წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი
Tinatini
დამკვეთი სოლომონ I
შენახვის ადგილი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ნომერი (S-5006)
ილუსტრაციები 87
ფურცელი 289
ფურცლის ზომა 33X22

ვეფხისტყაოსნის წერეთლისეული ნუსხაXVIII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი.[1]

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. ხელნაწერი შეიცავს 289 ფურცელს, რომელთა ზომებია 33X22 სანტიმეტრი. ნაწერია მხედრული დამწერლობით, შავი მელნით; სათაურები და სტროფების დასაწყისები სინგურითაა შესრულებული. ხელნაწერის მინიატიურები ორი მხატვრის მიერაა შესრულებული. მინიატიურების ნაწილს ირანული ისფაჰანური სამინიატიურო მხატვრობის გავლენა ეტყობა, ნაწილი კი ეროვნულ ქართულ ტრადიციებს ასახავს.

წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდშია დაცული (S-5006).[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1879 წლის 21 თებერვალს გაზეთმა „დროებამ“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ პელაგია წერეთელს ჰქონდა ძველი წიგნები და მათ შორის „ვეფხისტყაოსნის“ ერთი შესანიშნავი, სურათებით შემკული ეგზემპლარი, რომელიც პოემის ვრცელ ვარიანტს შეიცავდა. როცა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემისათვის სამზადისს შეუდგა და „დროების“ ფურცლებიდან თხოვნით მიმართა საზოგადოებას, პოემის ხელნაწერები გვათხოვეთო, რასაკვირველია, ზემოხსენებული ძველი ხელნაწერიც არ დარჩენილა უყურადღებოდ. გრიგოლ გურიელი გაზეთის რედაქციას აცნობებდა: „მე როგორც მახსოვს, ბიძაჩემს ქაიხოსრო გურიელს ჰქონდა დანაშთი მამიდგან ერთი კარგი „ვეფხისტყაოსანი“ რუსთაველისა ხელნაწერი და შიგ გამოხატული მოქმედი პირებით, რომელიც უნდა იყოს, ჩემის აზრით, პირველი ან სისწორით გადმოწერილი. დღეს ის, როგორც ვიცი, აქვს ჩემს ბიძაშვილს პელაგიას, ნესტორ წერეთლის მეუღლეს. ამისათვის არ იქნება ურიგო, რომ ვეფხისტყაოსნის რედაქციამ იმას მიმართოს თხოვნით, რომ გამოგზავნოს და, იმედია, უარს არ იტყვის“.

ამ ცნობას ახლდა შემდეგი სარედაქციო შენიშვნა: „ამავე საგნის შესახებ მივიღეთ კიდევ შემდეგი წერილი თ. დ. ნ-საგან: ...იყვნენ ისეთი ხელნაწერი ვეფხისტყაოსნები სრულის მხატვროვნებით, რომელნიც ძრიელ გამოირჩევოდნენ და ოქროს წონით ფასდებოდნენ. ერთი ამისთანა ვეფხისტყაოსანი ჰქონდა დიდ მეფე სოლომონს, რომელიც შემდეგ მეფის უძეოთ გარდა ცვალებისა, დარჩა მეფის ასულს დარეჯან ბატონიშვილს, რო ელიც იყო დედა თ. ივანე აბაშიძისა. 1820 წელს, როდესაც ქუთათელი და გენათელი განდევნეს, დარეჯან ბატონიშვილი რუსეთში წაიყვანეს და ივანე აბაშიძე დაარბიეს, ის წიგნიც დაიკარგა ისე, როგორც სხვა ძვირფასი სამკაული ოჯახისა და ყოველივე ხსენებულის აბაშიძისა. დღეს ეს ხსენებული ვეფხისტყაოსანი უშოვია როგორღაც კნეინა პელაგია წერეთლისას და დარწმუნებული ვართ, რომ კნეინა დიდის კმაყოფილებით გათხოვებსთ დასაბეჭდათ ამ თავის ვეფხისტყაოსანს“.

მართლაც, არ გასულა დიდი ხანი, რომ „დროებამ“ გამოაქვეყნა ახალი ცნობა: „თ. პელაგია წერეთლისას თავისი ვეფხისტყაოსანი ბატ. დ. ი. ყიფიანისათვის მიუცია ამ უკვდავი პოემის რედაქციისათვის გარდასაცემად“. წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“ მიიღო ტექსტის დამდგენმა კომისიამ 1881 წლის დამდეგს, ხოლო იმავე წლის 11 თებერვალსდროებაში“ დაიბეჭდა იონა მეუნარგიას წერილი, რომელიც შეკრებილ ხელნაწერთა მოკლე დახასიათებას შეიცავდა.

წერეთლისეულ ვეფხისტყაოსანს ყდის მეტი თითქმის არაფერი ჰქონდა დაზიანებული, შეიცავდა პოემის ვრცელ ტექსტს, შემკული იყო 87 ფერადი ილუსტრაციით, ოღონდ ხელნაწერს ანდერძი ჰქონდა და არ ჩანდა ვინ, როდის ან ვისი დაკვეთით გადაწერა და შეამკო ეს წიგნი. იონა მეუნარგიამ იგი ხელის მიხედვით XVIII საუკუნის დასაწყისით დაათარიღა. შემდგომში ექვთიმე თაყაიშვილმა ხელნაწერი XVII საუკუნის მეორე ნახევარს მიაკუთვნა, მაგრამ შემდეგ სარგის ცაიშვილმა განაცხადა, რომ მისი ერთი მონაკვეთი გადაწერილია ვახტანგ მეექვსის გამოცემიდან, ე. ი. ხელნაწერი 1712 წლის შემდეგ არის გადაწერილი. ზოგიერთი ნიშნის მიხედვით წერეთლისეულ ხელნაწერს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა პოემის ტექსტის ისტორიის გასათვალისწინებლად. ამიტომ მას მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის ამ ხელნაწერის შექმნის ისტორია შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ: XVIII საუკუნეში იმერეთის მეფის სოლომონ პირველის (17351784) დავალებით განუახლებიათ „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ძველი, დაზიანებული ხელნაწერი, რომელიც ორი სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული ილუსტრაციებით ყოფილა შემკული. განახლებისას ტექსტი ხელახლა გადაუწერიათ, სურათები კი ძველი ხელნაწერიდან ახალში გადაუტანიათ, ოღონდ რაკი მათი ფორმატი სხვადასხვა იყო და სურათები უფრო მცირე მოცულობის ქაღალდზე იყო შესრულებული, მათთვის ზემოდან და ქვემოდან აშიები შემოუწებებიათ. ზოგი სურათი, რომელიც ძალზე დაზიანებული იყო, ახალ ხელნაწერში აღარ გადაუტანიათ. სამაგიეროდ, დაუმატებიათ ერთი ახალი ილუსტრაცია. ტექსტის ის ნაწილი, რომელიც ძველ ხელნაწერს აკლდა (დაახლოებით 600 სტროფი), ვახტანგ მეექვსის მიერ 1712 წელს დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით შეუვსიათ. ბოლოში კი პოემის გაგრძელებებიც დაურთავთ სხვა ხელნაწერიდან (350-მდე სტროფი).გადამწერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ხელნაწერის გარეგნული სილამაზეს. ამოფხეკილი და გადასწორებული ადგილები რომ ვინმეს თვალში არ მოხვედროდა, ამჯობინებდა შემჩნეული შეცდომები გაუსწორებლად დაეტოვებინა.

სოლომონ I, ივანე აბაშიძე, პელაგია წერეთელი და დავით სარაჯიშვილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლად გადაწერილი და მოკაზმული „ვეფხისტყაოსანისოლომონ მეფეს მიართვეს. სოლომონი რომ გარდაიცვალა, ეს წიგნი მის ასულს დარეჯანს დარჩა (შესაძლოა, დარეჯანმა მამის სიცოცხლეშივე მზითევში მიიღო ხელნაწერი). დარეჯან ბატონიშვილი ცოლად ჰყავდა ქაიხოსრო აბაშიძეს. მათი შვილი იყო იმერეთის ცნობილი აჯანყების მეთაური ივანე აბაშიძე. ამ აჯანყებამ იფეთქა იმერეთში 1819 წელს, ხოლო შემდეგ გურიასა და სამეგრელოსაც მოედო. მისი საბაბი გახდა საეკლესიო რეფორმები, რომელთაც რუსეთი ატარებდა მის მფლობელობაში ახლად შესულ მხარეებში. 1820 წლის 4 მარტს იმერეთის მმართველმა პუზირევსკიმ ქუთაისში შეიპყრო აჯანყების ზოგიერთი მეთაური, მათ შორის ქუთაისისა და გელათის ეპისკოპოსები და დარეჯან ბატონიშვილი, ხოლო ივანე აბაშიძემ თავი შეაფარა თავისი ცოლის ბიძის ქაიხოსრო გურიელის ოჯახს სოფლ შემოქმედში (ივანეს ცოლად ჰყავდა ქაიხოსროს უფროსი ძმის სვიმონის ასული ელისაბედი). ცხადია, ივანემ კარგად იცოდა, რომ მის ოჯახს იმერეთში დაარბევდნენ, ამიტომ თან წაიღო ყველაფერი, რაც ძვირფსი იყო და რისი წაღებაც შეიძლებოდა. მათ შორის იყო სოლომონ მეფის ნაქონი „ვეფხისტყაოსნის“ ძვირფასი ხელნაწერიც. იმერეთის მმართველმა პუზირევსკიმ, რომელმაც შეიტყო ივანე აბაშიძის ადგილსამყოფელი, ჯერ ქაიხოსრო გურიელთან მოლაპარაკების გზით სცადა ხელში ჩაეგდო აჯანყების მეთაური, მაგრამ როცა ამ ხერხმა არ გაჭრა, შეტევაზე გადავიდა. 1820 წლის 17 აპრილს პუზირევსკი მოკლეს სოფელ შემოქმედის ახლოს. ქაიხოსრო გურიელი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას, ივანე აბაშიძე კი ფარულად დაბრუნდა იმერეთში და ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 1820 წლის ივლისში, რუსეთის ჯარმა აჯანყება საბოლოოდ ჩაახშო. დამარცხებული ქაიხოსრო გურიელი და ივანე აბაშიძე ოსმალეთში გაიქცნენ. წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი დარჩა სოფელ შემოქმედში, ქაიხოსრო გურიელის ოჯახში. ამის შემდეგ ქაიხოსრო გურიელის ქალიშვილი პელაგია ცოლად გაჰყვა საჩხერელ ცნობილ თავადს ნესტორ წერეთელს. პელაგიას მზითევში იყო წერეთლისეული ვეფხისტყაოსანიც. პელაგია წერეთელმა ეს ხელნაწერი დროებით სარგებლობისათვის გაუგზავნა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენ კომისიას 1880 წლის ბოლოს. 1882 წლის დასაწყისში, როცა კომისიამ მუშაობა დაასრულა, ხელნაწერი ისევ პატრონს დაუბრუნდა. მალე პელაგია გარდაიცვალა. მისი მეუღლე ნესტორი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო. მემკვიდრეებმა ქონება რომ გაიყვეს, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერს გაუჩნდა ახალი პატრონი – გიგო წერეთელი. „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებული ხელნაწერი ოჯახის ძვირფას რელიქვიად ითვლებოდა და მას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში წიგნს ყდა შემოაცვდა და დაიფურცლა, საჭირო გახდა მისი ხელახლა შეკინძვა. შემდეგ გიგო წერეთლის მეუღლემ თბილისში მიმავალ თავის ვაჟიშვილებს გაატანა ეს წიგნი და სთხოვა, ყდა გამიკეთებინეთო. ძმებმა წაიღეს ხელნაწერი და ხავერდის ყდაში ჩაასმევინეს, მაგრამ მერე როგორღაც ეტლში დარჩათ. ეს ეტლი, შემდეგ თურმე ცნობილი ვაჭრის ფორაქიშვილის ერთმა ნოქარმა დაიქირავა და იპოვა ხელნაწერი. ფორაქიშვილმა გაიგო ეს ამბავი და ნოქარი ექვთიმე თაყაიშვილთან გააგზავნა, ამ ხელნაწერს ის შეიძენს წერა-კითხვის საზოგადოებისათვისო. თაყაიშვილი ამ დროს სადღაც იყო წასული. მაშინ ნოქარი ადგა და ხელნაწერი ფორაქიშვილების სიძეს, დავით სარაჯიშვილს მიუტანა სოლოლაკში. სარაჯიშვილმა ნოქარს სამი თუმანი მისცა და წიგნი დაიტოვა,

ცოტა ხნის შემდეგ, სარაჯიშვილს სტუმრები ჰყავდა და ექვთიმე თაყაიშვილიც დაპატიჟა. მისვლისთანავე უჩვენა მეცნიერს ახლად შეძენილი ხელნაწერი და თაყაიშვილმაც სიამოვნებით წამოიღო. მან ხელნაწერი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმში შეიტანა და მისი აღწერილობაც გამოაქვეყნა.

ხელნაწერის საჩხერეში წაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ დღეს ექვთიმე თაყაიშვილს მიადგა ორი წარმოსადეგი, სასიამოვნო შესახედავი და ჩოხა-ახალუხში კოხტად გამოწყობილი ბიჭი, რომლებიც გიგო წერეთლის ვაჟიშვილები იყვნენ. მოახსენეს ხელნაწერზე ყველაფერი და ჰკითხეს თქვენ ხომ არ გაქვთო. თაყაიშვილს ყოყმანი რომ შეატყვეს, ძმები შეეხვეწნენ: – თუ თქვენთანაა, გვათხოვეთ და გაძლევთ პატიოსან სიტყვას, ისევ დაგიბრუნებთ, ოღონდ დედას ვაჩვენოთ და დავარწმუნოთ, რომ არ დაკარგულაო. – არ დაგიმალავთ, ეგ ხელნაწერი ჩვენს მუზეუმშია, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვისი ნაყიდია, მერე შემოსწირა მუზეუმს და ახლა საზოგადოების საკუთრებას შეადგენს, მისი წაღება არ შეიძილებაო, – უთხრა ძმებს თაყაიშვილმა.

წერეთლებს გაუხარდათ, რომ წიგნი არ დაკარგულიყო, მაგრამ დედას ისე ვერ დააჯერებდნენ, თუ წიგნს არ უჩვენებდნენ. თაყაიშვილისაგან რომ მტკიცე უარი მიიღეს, ახლა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართეს. იქაც უარი უთხრეს: — ეგ ჩვენ არ გვეკითხება, თაყაიშვილის საქმეაო. მიადგნენ ისევ თაყაიშვილს. მან დიდი გაჭირვებით გაატანა ძმებს წერილი მუზეუმში, – დროებით მიეცით ხელნაწერიო. გავიდა დიდი ხანი, მაგრამ წერეთლებმა ხელნაწერი უკან არ დააბრუნეს. ექვთიმე შეშფოთდა. გამგეობის ზოგი წევრიც ცეცხლზე ნავთს უსხამდა:–არ უნდა გაგეტანებინა, ეგ რა გიქნიაო.

მალევე საჩხერეში ძველი ყორღანული სამარხი აღმოჩნდა და თაყაიშვილი მის გასათხრელად გაემგზავრა. საჩხერეში მაშინ მოთავეობდა ელისაბედ წერეთელი. მის მამულში ბლომად მოიპოვებოდა შავი ქვის მადანი და მას წერეთლებში ყველაზე მეტი სიმდიდრე ჰქონდა. ის საჩხერის სკოლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და იმ სკოლის სასარგებლოდ ყოველ წელიწადს აწყობდა დიდ მეჯლისს, სადაც იწვევდა სტუმრებს ქუთაისის გუბერნიის ყველა კუთხიდან. ერთი ასეთი მეჯლისი სწორედ თაყაიშვილის საჩხერეში ყოფნის დროს გაიმართა და ელისაბედმა ისიც მიიწვია. თაყაიშვილი რომ მივიდა, ელისაბედი მას თბილად შეეგება, გადაკოცნა და მოიკითხა. ქალს ახალგაზრდა თავადიშვილთა ამალა ახლდა და მათ შორის სწორედ ძმები წერეთლებიც იყვნენ. ექვთიმემ მაშინვე მოკიდა ძმებს ხელი და მოკითხვის სამაგიეროდ ელისაბედს მოახსენა: — კნეინა, ახლა სხვაზე ნურაფერზე მელაპარაკებით, გთხოვთ, მე და ეს ახალგაზრდები გაგვასამართლოთ!.. ეს ყმაწვილები მოვიდნენ ჩემთან და დროებით მთხოვეს საზოგადოების კუთვნილი ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი, თან პატიოსანი სიტყვა მომცეს, რომ დააბრუნებდნენ და აკი არ დააბრუნეს! სხვისი ვათხოვე და ახლა არ ვიცი, რა პასუხი გავცე პატრონს, უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენესო.

საფრანგეთი, ინგლისი და თბილისში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძმები წიგნის ერთ კვირაში დაბრუნებას დაპირდნენ, მაგრამ ძმები არ გამოჩენილან. როცა თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა და წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმში იკითხა ხელნაწერის ამბავი, უთხრეს, უკვე მოიტანესო. ხელნაწერი ამჯერად ფრიდონ წერეთლის შემოწირულად გატარდა მუზეუმის წიგნთსაცავში, მაგრამ თურმე ხელნაწერში მოთავსებული 87 სურათიდან ამოეჭრათ. როგორც აღმოჩნდა ვიღაც სომეხი ვაჭრები შესჩენოდნენ წერეთლებს და „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერში 2000 მანეთს აძლევდნენ. ძმებს წიგნი არ მიუციათ, მაგრამ ამ ვაჭრობასა და წიგნის თვალიერებაში ვიღაცამ ათი სურათი ამოჭრა, თანაც ისე ოსტატურად, რომ ვინც არ იცოდა, წიგნში თავიდანვე 77 სურათი ეგონებოდა და არა 87. ილუსტრაციები პარიზში ჩაუტანეს ვიღაც ანტიკვარს, რომელმაც მისი ყიდვა ცნობილ ქართველოლოგს ოლივერ უორდროპს შესთავაზა ინგლისში.[3]

უორდროპს ეჭვი შეეპარა, ეს ილუსტრაციები იმ ხელნაწერიდან უნდა იყოს, ერთხელ თბილისში ექვთიმე თაყაიშვილმა რომ მაჩვენაო და ეს ამბავი თაყაიშვილს შეატყობინა, შემდეგ კი ილუსტრაციების ფოტოსურათებიც გამუგზავნა.[4] აშკარა გახდა, რომ სურათები მართლაც „ვეფხისტყაოსნის“ წერეთლისეული ხელნაწერიდან იყო ამოჭრილი. თაყაიშვილის წყალობით, ვაჭრებმა სურათები უკან ჩამოიტანეს თბილისში, თაყაიშვილს კაცი მიუგზავნეს შუამავლად და სურათებში ჯერ ათასი მანეთი მოსთხოვეს, შემდეგ კი ხუთასსაც სჯერდებოდნენ, მაგრამ თაყაიშვილმა ვაჭრებიც და შუამავალიც გუბერნატორით დააშინა და საბოლოოდ 250 მანეთზე მორიგდნენ. ამას დაემატა შუამავლობის ათი პროცენტი, ე. ი. სულ გადასახდელი იყო 275 მანეთი.

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა განცხადებით მიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს გიორგი ყაზბეგს, რომ ეს თანხა გადაეხადათ. საზოგადოებას წინა წლის ხარჯთაღრიცხვით ათასი მანეთი ჰქონდა. აქედან 275 მანეთი მისცეს სურათებში და ამ სურათებს კვლავ წერეთელისეულ ხელნაწერში მიუჩინეს ბინა.

ამჟამად ეს ხელნაწერი (S–5006) ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდშია დაცული.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 96
  • ელ. მაჭავარიანი, ვეფხისტყაოსნის უორდროპისეული ხელნაწერის უცნობი მინიატურა (იქვე).
  • ცაიშვილი ს. ვეფხისტყაოსნის ძველი რედაქციები, 1963.
  • ცაიშვილი ს. ვეფხისტყაოსნის ტექსტის ისტორია, წ. 1-2, 1970.
  • ა. ბაქრაძე, ვეფხისტყაოსნის გადამწერნი. ,,შოთა რუსთაველი. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი". 1966.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]