ ხელნაწერებში მოიპოვებოდა. დასათაურებული იგავები პირველად გაჩნდა ყრმათა საკითხავად განკუთვნილ, 1861 წელს გამზადებულ ხელნაწერში და 1892 წლის ბეჭდურ გამოცემაში.[4] მას შემდეგ, ყველაზე ხშირად სწორედ დასათაურებული ვარიანტი იბეჭდება.

სულხან–საბას კრიტიკული, სატირული მზერა ადამიანების მრავალ მანკიერებას ამხელს, თუმცა მას მაინც სწამს გონების ძალისა და მორალური ფასეულობებისა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო ერთი სახელოვანი მეფე, სახელად ფინეზი. მას ჰყავდა ორი ვეზირი, ბრძენი და კეთილი სერდაქი და რუკა „საჭურისი მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი“, ბოროტი, თუმცა ჭკვიანი. მეფეს გვიან მიეცა შვილი, სახელად ჯუმბერი უწოდა. უფლისწულის აღსაზრდელად მან მიიწვია უცხოელი ჭაბუკი ლეონი, რომელიც ერთ ღამეს სიზმარში იხილა და ერთ–ერთი ნადირობისას ხის ქვეშ იპოვა. ლეონმა თქვა, რომ უფლისწულის აღზრდაზე იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ მეფისგან პირობას მიიღებდა, რომ განუსჯელად და განუკითხავად მას არ დასჯიდა:

ვიკიციტატა
„მოახსენა ლეონ: ხელითწერილი მომეც ფიცისა, ვირემ ჩემი სიტყვა არ მოისმინო, სხვათა ენით არ მომაკვდინო, და ეგრე ვიქმო“.[5]

მეფემ ლეონის პირობა დააკმაყოფილა და ლეონიც შეუდგა აღმზრდელის მოვალეობის შესრულებას. ლეონმა სახლი აიშენა, ნადიმი გამართა. სამი დღე ლხინობდა და ნადიმს შეექცეოდა, ჯუმბერი კი მსახურად დაიყენა – არც ჭამის და არც დაჯდომის უფლებას არ აძლევდა:

ვიკიციტატა
„არც დასვა და არც არა აჭამა. ფეხზე დგომითა და შიმშილითა ესრეთ უღონო იქმნა, ქვე დაეცა და შეწუხდა.“

ჯუმბერმა გონება დაკარგა. მხოლოდ ამის შემდეგ უბრძანა ლეონმა ჯუმბერს „დაჯდომა და ჭამა პურისა“. მეორე დღეს ლეონმა უფლისწულს მწევრები ჩააბარა. „მთათა და გორთა არბენინა. ფერხთსაცმელი გასცვივდა და ფეხები დაუსქდა, სისხლმან დენა დაუწყო“. მესამე დღეს „შიკრიკად გაიძღვანა“. დაღლილი ჯუმბერი „მალ–მალ დაეცემოდეს“, მაგრამ ლეონი მაინც „არ მოეშვა, მუნამდის არბენინა“. ერთ დღეს ლეონი „გაწყრა ცუდად“, აიღო ერგასი ჯოხი და ჯუმბერი უმიზეზოდ გაროზგა. რუკამ ყველაფერი მეფეს უამბო. განრისხებულმა მეფემ ლეონი იხმო, მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ ლეონმა თქვა, რომ მეფისგან ფიცი ჰქონდა მიღებული და მოკვლას ვერ შეძლებდა:

ვიკიციტატა
„ვერ მომკლავ მეფეო, ვერა! აჰა, საფიცარი შენი, ამ დღისთვის გამოგართვი, ამას ველოდი და ვიცოდი. მე ეს წინ მედვა. ვერ მომკლავ უსამართლოდ.[6].“

გაიმართა დიდი კამათი. ლეონი იცავდა თავის აღმზრდელობითს თვალსაზრისს. რუკამ წამოაყენა საწინააღმდეგო შეხედულებები. სედრაქი გარკვევით თანაუგძნობდა ლეონს. მეფემ იხმო თავისი ვაჟიშვილი ჯუმბერი, გამოსცადა, აღზრდა მოუწონა და ტახტიც გადააბარა. თხზულება იხურება მეფის სიტყვებით

ვიკიციტატა
„ჰე, სედრაქ ვეზირო, მეც დიდად მიმძიმს თქვენი ასრე გარდაკიდება, მაგრამ ასრე ვხედავ: ვერც შენ გადარჩები ამ საქმეს უფათერაკოდ, ვერც მე და ვერც სხვა ვინმე. და კმა არს დღესა ამას თქმად მრავალი ესე მეტყველება ჩვენი.[7][8]

„სიბრძნე–სიცრუეში“ პაექრობა უმთავრესად წარმართულია იგავ–არაკების საშუალებით. იგავებს ცვლის ლეგენდები, ზღაპრები, ანეკდოტები, აფორიზმები, გამოცანები, ანდაზები და მისთანანი.

„სიბრძნე სიცრუისა“ იგავ–არაკული ჟანრის ნაწარმოებია, ამიტომაც იგავების მოქმედ პირებად ჩვეულებრივ გამოყვანილია ფრინველები, ცხოველები და მისთანანი. ესენი ალეგორიულად ასახავენ ადამიანთა ურთიერთობისა და ყოფა–ცხოვრების მხარეებს.

იგავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სიბრძნე–სიცრუის“ წიგნში იგავ–არაკები წარმოდგენილია ფაბულური მოთხრობის ფონზე. სულხან–საბა ორბელიანი თავის „სიბრძნე სიცრუისაში“ ძველ ქართულ მწერლობაში გავრცელებულ სიმბოლურ–ალეგორიული გამოხატვის ერთ–ერთ ფორმას – იგავურ ალეგორიზმის ხერხს იყენებს. წიგნში მოთავსებულია 300–ზე მეტი იგავი.[9]

ჟან დე ლაფონტენი

არსებობდა მოსაზრება, რომ სულხან–საბაზე გავლენა მოახდინა ფრანგმა მეიგავემ – ჟან დე ლაფონტენმა. მოსაზრება მცდარია, რადგან სულხან–საბამ ევროპაში 1713–1716 წლებში იმოგზაურა, ხოლო ლაფონტენი 1694 წელს გარდაიცვალა. სულხან–საბამ ფრანგული ენა „სიბრძნე სიცრუისას“ დაწერის შემდეგ (1686–1695 წწ.) შეისწავლა, ამიტომ ლაფონტენთან ლიტერატურული ნაცნობობაც გამორიცხულია.

სამაგიეროდ სულხან–საბაზე გავლენა იქონია ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ. მის წიგნში მრავლად გვხვდება ქართული ხალხური იგავები.

„კალმასობის“ ავტორი, იოანე ბაგრატიონი (1768–1830 წწ.) ასე აფასებს სულხან–საბა ორბელიანის ღვაწლს:

ვიკიციტატა
„ამან ქმნა წიგნი ზნეთსწავლულებისა, „სიბრძნე–სიცრუედ“ წოდებული. ესე წარვიდა რომსა, მიიღო პაპამ კეთილად და აწვია თვის თანა წირვად და დაბანა ფერხიცა, მისცა ნიშნად ძელი ცხოველის ნაწილი და სხვანი წმინდათა ნაწილები და პატივითა გამოისტუმრა. ესე ფრიად დაშვრა მეფეთა მსახურებისათვის ისპაანს ყეენთან წასვლით. ამანვე შეთხზა წიგნი, „სამოთხის კარად“ წოდებული, გარნა ამაში არ თანეხმნენ ქართველნი მეცნიერნი, ვინაიდან მიჰკერძა უფრო ლათინთა და ამა იჭვისათვის განლათინებულად აღიარებენ საბასა[10]

.

სათაურის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია ჭავჭავაძე. ალექსანდრე როინაშვილის ფოტო

ილია ჭავჭავაძემ, თავის პუბლიცისტურ წერილში „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე–სიცრუე“, გამოთქვა მოსაზრება სულხან–საბას „სიბრძნე–სიცრუის“ შესახებ და ისაუბრა ზოგადად იგავ–არაკებზე. წერილის დასაწყისში ავტორი ამბობს, რომ ხშირად უფიქრია, თუ რატომ დაარქვა სულხან–საბა ორბელიანმა თავისი იგავების წიგნს „სიბრძნე–სიცრუისა“. წერილის ავტორი ამბობს, რომ სიბრძნესა და სიცრუეს არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს, ეკითხება თავის თავს, თუ რატომ უნდა ეკადრა საბა ორბელიანს, დარბაისელ კაცს, სიბრძნეში სიცრუის გარევა, შემდეგ კი ილია თვითონ სცემს პასუხს დასმულ კითხვებს. მისი აზრით, საბა ორბელიანს უნდოდა ეთქვა, რომ სიმართლეს ზღაპრით ამბობს, ზღაპარი კი „მოგონილი ამბავია, არაა მართალი, მაშასადამე, სიცრუეა“. ეს არ არის ის ტყუილი, „რომელიც სწამლავს და ჰშხამავს ადამიანს“. საბა ორბელიანის სიცრუე ზღაპარია, იგავ–არაკია, ამისთანა ტყუილი კი, წერილის ავტორის თქმით, გამართლებულია.[11] მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ამ ნაწარმოების სახელწოდება მოფიქრებულია „ვარლაამისა და იოსაფის“ წიგნის სათაურის მიხედვით, რომელსაც ქართულად „სიბრძნე ბალავარისა“ ჰქვია.[12]

აღსანიშნავი ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სულხან–საბა ორბელიანის იგავები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სათაურებით იბეჭდება, ავტორის დასათაურებული არ არის. იგი პირველად დაასათაურეს 1861 წელს და მის მერე ხშირად იგავების სწორედ ასეთი ვერსია იბეჭდება.
დევიზი „ძალა ერთობაშია“ საქართველოს სახელმწიფო გერბზე
  • საქართველოს ოფიციალური დევიზი, „ძალა ერთობაშია“, რომელიც 2004 წელს დამკვიდრდა, სულხან–საბა ორბელიანის ამავე სახელწოდების იგავზეა დაფუძნებული („ძალა ერთობაშია“, ან „ძალა ერთობისა“) . იგავის მიხედვით, მომაკვდავმა მეფემ მოუხმო თავის ოცდაათ შვილს და დააბარა ოცდაათი ისრის მოტანა. მეფემ შეკრა ისრები კონად და გადატეხა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ დაშალა და თითო–თითო ადვილად დატეხა, შვილებს მიუბრუნდა და უთხრა: „თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხსთ, ვითა მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა.“
  • კონსტანტინე გამსახურდიას იგავს, რომელშიც მოთხრობილია მხატვრისა და მოქანდაკის შესახებ, „სიბრძნე სიცრუისა“ ეწოდება (იხ. ტექსტი დაარქივებული 2011-06-23 საიტზე Wayback Machine. ). იგავს ახლავს მინაწერი: სადღაც, ოდესღაც ჩინური თუ ჰინდური ზღაპარი გამიგონია ამადარი და შემდეგ: „ტფილისი. 1929წ მაისი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე. თბილისი 1969
  • ძველი ქართული ლიტერატურა, ქრესტომათია. თბილისი, 1988
  • ქართული პროზა, წიგნი V, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983
  • საუბრები ქართულ ლიტერატურაზე, „განათლება“, თბილისი, 1992

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ძველი ქართული ლიტერატურა, ქრესტომათია. გამომც. „განათლება“, თბილისი. 1988
  2. http://www.youtube.com/watch?v=l6Ql8nFFymA&feature=related
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-01-21.
  4. ქართული პროზა, წიგნი V (შემადგენელნი გ. გვერდწითელი, ნ. ებრალიძე, რ. თვარაძე) „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983
  5. სულხან–საბა ორბელიანი. სიბრძნე სიცრუისა. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო“, 1970. გვ. 41
  6. სულხან–საბა ორბელიანი. სიბრძნე სიცრუისა. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო“, 1970. გვ. 54
  7. ქართული პროზა, წიგნი V - გვ. 178, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983
  8. სულხან–საბა ორბელიანი. სიბრძნე სიცრუისა. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო“, 1970. გვ. 318
  9. სულხან–საბა ორბელიანი. სიბრძნე სიცრუისა. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო“, 1970. გვ. 322
  10. საუბრები ქართულ ლიტერატურაზე, „განათლება“, თბილისი, 1992, გვ. 264
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-26. ციტირების თარიღი: 2011-01-21.
  12. საუბრები ქართულ ლიტერატურაზე (გ. მურღულია, გ. ალიბეგაშვილი, ვ. მაღლაფერიძე) გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1992