წალკის წმინდა დემეტრეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წალკის წმინდა დემეტრეს ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წალკაში, ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 5 მეტრის დაშორებით. ნაგებია დამუშავებული ქვის კვადრებით.

იგი ძლიერაა გადაკეთებული. თავდაპირველი სახე, ყველაზე მეტად, აღმოსავლეთის ფასადს აქვს შენარჩუნებული. ეკლესია წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. აქვს ოთხი სარკმელი – სამი აღმოსავლეთ კედელში, ერთი – დასავლეთ კედელში. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა აწეული დარბაზის იატაკიდან და აქვს სოლეა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, თავდაპირველად იგი ორმალიანი ყოფილა, ახლა ერთი კარი გადაკეთებულია ფანჯარად, რომლის მარჯვენა ამყოლზე ამოკვეთილია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი. დასავლეთის ფასადის ცენტრში შესასვლელი იყო გაჭრილი, რასაც მოწმობს კედლის წყობაში შემორჩენილი ტიმპანი. ტიმპანში შემორჩენილია ფაქიზი კვეთით შესრულებული რელიეფი ღვთისმშობლის განდიდების სიუჟეტით. აღმოსავლეთის ფასადზე, შვერილი აფსიდის ცენტრში, ამოკვეთილია სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი.

წალკის წმინდა დემეტრეს ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5772

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]