ძინძია

ძინძია (იაპონ. 神社) — შინტოისტური სალოცავი მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად.[1] თუმცა, „ძინძია“-ში უფრო ხშირად მხოლოდ თავად სალოცავს გულისხმობენ.
შინტოისტური სალოცავების მიახლოებითი რაოდენობა დაახლოებით ასი ათასია. მათი ზუსტი რიცხვი მერყეობს იმისდა მიხედვით, შედის თუ არა დათვლაში ისეთი პაწაწინა ძინძიები, როგორიცაა, მაგალითად, გლეხის ეზოში არსებული პატარა ტაძარი. თუმცა, მიახლოებითი რიცხვიც კი საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ კამიების (ღვთაებების) თაყვანისცემის მასშტაბებზე იაპონიაში.
ყველაზე მაღალი რანგის მქონეა ჯინგუს ტიპის სალოცავები. მათ მიეკუთვნება ის სალოცავები, რომლებიც პატივს მიაგებენ იმპერატორის ოჯახის კამი-წინაპრებს. შემდეგი რანგით მოდის ტაიშა („დიდი სალოცავები“). თავდაპირველად, მხოლოდ ერთი ასეთი სალოცავი არსებობდა – იძუმოს სალოცავი, რომლის მთავარი ღვთაებაც იყო სუსანოო-ნო-მიკოტო. თუმცა, როგორც კი რელიგიაზე სახელმწიფო კონტროლი გაუქმდა, იგივე სტატუსი 65-მა სალოცავმა მიითვისა, მოგვიანებით კი მათი რიცხვი გაიზარდა. კიდევ უფრო დაბალი სტატუსით სარგებლობს ის სალოცავები, რომელთა სახელიც ბოლოვდება ნაწილაკზე „გუ“ („სასახლე“, „პალატები“). ეს ძირითადად იმპერატორის ოჯახის წევრებისა და სხვა გამოჩენილი მოღვაწეების პატივსაცემად აგებული სალოცავებია. რანგით უფრო ქვემოთ მდგომი, ჩვეულებრივი სალოცავები უბრალოდ ძინძიას სახელით მოიხსენიება. ხოლო სრულიად პატარა სალოცავებს ჰოკორა ეწოდება.
თითოეული სალოცავი ორ ნაწილად იყოფა. პირველი არის ჰონდენი – ეს არის საზოგადოებისთვის დახურული ნაწილი, სადაც ინახება ადგილობრივი შინთაი (ღვთაების მატერიალური განსხეულება). მეორე ნაწილი, რომელსაც ჰაიდენი ეწოდება, ლოცვისთვის არის განკუთვნილი. ძინძიას სტუმრები შედიან ჰაიდენში, მიდიან სამსხვერპლოსთან, ყრიან მონეტას მის წინ მდგარ ყუთში, იხრიან თავს, ტაშს უკრავენ და ტოვებენ შენობას. ასევე შესაძლებელია ლოცვის წარმოთქმა, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.
წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იმართება დღესასწაულები ადგილობრივი ღვთაების პატივსაცემად. ამ დროს ადგილობრივი ქურუმები საკმაოდ საზეიმოდ გამოიყურებიან. დანარჩენ დროს ისინი ტაძარსა და კამის (ღვთაებას) მცირე დროს უთმობენ, ცხოვრობენ ისეთივე ცხოვრებით, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და დაკავებულნი არიან ყოველდღიური საქმეებით.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველად, მისტიურ, უჩვეულო და თავიანთი სილამაზით გამაოგნებელ ადგილებს კამის სამყოფელად მიიჩნევდნენ. ასეთი ადგილები ლოცვისთვის გამოიყენებოდა. სწორედ ამიტომ, უძველესი შინთოისტური სალოცავების უმეტესობა მეტად ლამაზ ადგილებშია განლაგებული. ვარაუდობდნენ, რომ კამი მუდმივად არ იმყოფებოდა ლოცვის ადგილზე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შეეძლო იქ ჩამოსვლა, რათა მოესმინა ადამიანების თხოვნებისთვის. ვინაიდან კამი უსხეულოა, ადამიანებთან კონტაქტისთვის მას სჭირდება საგანი, რომელიც მისი ფიზიკური განსახიერება გახდება. ასეთ საგნებს შინთაი ეწოდება. თავდაპირველად, შინთაის როლს ასრულებდნენ ისეთი თვალშისაცემი ობიექტები, როგორებიცაა ძველი საკაკის ხეები და ივაკურას კლდეები. მსგავსი შინთაი დღემდე შემორჩა, თუმცა უფრო თანამედროვე სალოცავებში შინთაის სახით გამოიყენება საგანი, რომელიც დაფარულია უცხო თვალისგან. დროთა განმავლობაში, კამის ჩამოსვლის ადგილს კონკრეტული საზღვრები გაუჩნდა. ეს საზღვრები შეიძლება აღინიშნოს პერიმეტრზე დარგული ხეებით, რომლებსაც ჰიმორგი ეწოდება. საზღვრები ასევე შეიძლება ქვით იყოს ნაგები. ამ შემთხვევაში მათ ივაკასა ეწოდებათ. ორივე სიტყვა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თავად სალოცავის სინონიმი. საზღვრებთან ერთად გაჩნდა შესასვლელებიც, რომლებიც ტორიის საშუალებით აღინიშნება.[3]

მოგვიანებით, შინთაის სახით ასევე დაიწყეს მიწაში ჩაფლული ბოძების – მიჰაშირას – გამოყენება. ასეთი პრაქტიკის ნახვა დღესაც შესაძლებელია იძავას სალოცავში, სადაც შინთაიდ მინდვრების შუაგულში მდგარი ბოძი გამოიყენება. ამის შემდეგ, კამის თაყვანისცემის ადგილებზე მუდმივი ნაგებობების გაჩენაც დაიწყო. მიჩნეულია, რომ უძველეს ისეს სალოცავში ისინი მეშვიდე საუკუნეში გაჩნდა. თუკი შინთაის როლს მთლიანი მთები ან კლდეები ასრულებდა, მსგავსი შენობა კამის სხეულის გვერდით შენდებოდა. ხოლო თუ სხეულად ბოძი გამოიყენებოდა, მას ამოკლებდნენ, რათა შენობის შიგნით მოთავსებულიყო, ან თავად ხდებოდა შენობის საყრდენი. ამასთან ერთად, შეიცვალა სიტყვა „საკაკი“-ს მნიშვნელობაც – ახლა ასე სალოცავის კორომის ხეებს უწოდებდნენ. თუმცა, საკაკის ტოტები კვლავაც შეიძლება იქნას გამოყენებული შინთაის სახით. რაც შეეხება ბუდიზმს, მას შემდეგ, რაც იგი იაპონიაში გავრცელდა, კამისადმი მიძღვნილი ნაგებობების არსებობა ნორმად იქცა. ბუდისტური ტაძრების არქიტექტურამ ასევე გავლენა იქონია იაპონური სალოცავების გარეგნულ სახეზეც.[3]
სალოცავის ფუნქციის მქონე ნაგებობების გაჩენასთან ერთად, შინთაის შორის გაიზარდა ხელნაკეთი საგნების რაოდენობა. იმპერიული ხელისუფლების გაძლიერებამ და ამატერასუს კულტის გავლენის გაფართოებამ განაპირობა ის, რომ პოპულარული შინთაი გახდა სარკეები. მე-17 საუკუნიდან სარკეების გამოყენება დაიწყეს იმ ტაძრებშიც კი, რომლებსაც უკვე ჰქონდათ საკუთარი შინთაი. ამ შემთხვევაში, სარკე ღვთაების სხეულის შესანახი ოთახის წინ იკიდებოდა, როგორც სიწმინდის გარეგნული სიმბოლო. მე-19 საუკუნის ბოლოდან კი ის შინთოიზმის ისეთივე სიმბოლოდ იქცა, როგორც ქრისტიანობისთვის ჯვარია. ასევე პოპულარული გახდა იმპერიული ოჯახის ორი სხვა სიმბოლო – ხმალი და იაშმის მძივები.[3]
შუა საუკუნეები და ედოს ეპოქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარსულში სალოცავების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა, მეშვიდე საუკუნიდან კი ასეთ სახელმწიფო სალოცავებს „კანსია“ ეწოდა. მეცხრე საუკუნეში განხორციელდა სალოცავების სისტემატიზაციის პირველი მცდელობა. ამ მიზნით, მათ შორის გამოიყო 16 ელიტური სალოცავი. მე-12 საუკუნეში ელიტური სალოცავების რიცხვი 22-მდე გაიზარდა და მას შემდეგ უცვლელი დარჩა.
სალოცავების შერჩევის კრიტერიუმს წარმოადგენდა შესაბამისი კამის (ღვთაების) სარგებლიანობა იმპერატორისთვის. მაგალითად, მე-11 საუკუნეში ელიტურ სალოცავთა რიცხვში შეიტანეს სუგავარა ნო მიჩიზანეს სალოცავი, რომლის სულსაც, როგორც მიიჩნეოდა, იმპერიული კარისთვის შურისძიება დაეწყო.
22 ელიტური სალოცავი, თავის მხრივ, სამ კლასად იყოფოდა:„უმაღლეს შვიდეულში“ შედიოდა სალოცავები: ისე, ივაშიმიძუ-ჰატიმან-გუ, კამო, მაცუნოო, ჰირანო, ფუშიმი ინარი-ტაიშა და კასუგა. „საშუალო შვიდეულში“ შედიოდა ტაძრები: ოჰარანო, ოომივა, ისონოკამი, ოოიამატო, ჰიროსე, ცაცუტა და სუმიოში და ბოლოს, „მცირე რვიანში“ შედიოდა ტაძრები: ჰიე, უმენომია, იოშიდა, ჰიროტა, გიონი, კიტანო, ნიუკავაკამი და კიბუნე.[4][5][6][7]
ყველა ეს 22 სალოცავი უშუალოდ იმპერატორის კარის მიერ ფინანსდებოდა, მათი სტატუსის პროპორციულად. დანარჩენი სალოცავების იერარქია და დაფინანსების განაწილება ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცა. ამ სალოცავებს შორის გამოიყოფოდა „იჩი-ნო მია“ სალოცავები, სადაც პატივს მიაგებდნენ შესაბამისი მხარის მთავარ ღვთაებას, და „სოჯა“ სალოცავი, სადაც ერთდროულად ყველა ადგილობრივ კამის ეთაყვანებოდნენ. თუმცა, მე-12 საუკუნეში ხელისუფლება სიოგუნების ხელში გადავიდა და სალოცავების სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა დაქვეითდა.
რესტავრაციის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-19 საუკუნეში, იმპერიული მმართველობის სისტემის აღდგენასთან ერთად, სალოცავების სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა აღდგა. სალოცავები დაიყო სახელმწიფო და პროვინციული თაყვანისცემის სალოცავებად. ორივე ჯგუფში გამოიყო დიდი, საშუალო და მცირე სალოცავები. გამარტივებისა და რაციონალიზაციის მიზნით, მცირე სალოცავების მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებით მიუერთდა უფრო დიდ სალოცავებს. მეორე მხრივ, სახელმწიფომ ქურუმებისთვის ხელფასის გადახდა დაიწყო.[3]
1945 წელს იაპონია ოფიციალურად გახდა სეკულარული სახელმწიფო და სალოცავების სახელმწიფო დაფინანსება შეწყდა. ამის გამო, მათი უმეტესობა შინთოისტური სალოცავების მთავარი სამმართველოს – შინთოისტური ტაძრების ასოციაციის ეგიდით გაერთიანდა.
1945 წლამდე დიდი სალოცავის წოდება მხოლოდ იძუმოს სალოცავს ჰქონდა, რომლის მთავარი ღვთაებაც სუსანოო იყო. თუმცა, 1945 წელს, სახელმწიფო კონტროლის გაქრობით ისარგებლა და იგივე ტიტული კიდევ 65-მა სალოცავმა მიითვისა. მოგვიანებით, ეს წოდება კიდევ რამდენიმე ათეულმა ძინძიამ მიიღო.[3]
სამთავრობო ანგარიშების მონაცემებით, 2015 წლისთვის იაპონიაში 85 ათასი ძინძია იყო რეგისტრირებული.[8]
ნაგებობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძრის მიწა წმინდად მიიჩნევა, ამიტომ სულიერ და ყოველდღიურ სამყაროებს შორის საზღვარი ყოველთვის რაიმე ფორმით არის აღნიშნული.[9] ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ამ მიზნით დგამენ რიტუალურ ჭიშკარს ფრთების გარეშე – ტორიის, რომლებიც შეიძლება რამდენიმე იყოს.[9][5] ტორიის გარდა, ტაძარში შეიძლება იყოს რომონის ტიპის ჭიშკარიც.[10]
ასევე, შესასვლელთან განლაგებულია ხელისა და პირის დასაბანი პავილიონი – თემიძუია[9] და მითიური მცველების – კომაინუს ქანდაკებები.[11] ეს ქანდაკებები ლომისა და ძაღლის ნარევს მოგვაგონებს. იაპონიის კუნძულებზე კომაინუს დადგმის წესი კორეადან შემოვიდა. ყველაზე ხშირად ქვის ქანდაკებები გვხვდება, მაგრამ არსებობს ბრინჯაოს, რკინის, ხისა და თიხის ვარიანტებიც. დაწყვილებული კომაინუ შეიძლება განლაგდეს როგორც ტაძრის შესასვლელთან, ასევე მისკენ მიმავალ გზაზე.[12]
დაბანის შემდეგ მორწმუნეები მიემართებიან მლოცველთა დარბაზისკენ. ჰაიდენში თაყვანს სცემენ კამის და ატარებენ გარკვეულ ცერემონიებს.[13] მის უკან შეიძლება იყოს განთავსებული შესაწირავების დარბაზი, სადაც შესვლა მხოლოდ ქურუმებს შეუძლიათ, ხოლო ამის შემდეგ დგას მთავარი სალოცავი, სადაც ინახება კამის განსახიერება – გოშინთაი.[9]
ჰონდენი ყველასთვის დაკეტილია, ქურუმები იქ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესი რიტუალების ჩასატარებლად შედიან. ჰონდენის ირგვლივ ტერიტორია შეიძლება ღია იყოს, მაგრამ, როგორც წესი, ის შემოსაზღვრულია ხის ან ქვის ღობით.[5][9][14][15]
ტაძრის შესასვლელის წინ, ისევე როგორც სხვა ადგილებში, სადაც, მიიჩნევა, რომ კამი მუდმივად იმყოფება ან შეიძლება გამოჩნდეს, გამოფენილია შიმენავა – ბრინჯის ჩალისგან დაწნული სქელი თოკები, რომლებიც ამიერ და იმიერ სამყაროებს შორის საზღვარს განასახიერებს.[16][17]
ძირითადი ნაგებობების გარდა, სატაძრო კომპლექსში შეიძლება შედიოდეს რიტუალური ცეკვების დარბაზი, ტაძრის გილდიის შეხვედრების დარბაზი, დარბაზი, სადაც ქურუმები ღვთაებებისთვის შესაწირავის გაღების შემდეგ გადიან, და საცავი შესაწირავებისა და სატაძრო ინვენტარისთვის.[16][17]
მსხვილ ტაძრებში ასევე გვხვდება ცერემონიალური სამზარეულოები, სადაც მზადდება შესაწირავი საკვები, ადმინისტრაციული შენობები, განმარტოების დარბაზი, სადაც ქურუმებს ან მორწმუნეებს შეუძლიათ განმარტოებით ილოცონ, რიტუალური განწმენდის დარბაზი , სადაც ქურუმები მნიშვნელოვანი რიტუალების წინ განმარტოვდებიან, და ქურუმების საცხოვრებელი. სალოცავის ტერიტორიაში შეიძლება შედიოდეს წმინდა მინდვრები, სადაც მოჰყავდათ ბრინჯი ღვთაებებისთვის საკვებისა და საკის მოსამზადებლად. ზოგჯერ დიდი სალოცავის ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე მცირე სალოცავი, რომლებიც მის მმართველობაშია – სესსია და მასსია. ასევე, შინთოიზმისა და ბუდიზმის ოფიციალურ განცალკევებამდე, ტაძრის ტერიტორიაზე ხშირად განთავსებული იყო ბუდისტური სალოცავი. ბუდისტური და შინთოისტური სალოცავების განცალკევების კანონის მიღების შემდეგ, ბუდისტური ტაძრები ფორმალურად განცალკევდა, მაგრამ დღესასწაულებისა და სპეციალური ღონისძიებების დროს, ძინძია და ბუდისტური ტაძარი კვლავაც მონაწილეობენ ერთობლივ ცერემონიებში. სალოცავის ტერიტორიაზე დიდი ფართობები დაფარულია თეთრი რიყის ქვით, ხრეშით ან ქვიშით.[18][5][9][19][20][21][22][23][15]
ხშირად ტაძრებში განთავსებულია უამრავი ტოროს ტიპის ფარანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cali, Joseph. Shinto Shrines: A Guide to the Sacred Sites of Japan's Ancient Religion (англ.). — Honolulu, 2013. — 328 p. — ISBN 9780824837754.
- Williams, George. Shinto (англ.). — Chelsea House Publishers, 2005. — 178 p. — ISBN 0791080978.
- Симонова Е. К.-Гудзенко, Навлицкая Г. Б. Основные святилища и их устройство // Боги, святилища, обряды Японии - энциклопедия синто / под ред. И. С. Смирнова. — Москва: изд. центр РГГУ, 2010. — (Orientalia etClassica - труды Института восточных культур). — ISBN 978-5-7281-1087-3.
- Раевский А. Е. Корни Японии. От тануки до кабуки : книга. — Москва, М. : Издательство АСТ, 2025. — 352 с. — 2000 экз. — ISBN 978-5-17-146159-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Picken, Stuart, Historical dictionary of Shinto, Lanham: Scarecrow Press, 2011. — გვ. 135, ISBN 9780810873728.
- ↑ Васильев Л. С. История религий Востока. Глава 20. Буддизм и синтоизм в Японии.
- 1 2 3 4 5 Накорчевский А. А. Япония. Синто. Глава 4. Где живут японские божества?
- ↑ The economics of ritual power // Shinto in History: Ways of the Kami, University of Hawai'i Press, 2000. — გვ. 75, ISBN 0-8248-2362-1.
- 1 2 3 4 Симонова-Гудзенко, Навлицкая 2010.
- ↑ Namiki Kazuko. (2007-03-28) Nijūnisha (The 22 Shrines). Kokugakuin University. ციტირების თარიღი: 2021-03-28
- ↑ Picken, Stuart, Essentials of Shinto: an analytical guide to principal teachings, Westport: Greenwood Press, 1994. — გვ. 400, ISBN 9780313369797.
- ↑ Корни Японии 2025.
- 1 2 3 4 5 6 Kuroda Ryūji. (2005-06-02) History and Typology of Shrine Architecture. ციტირების თარიღი: 2020-04-28
- ↑ Parent M.. (2001) roumon 楼門. ციტირების თარიღი: 2021-05-19
- ↑ An Illustrated guide to Japanese Traditional Architecture and Everyday Things, 京都: 淡交社, 2018. — გვ. 66—75, ISBN 978-4-473-04237-8.
- ↑ Симонова-Гудзенко, Навлицкая 2010, p. 74.
- ↑ Parent M.. (2001) haiden. ციტირების თარიღი: 2020-05-28
- ↑ Parent M.. (2001) tamagaki. ციტირების თარიღი: 2020-06-08
- 1 2 The Architecture of Japanese Shrines and Temples (2016-03-22). ციტირების თარიღი: 2020-11-26
- 1 2 Motosawa Masashi. Shimenawa. ციტირების თარიღი: 2020-12-17
- 1 2 Williams 2005, p. 75—76.
- ↑ Лучкова В. И., Градостроительство и архитектура древней и средневековой Японии, Хабаровск: ТОГУ, 2013, ISBN 978-5-7389-1370-9.
- ↑ Parent M.. (2001) shinsenjo. ციტირების თარიღი: 2020-06-08
- ↑ Parent M.. (2001) shamusho. ციტირების თარიღი: 2020-06-08
- ↑ Parent M.. (2001) sanrousho. ციტირების თარიღი: 2020-06-08
- ↑ Parent M.. (2001) saikan. ციტირების თარიღი: 2020-06-08
- ↑ Parent M.. (2001) jinguuji. ციტირების თარიღი: 2020-06-08