ძაღინის ქვედაციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძაღინის ქვედაციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგეგობა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ძაღინაში. აგებულია XIII-XIV სს.; XVI-XVII საუკუნეებში. ვახუშტის მიხედვით: „ძაღინას არს ციხე და სასახლე“. იოანე ბატონიშვილის აღნიშვნით, ამ ეპოქაში ძაღინაში ფალავანდიანი (ფალავანდიშვილები) ცხოვრობდნენ.

მცირე ზომის ციხე-კოშკი დგას სოფლის ცენტრში. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. ეტყობა სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენა. ციხის მეტი მდგრადობისათვის ეზო მიწით ამოუვსიათ.

ციხის თავდაპირველი ნაწილი შედგებოდა კოშკისა და ოვალურად შემოწერილი გალავნისაგან. ძეგლი 4 ქრონოლოგიური ფენისაგან შედგება. კოშკებისა და გალავნის უძველესი ნაწილი XIII-XIV სს. თარიღდება. XVI-XVII სს. გაუმაგრებიათ კოშკი და გალავანი. XVIII საუკუნეს მიეკუთვნება გალავნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. გალავანში ორი ფენაა. ძველი ფენის კედლის სისქე თითქმის ორ მეტრამდეა. პირველი ფენა ყრუ კედლებითაა წარმოდგენილი, ხოლო მეორე ფენაში სათოფურებია გაჭრილი. ციხეში შესასვლელი გაჭრილია სამხრეთ კედელში. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ნახევარწრიული კონტრფორსები აქვს.

გალავნის სამხრეთის ცენტრალურ ნაწილში ჩართულია ოთხსართულიანი, ოთხკუთხა კოშკი, რომელსაც აქვს საბრძოლო ტერასა.

კოშკის პირველი სართული ამოვსებულია მიწით.

მეორე სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია შიგნით შეისრულთაღიანი, გარეთ არქიტრავული კარი. ამავე კედელშია სათოფურებიც.

მესამე სართულზე, აღმოსავლეთით ორი სარკმელია, ჩრდილოეთით ერთი.

მეოთხე სართულს ქვის კამარა აქვს. კამარის საბრჯენი დასავლეთის თაღი უფრო მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთისა. ამავე სართულს დასავლეთიდან ერთი სარკმელი აქვს, კარი გაჭრილია აღმოსავლეთით.

სართულები ერთმანეთს ხის კიბით უკავშირდებოდა. კოშკის სამშენებლო მასალა ფლეთილი ქვაა.

ციხის სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში კოშკისმაგვარი ნაგებობა მიუდგამთ. ნაგებობის გეგმა არასწორი კონფიგურაციისა. კედლებიც სხვადასხვა სისქისაა. შესასვლელი გაჭრილია მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში.

პირველი სართული ნახევრამდე ამოვსებულია მიწით. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მცირე სარკმლებია.

მეორე სართული განათებულია აღმოსავლეთის და სამხრეთის სარკმლებით. სამხრეთი სარკმლის გვერდებზე სათოფურებია. მესამე სართულს გააჩნია ორი სათოფური და ჩრდილოეთი შესასვლელი.

მეოთხე სართულის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. დასავლეთით შემორჩენილია ორი სათოფური და ჩრდილოეთი შესასვლელი. სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია. კოშკის მეორე, მესამე და მეოთხე სართულები ხის კიბეებით უკავშირდება ციხის შიდა ეზოს.

ძაღინას ციხის არქიტექტურული სახე ლოგიკური გამოვლინებაა იმ პოლიტიკურ სოციალური და ეკონომიკური სიტუაციისა, რომელიც შექმნილია XVII საუკუნის ფეოდალურ საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004
  • იოანე ბატონიშვილი - კალმასობა 1. კ. კეკენლიძისა და ალ. ბარამიძის რედაქციით, 1935, გვ. 24.
  • ვახუშტი - აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წიგნი "ქართლის ცხოვრება",ტ. IV, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1973, გვ. 376.
  • ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. მეცნიერება, თბ., 1973.
  • ზაქარაია პ., საამილახვროსა და ზემო ქართლის სადროშოს XV-XVIII სს. ციხე-სიმაგრეები, საქ. სსრ. მეცნ. აკად. მოამბე, ტ. XX, #1, 1958.
  • რჩეულიშვილი ლ., XVII საუკუნის სასახლე ძაღინაში, ქართული ხელოვნება, #5, საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ. 1959, გვ. 221:
  • Закарая П. Некоторые вопросы крепостных сооружений Шида-Картли ХУ1-ХУШ вв. Вестник Музея Грузии. т. Х1Х-А и ХХ1-В, 1957.
  • Закарая П. Древние крепости Грузии,Тбилиси, "Мерани", 1969, стр. 168.
  • Меписашвили Р. Цинцадзе В. Памятники гражданской архитектуры. В кн. "Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида-Картли", Тбилиси, "Мецниереба", 1957.