ძაღინის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძაღინის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ძაღინაში, ძველ სასაფლაოზე აგებულია განვითარებული შუა საუკუნეებში.

კომპლექსის დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კუთხეებში და ღიობებში გამოყენებულია ნაცრისფერი თლილი ქვა. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლების დაზიანების გამო მხოლოდ დასავლეთი სარკმლის მცირე ნაწილი შეინიშნება.

ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან ჰქონდა. დასავლეთის თაღოვანია, სამხრეთისა კი დაზიანებული. მისი ფორმა არ იკითხება.

ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. მიწის დონე საგრძნობლად აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004